Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ინფარქტი (გულის შეტევა)

ინფარქტი (გულის შეტევა)

177

გულის შეტევა სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება უეცრად, უმეტესად, თრომბის ჩამოყალიბების გამო ირღვევა. სისხლის ნაკლებობამ შეიძლება გულის კუნთის სერიოზული დაზიანება განაპირობოს.

გულის შეტევას მედიკოსები მიოკარდიუმის ინფარქტს (MI), ან უბრალოდ ინფარქტს უწოდებენ.

ინფარქტის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ტკივილი გულმკერდის არეში - გულმკერდში აღინიშნება მოჭერის ან მძიმე საგნით ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს ყბას, კისერს, მხრებსა და ზურგს
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ზოგადი სისუსტის შეგრძნება ან თავბრუსხვევა
  • გადაჭარბებული აღგზნებადობა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყველას არ უვითარდება მკერდის ძლიერი ტკივილი. ის შეიძლება იყოს საშუალო სიძლიერის და აერიოთ მოუნელებლობით გამოწვეულ ტკივილში.

გულის შეტევის ამოსაცნობად მნიშვნელოვანია სიმპტომების კომბინაციის იდენტიფიცირება და არა გულმკერდის ტკივილის ხარისხის განსაზღვრა.

გულის შეტევის მართვა

გულის შეტევა სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობაა. თუ ეჭვობთ, რომ ვინმეს შეტევა აქვს, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.  

თუ მოიპოვება ასპირინი და პაციენტი მის მიმართ არ არის ალერგიული, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მიეცით დაზარალებულს ერთი აბი (300მგ) ნელა ჩასაღეჭად და შემდეგ გადასაყლაპად.

ასპირინი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და გულის შეტევის რისკის შემცირებას.

მკურნალობა დამოკიდებულია შემთხვევის სიმძიმეზე და არსებობს ორი ძირითადი მეთოდი:

  • თრომბის დასაშლელად მედიკამენტების გამოყენება
  • სისხლის მიმოქცევის აღსადგენად ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.

რა იწვევს გულის შეტევას?

გულის კორონარული დაავადება გულის შეტევის ძირითადი გამომწვევი ფაქტორია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კორონარული არტერიები (გულის სისხლით მომმარაგებელი მთავარი ძარღვები) იხშობა ქოლესტერინის დეპოზიტებით/ნადებით.

შეტევამდე ნადები ირღვევა (წყდება სისხლძარღვის კედელს) და იწვევს სისხლის კოლტის წარმოქმნას. მან შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა კორონარულ არტერიებში და განაპირობოს გულის შეტევა.

გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს ზრდის:

  • მოწევა
  • ცხიმოვანი საკვები
  • დიაბეტი
  • ქოლესტერინის მაღალი დონე (high cholesterol)
  • სისხლის მაღალი წნევა
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე (obese).

გამოჯანმრთელება

გამოჯანმრთელების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გულის კუნთის დაზიანების ხარისხზე. ზოგიერთი პაციენტი შეტევიდან ორ კვირაში უბრუნდება სამსახურს. ზოგს შეიძლება გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვეც დასჭირდეს. გამოჯანმრთელების პროცესი მიმართულია:

  • განმეორებითი გულის შეტევის განვითარების რისკის შემცირებისკენ. ეს შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით, ჯანსაღად კვებით და მედიკამენტებით, როგორებიცაა სტატინები (statins) (აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას).
  • ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისაკენ, რათა შეძლოთ დაუბრუნდეთ ნორმალურ აქტივობებს (კარდიალური რეაბილიტაცია).

პაციენტთა უმეტესობა შეძლებს სამსახურში დაბრუნებას, მაგრამ დრო დამოკიდებულია მათ ჯანმრთელობაზე, გულის მდგომარეობასა და სამუშაოს ტიპზე.

ვის ემართება?

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებიდან გულის შეტევა ყველაზე ხშირი პათოლოგიაა.

მამაკაცებში გულის შეტევის განვითარების ალბათობა უფრო დიდია ვიდრე ქალებში. ბრიტანეთის გულის ფონდის შეფასებით ინგლისში გულის შეტევა ყოველწლიურად უვითარდება დაახლოებით 50,000 კაცსა და 32,000 ქალს. შემთხვევათა უმეტესობა ვლინდება 45 წელს ზევით ასაკში.

გართულებები

გულის შეტევის გართულებები შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიშიც კი. ესენია:

  • არითმია - პათოლოგიური გულისცემა, როდესაც გული იწყებს ცემას უფრო სწრაფად და სწრაფად და ბოლოს წყვეტს მუშაობას (გულის გაჩერება).
  • კარდიოგენული შოკი - ამ დროს გულის კუნთები ძლიერ დაზიანებულია და ისინი ვეღარ ახერხებენ ადეკვატურად შეკუმშვას, რათა უზრუნველყონ სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში.
  • გულის გახეთქვა - ამ დროს გულის კუნთები, კედლები და სარქვლების მთლიანობა ირღვევა (პერფორაცია).

ეს გართულებები შეტევის შემდეგ მალევე შეიძლება გამოვლინდეს და ისინი სიკვდილის ძირითადი მიზეზებია.

გყლის შეტევის გართულებებით მრავალი ადამიანი კვდება საავადმყოფომდე მიღწევამდე.

პროგნოზი

გულის შეტევის გამოსავალი სხვადასხვა პაციენტში განსხვავებულია და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • ასაკზე - რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო დიდია სერიოზული გართულებების განვითარების შანსი
  • გულის შეტევის ხარისხზე - თუ რამდენად დაზიანდა გულის კუნთი შეტევის დროს
  • შეტევის დაწყებიდან მკურნალობის მიღებამდე გასულ დროზე - რაც უფრო დიდ ხანს გაჩერდება პაციენტი მკურნალობის გარეშე, მით უფრო სახიფათო იქნება გამოსავალი.

ზოგადად, გულის შეტევის შემთხვევათა ერთი მესამედი მთავრდება სიკვდილით. სიკვდილი, ხშირად, საავადმყოფოში მისვლამდე დგება ან გულის შეტევის გადატანიდან პირველ 28 დღეში.

თუ პაციენტმა კეთილსაიმედოდ გადაიტანა პირველი 28 დღე, გამოსავალიც უმჯობესდება და ადამიანთა უმეტესობა აგრძელებს ცხოვრებას.

გულის შეტევის განვითარების რისკის შემცირება

არსებობს ხუთი ძირითადი საფეხური, რომლებიც დაგეხმარებათ გულის შეტევის (ან განმეორებითი შეტევის) განვითარების რისკის შესამცირებლად. ესენია:

  • მწეველებისთვის მოწევის შეწყვეტა (quit smoking).
  • ჭარბი წონის ან მსუქანი ადამიანებისთვის წონის დაკლება
  • რეგულარული ვარჯიში - ზრდასრული ადამიანი უნდა ასრულებდეს ზომიერად ინტენსიურ აერობიკულ აქტივობებს (moderate-intensity aerobic activity) კვირაში მინიმუმ 150 წუთი (2 სთ. და 30 წთ.), თუ მკურნალმა ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ
  • ნაკლებად ცხიმიანი, უჯრედისით მდიდარი დიეტა, რაც მოიცავს მარცვლეულს და ხილსა და ბოსტნეულს (დღეში მინიმუმ 5 პორცია)
  • ალკოჰოლის მოხმარების დარეგულირება - წაიკითხეთ სრულად ალკოჰოლის ერთეულებზე.

კომენტარის დამატება