Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰერპესი

ჰერპესი

54

ჰერპესის გამონაყარი პატარა ბუშტუკებია, რომლებიც ტუჩებზე ან პირის გარშემო წარმოიქმნება. ბუშტუკების წარმოქმნას მარტივი  ჰერპესის ვირუსი იწვევს და ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა 7-10 დღის განმავლობაში, მკურნალობის გარეშე, თავისით ლაგდება.

მარიტივი ჰერპესით პირველად  ინფიცირების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება არ განვითარდეს და ბუშტუკების ძეიძლება მოგვიანებით გამოჩნდეს.

ხშირად ჰერპესული გამონაყარი პირის გარშემო ჩხვლეტის, ქავილის ან წვის შეგრძნებით იწყება. ამის შემდეგ პატარა, სითხით სავსე მტკივნეული ადგილი ჩნდება, რომელიც ყველაზე ხშირად ქვედა ტუჩის კიდეში ლოკალიზდება.

იხილეთ მეტი ჰერპესული გამონაყარის სიმპტომების შესახებ შემდეგ განყოფილებაში.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ ადრე უკვე გქონდათ ჰერპესული გამონაყარი, მაშინ მისი ხელმეორედ განვითარების შემთხვევაში უკვე გეცოდინებათ რას წარმოადგენენ ისინი.

ამ შემთხვევაში ექიმთან მიმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გამონაყარი ჰერპესითაა გამოწვეული, ან თუ ის მძიმე ფორმაში გამოვლინდა და ვრცელდება სხვა ადგილებშიც. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ჰერპესული გამონაყარი არ გაქრა 7-10 დღის განმავლობაში.

რა იწვევს ამ გამონაყარს?

ჰერპესულ გამონაყარს იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც ცნობილია, როგორცHSV-1. იშვიათად ეს გამონაყარი შესაძლოა მარტივი ჰერპესის მეორე სახეობის ვირუსმაც გამოიწვიოს, რომელსაც HSV-2 ეწოდება. ეს შეიძლება გენიტალური ჰერპესის მქონე ადამიანთან ორალური სექსის შედეგად განვითარდეს.

გაიგეთ მეტი ჰერპესული გამონაყარის მიზეზების შესახებ.

მარტივი ჰერპესის ვირუსი

მარტივი ჰერპესის ვირუსი ძალიან ინფექციური (გადამდები) და ადამიანებს შორის ახლო პირდაპირი კონტაქტით ადვილად გავრცელებადი ვირუსია.

ინფიცირების შემდეგ ეს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ინერტული (არააქტიური) რჩება. თუმცა, ხშირად გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორების მოქმედებით ვირუსი აქტივაციას განიცდის და ჰერპესულ გამონაყარს წარმოქმნის. ვირუსის გამამწვავებელი ფაქტორები ადამიანებს შორის განსხვავებულია, მათ შორისაა მზის სხივების ზემოქმედება, დაღლილობა, გამოვლენის ადგილის დაზიანება და ქალებში ყოველთვიური მენსტრუალური ციკლი (period).

ზოგიერთ ადამიანს ჰერპესული გამონაყარი ხშირად უმეორდება (წლის განმავლობაში 2-3-ჯერ), სხვებს კი ეს პათოლოგია მხოლოდ ერთხელ, რეციდივის გარეშე ემართებათ. ზოგ შემთხვევაში ადამიანს ჰერპესული გამონაყარი არასდროს ემართება, რადგან ვირუსი მათში არასდროს აქტიურდება.

ჰერპესული გამონაყარის მკურნალობა

ჩვეულებრივ გამონაყარი მკურნალობის გარეშე, 7-10 დღეში, თავისით ქრება.

თუმცა, მის სამკურნალოდ შეგიძლიათ აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული ანტივირუსული მალამოები გამოიყენოთ. მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში სიმპტომები შემსუბუქდება და შეხორცებისთვის საჭირო დროც შემცირდება.

ეფექტურობისთვის მკურნალობა გამონაყარის პირველიმე ნიშნებიდან უნდა დაიწყოთ (როცა პირის გარშემო ჩხვლეტას, ქავილს ან წვას იგრძნობთ).

საწყისი ეტაპის შემდეგ ანტივირუსული მალამოს გამოყენება დიდ ეფექტს უკვე აღარ იძლევა.

კანის ჭრილობების სამკურნალო ეფექტური მკურნალობა ჰიდროკოლოიდის გელის შემცველი დასაკრობებია. დასაკრობს გამონაყარზე ათავსებენ და მის შეხორცებამდე ტოვებენ.

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ანტივირუსული აბებიც გამოგიწერონ.

გაიგეთ მეტი ჰერპესული გამონაყარის მკურნალობის შესახებ.

გართულებები

ჩვეულებრივ, ჰერპესული გამონაყარიმსუბუქი პათოლოგიაა, მაგრამ იშვიათად შესაძლოა გართულებებიც გამოიწვიოს. გართულებების რისკის ქვეშ განსაკუთრებით არიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, მაგალითად ავადმყოფობის ან ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად.

თუ სითხეების მიღება მტკივნეულია, ამან ხანდახან შესაძლოა გაუწყლოება/დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. დეჰიდრატაციის რისკი ბავშვებში განსაკუთრებით მაღალია.

მარტივი ჰერპესის ვირუსი შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს. ამ მოვლენას მეორადი ინფექცია ეწოდება. ეს შესაძლებელია მოხდეს მაგალითად:

  • კანის ინფექციების დროს - ეს ხშირად ხდება, თუ ვირუსი მოხვდება დაზიანებულ (გაკაწრულ ან გაჭრილ კანზე), ან კანის მდგომარეობების დროს, როგორიცაა ეგზემა
  • ჰერპეტული კერატოკონიუნქტივიტი - ეს იწვევს შეშუპებას და გაღიზიანებას (ანთებას) თვალის მიდამოებში და თვალის გუგებში მტკივნეული ადგილების გაჩენას.

მკურნალობის გარეშე ჰერპეტულმა კონიუნქტივიტმა შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას (თვალის გამჭვირვალე ფენა, რომელიც თვალის წინა ნაწილშია განლაგებული) დაინფიცირება, რომელმაც ზოგჯერ შეიძლება გამიოწვიოს სიბრმავე.

ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუხორცებელი ჰერპესული გამონაყარის დროს საერთოდ არ შეეხოთ თვალს. თუ მაინც გჭირდებათ თვალთან შეხება, მაგალითად კონტაქტური ლინზის მოცილების დროს, წინასწარ აუცილებლად საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ჰერპესული ვირუსის ტვინში გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალიტი - მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ტვინის ანთება და შეშუპება. ამ მდგომარეობის განკურნება შესაძლებელია ანტივირუსული წამლების (როგორიცაა აციკლოვირი ინტრავენური ინექციით.

ინფექციის პრევენცია

მარტივი ჰერპესით ინფექციის ან ჰერპესული გამოანაყარის პრევენცია შეუძლებელია. მაგრამ მისი გავრცელების მინიმიზირება შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით.

ჰერპესული გამონაყარი ყველაზე გადამდები მაშინაა, როცა სკდება, მაგრამ რჩება გადამდებად წყლულის საბოლოო შეხორცებამდე და გაქრობამდე. ამის გამო, გამონაყარის შეხორცებამდე და მათ სრულად გაქრობამდე სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტს უნდა მოერიდოთ. თუმცა ამ გამონაყარის გამო არ არის აუცილებელი სამსახურის ან სკოლის გაცდენა (თუ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს), აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება.

თუ შეუხორცებელი გამონაყარი გაქვთ, განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, რადგან ისინი ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.

ჰერპესული გამონაყარის გავრცელების და მისი ხელმეორედ განმეორების რისკის შემცირება შესაძლებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

  • არ შეეხოთ გამონაყარს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ისვამთ სამკურნალო კრემს - კრემი ნაზად უნდა მიეცხოს გამონაყარს და არავითარ შემთხვევაში არ შეიზილოთ, რადგან შეზელვამ შეიძლება დამატებით დააზიანოს კანი
  • გამონაყართან შეხების, ან კრემის წასმის შემდეგ, აუცილებლად ყოველთვის დაიბანეთ ხელები
  • არ გაუზიაროთ თქვენი სამკურნალო კრემი ან გელი სხვა ადამიანს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება
  • არ გაუზიაროთ სხვებს თქვენი პირადი მოხმარების ნივთები, რომლებიც შეიძლება შეხებოდა გამონაყარს, მაგალითად ტუჩსაცხი (პომადა) ან საპარსი
  • მოერიდეთ კოცნას და ორალურ სექსს გამონაყარის საბოლოოდ გაქრობამდე
  • განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ახალშობილ ბავშვებთან, ორსულ ქალებთან და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან (მაგალითად აივ ინფექციის მქონე ან ქიმიოთერაპიით მკურნალობის მქონე ადამიანებთან)  ურთიერთობისას
  • თუ იცით რა იწვევს გამონაყარის პროვოცირებას, ეცადეთ მოერიდოთ ამ ფაქტორებს - მაგალითად თუ გამონაყარს ააქტიურებს მზის სხივები, მზეზე გასვლის წინ წაისვით მზისგან დამცავი კრემი (SFP15 ან უფრო მაღალი დაცვის მქონე).

კომენტარები 0

კომენტარის დამატება