Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რა არის ჰეპატიტი C?

რა არის ჰეპატიტი C?

47

ჰეპატიტი C არის ვირუსი, რომელმაც შეიძლება  დააინფიციროს ღვიძლი. მკურნალობის გარეშე, ის ზოგჯერ იწვევს ღვიძლის სერიოზულ და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას, მრავალი წლის განმავლობაში.

თუმცა, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების გამოყენებით, ხშირად შესაძლებელია მისი განკურნება და ადამიანთა უმეტესობას ექება ჩვეულებრივი სიცოცხლის  ხანგრძლივობა.

C ჰეპატიტი, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 215,000  ადამიანს აქვს (მოსახლეობის 0.33%), საქართველოში კი ოფიციალური მონაცემებით 200,000-მდე ადამიანს (მოსახლეობის 4.5%, თითქმის 14-ჯერ მეტი)

C ჰეპატიტით დაინფიცირება შესაძლებელია, დაინფიცირებული ადამიანის სისხლთან, ან სხეულის სითხეებთან შეხებით.

C ჰეპატიტის სიმპტომები

შემთხვევათა უმეტესობაში, ჰეპატიტი C არ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს მანამ სანამ ღვიძლი მნიშვნელოვნად არ დაზიანდება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს ვირუსი ისე, რომ ვერც ხვდებიან ამის შესახებ.

როდესაც სიმპტომები გამოვლინდება, ისინი საკმაოდ ხშირად შეიძლება სხვა დაავადებას მიაწერონ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა კუნთების ტკივილები და სიცხე (მაღალი ტემპერატურა)
  • მადის დაკარგვას
  • მუცლის ტკივილს
  • მთელი დროის განმავლობაში დაღლილობას
  • გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას.

ერთადერთი გზა იმის გასაგებად, არის თუ არა ეს სიმპტომები C ჰეპატიტით გამოწვეული, არის C ჰეპატიტზე ტესტირება (იხილეთ ქვემოთ).

როგორ შეიძლება დაგემართოთ C ჰეპატიტი?

ჰეპატიტი C-ს ვირუსი უმეტესწილად ვრცელდება სისხლის სისხლთან კონტაქტით.

ამისი მაგალითები შეიძლება იყოს:

  • არასტერილური შპრიცების და ნემსების გაზიარება - განსაკუთრებით იმ ნემსების გაზიარება, რომლებითაც მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ინექცია
  • საპარსი სამართებლის ან კბილის ჯაგრისების გაზიარება
  • ორსული ქალიდან მის ნაყოფზე
  • დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს - თუმცა ეს ძალიან იშვიათია.

დიდ ბრიტანეთში, ამ დაავადების გავრცელების შემთხვევების უმეტესობა ხდება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებში. დადგენლია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლების ნახევარს აქვს ეს ინფექცია.

ჰეპატიტი C გავრცელებულია მსოფლიოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკა, შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია, მიზეზი სავარაუდოდ ვაქცინაციის ან სამედიცინო მკურნალობის დროს რამდენიმე ადამიანის მიერ ერთი და იგივე ნემსის გამოყენებაა.

C ჰეპატიტზე გამოკვლევა

მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ გაქვთ C პჰეპატიტის სიმპტომები, ან თუ ხართ დაინფიცირების რისკში, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა გამოხატული სიმპტომები. ინფექციის აღმოსაჩენად საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება.

იმის გამო, რომ ჰეპატიტი C არ იწვევს  გამოკვეთილ სიმპტომებს, მის აღმოსაჩენად გამოკვლევების ჩატარება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეკუთვნით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს, მაგალითად თუ იყავით ან ხართ, ინექციური წამლის მომხმარებელი.

დაუყოვნებლივი მკურნალობა იწყება ჰეპატიტი C-ს ვირუსის აღმოჩენისთანავე, რომ წარმატების მეტი შანსი იყოს.

ჰეპატიტი C-ს მკურნალობა

ჰეპატიტი C-ს მკურნალობა შესაძლებელია იმ წამლების კომბინაციით, რომლებიც აჩერებენ სხეულში ვირუსის გამრავლებას. ეს წამლები, როგორც წესი, მიიღება რამდენიმე თვის განმავლობაში.

სამკურნალოდ, ადაიმანთა უმეტესობა იღებს ორ ძირიტად წამალს, კერძოდ პეგილირებულ ინტერფერონს (ყოველკვირეული ინექცია) და რიბავირინს (კაფსულა ან აბი), თუმცა ახლო მომავალში, დიდი ალბათობით, ინტერფერონს ჩაანაცვლებს მხოლოდ აბის ფორმის ახალი წამლები.

ეს ახალი წამლები, შექმნილია მკურნალობის ეფექტურობის გასაზრდელად. ახალი წამლებია სოფოსბუვირი და დაკლატასვირი

ახალი წამლების გამოყენებით C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების 90%-ზე მეტის განკურნებაა შესაძლებელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ვირუსზე ორგანიზმი იმუნიტეტს ვერ იმუშავებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ ხელახალი დაინფიცირების რისკები.

C ჰეპატიტის გართულებები

მკურნალობის გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში, C ჰეპატიტით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს განუვითარდება ღვიძლის დანაწევრება (ციროზი). დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნორმალურად მუშაობის უნარის დაკარგვა.

ძალაინ მძიმე შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა (როდესაც ღვიძლი კარგავს მის ფუნქციას, მთლიანად ან ნაწილობრივ), ან ღვიძლის კიბო.

C ჰეპატიტის, რაც შეიძლება ადრეულ  ფაზაში მკურნალობით, შეიძლება შემცირდეს ამ გართულებების რისკები.

პრევენცია

ჰეპატიტის სხვა ფორმებისგან განსხვავებით ჰეპატიტი  C-ს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. მაგრამ არსებობს, ამ ვირუსით დაინფიცირების პრევენციის გზები, როგორიცაა:

  • არასდროს გაუზიაროთ სხვა ადამიანს თქვენი ინექციური ხელსაწყო (არა მარტო ნემსები, ასევე შპრიცები, კოვზები და ფილტრები ).
  • არ გაუზიაროთ ერთმანეთს, საპარსი სამართებლები, ან კბილის ჯაგრისები, რომლებიც შეიძლება დაბინძურებული იყოს სისხლით.

სქესობრივი კავშირით, C ჰეპატიტის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია. თუმცა, რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ სქესობრივ კავშირს თან ახლავს  სისხლდენა, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დროს, ან სქესობრივი კავშირის დროს მიკროსკოპული დაზიანებების შედეგად.

C ჰეპატიტის პრევენციისთვის, ჩვეულებრივ შემთხვევებში, როდესაც სქესობრივი ურთიერთობა აქვთ ქალსა და მამაკაცს და არიან ერთმანეთის დიდი ხნის პარტნიორები,  არ არის აუცილებელი პრეზერვატივის გამოყენება, მაგრამ აუცილებელია, ანალური სექსის დროს, ან ნებისმიერი სქესობრივი ურთიერთობის დროს ახალ პარტნიორთან.

კომენტარები 0

კომენტარის დამატება