Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კლოსტრიდიუმ დიფიცილე (C. difficile)

კლოსტრიდიუმ დიფიცილე (C. difficile)

315

კლოსტრიდიუმ დიფიცილე (C. difficile) ბაქტერიაა, რომელიც აინფიცირებს ნაწლავებს და იწვევს დიარეას.

ის ხშირად იმ ადამიანებს აზიანებს, ვინც ანტიბიოტიკებს ღებულობდა, მაგრამ შეიძლება ადვილად გადაედოს სხვებსაც.

ეს ინფექცია ძალიან არასასიამოვნოა და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის სერიოზული პრობლემები, მაგრამ მისი განკურნება ძირითადად შესაძლებელია ანტიბიოტიკების სხვა კურსით.

სიმპტომები

C. difficile-ს ინფექციია ძირითადად ვითარდება ანტიბიოტიკების კურსის დროს, ან მისი დამთავრების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • წყლიანი დიარეა (ძალიან თხელი ფაღარათი), რომელიც შეიძლება იყოს სისხლიანი
  • მუცლის სპაზმები ტკივილით
  • გულისრევის შეგრძნება
  • დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორიცაა პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილები და ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლები შარდვა
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38C-ზე მეტი
  • მადის დაკარგვა და წონის დაკლება.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული გართულებებიც განვითარდეს, როგორიცაა ნაწლავის დაზიანება ან მძიმე დეჰიდრატაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოთენთილობა, დაბნეულობა, გახშირებული გულისცემა და გონების დაკარგვაც.

ვინ არის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ?

კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული ინფექციის განვითარების ყველაზე დიდი რისკი აქვთ ადამიანებს:

  • ვინც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს (ანტიბიოტიკები, რომლებიც ყველა ტიპის ბაქტერიას ებრძვიან) იღებდა, ან ერთდროულად იღებდა რამდენიმე სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკებს, ან ანტიბიოტიკებს იღებდა დიდი ხნის განმავლობაში
  • ვისაც საავადმყოფოში დიდხანს მოუწია დარჩენა
  • 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს
  • ვისაც მძიმე თანმხლები დაავადება აქვს, როგორებიცაა მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადება, კიბო, ან თირკმლის დაავადება
  • ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა დაავადების ან მკურნალობის გამო, როგორიცაა დიაბეტი ან გადის ქიმიოთერაპიის (chemotherapy) ან სტეროიდული წამლების კურსს
  • ვინც იღებს წამლებს, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ეწოდება, რომ შეამცირონ კუჭის სიმჟავე
  • ვისაც გაკეთებული აქვს ოპერაცია მომნელებლ სისტემაზე.

ადრე, ინფექცია უმეტესწილად იმ ადამიანეს ემართებოდათ, ვინც ანტიბიოტიკებს იღებდა და ერთმანეთთან ახლო კონტაქტში იყვნენ ისეთ ადგილას, როგორიც საავადმყოფოა.

თუმცა, სანიტარული წესების დაცვამ და კონტროლმა საგრძნობლად შეამცირა ინფექციების რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებებში. ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად სხვადასხვა ხერხი არსებობს.

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას?

დიარეა ანტიბიოტიკების ხშირი გვერდით ეფექტია. ანტიბიოტიკების მიღებისას განვითარებული დიარეა არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად C. difficile-თია გამოწვეული.

ინფექცია ძალიან გადამდებია და ამ ინფექციის დროს ექიმთან მისვლით, ეს ინფექცია შეიძლება სხვებსაც გადავდოთ, ამიტომ თუ გჭირდებათ რჩევა, უმჯობესი იქნება თუ ექიმს თავიდან ტელეფონით დაუკავშირდებით.

დაუკავშირდით ექიმს, თუ:

  • ანტიბიოტიკების კურსის დამთავრების შემდეგ გაქვთ ხანგძლივი დიარეა
  • გაქვთ სისხლიანი დიარეა
  • დიარეასთან ერტად გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გახშირებული გულისცემა ან გონების დაკარგვა
  • გაქვთ ძლიერი დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორებიცაა დაბნეულობა, მოთენთილობა, გამოყოფთ მცირე რაოდენობის შარდს, ან საერთოდ არ შარდავთ.

ექიმმა შეიძება მოგთხოვოთ განავლის ნიმუშის ლაბორატორიაში გაგზავნა, რომ შემოწმდეს არის თუ არა დიარეა გამოწვეული ამ ინფექციით. ასევე შეიძლება დაინიშნოს სისხლის ანალიზი, რომ დადგინდეს ინფექციის სიძლიერე და ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზები და სკანირებები, რომ გამოირიცხოს ნაწლავის დაზიანება.

მკურნალობა

მსუბუქი C. difficile-ს ინფექციის დროს მკურნალობა სახლის პირბებშიც შესაძლებელია. საავადმყოფოში ყოფნის შემთხვევაში, შეიძლება გადაგიყვანონ ცალკე პალატაში, რომ თავიდან აიცილონ ინფექციის სხვებზე გადადება.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • იმ ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტას, რომლებზეც მოიაზრებენ, რომ შეეძლო გამოეწვია ინფექცია
  • იმ ანტიბიოტიკების 10-14 დღიანი კურსის დანიშვნა, რომლებიც ცნობილია, რომ კლავს C. difficile-ს ბაქტერიას
  • იშვიათად, ძლიერი ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია, რომ ამოკვეთონ ნაწლავის დაზიანებული ნაწილი.

ინფექცია მკურნალობას ძირითადად კარგად ექვემდებარება და ადამიანთა უმრავლესობა ერთ ან ორ კვირაში სრულიად გამოჯანმრთელდება. თუმცა, ხუთიდან ერთ ადამიანში სიმპტომები ბრუნდება და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის განმეორება.

საკუთარ თავზე ზრუნვა სახლის პირობებში

თუ ინფიცირებული ადამიანი თავს საკმაოდ კარგად გრძნობს იმისთვის, რომ სახლის პირობებში გაუმკლავდეს ინფექციას, შემდეგი რჩევების გათვალისწინებით შეძლებს სიმპტომების შემსუბუქებას და დაავადების სხვაზე გადადების პრევენციას:

  • გამოწერილი ანტიბიოტიკების მიღება აუცილებელია ბოლომდე, თუნდაც კურსის დამთავრებამდე, თავი უკეთ იგრძნოთ
  • დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და მიირთვით სუფები, ბრინჯი, პასტა და პური, როდესაც მოგშივდებათ
  • მუცლის ტკივილის და სიცხის შესამსუბუქებლად დალიეთ პარაცეტამოლი
  • არ დალიოთ დიარეის საწინააღმდეგო წამალი, რადგან ამ შემთხვევაში ინფექცია ვერ გამოვა ორგანიზმიდან დროულად
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ დაბინძურებული ზედაპირები, ნივთები ან ზეწრები და პირადი მოხმარების ნივთები
  • დიარეის ბოლო ეპიზოდის გასვლიდან 48 საათის განმავლობაში დარჩით სახლში.

დაუკავშირდით ექიმს, თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ სიმპტომები დაბრუნდა.

როგორ შეიძლება დაგვემართოს C. difficile?

Clostridium difficile ბაქტერია გვხვდება ჯანმრთელი ადამიანების 3-4%-ის მომნელებელ სისტემაში. ხშირად ბაქტერია არ იწვევს სიმპტომებს, რადგან ნაწლავში არსებული სხვა ნორმალური ბაქტერიები აკონტროლებენ მის გამრავლებას.

თუმცა, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა შეიძლება დაარღვიოს ნაწლავში არსებული ბაქტერიების ბუნებრივი ბალანსი. ამ შემთხვევაში, C. difficile-ს ბაქტერია მრავლდება და წარმოქმნის ტოქსინებს (შხამებს), რომლებიც იწვევს ავადმყოფობას.

როდესაც ეს ხდება, ინფექცია უკვე შეიძლება ადვილად გადაედოს სხვა ადამიანებს, რადგან ბაქტერიები ორგანიზმიდან გამოდის დიარეის საშუალებით.

ორგანიზმის დატოვების შემდეგ, ბაქტერიები წარმოქმნიან სპორებს (უჯრედის უფრო გამძლე ფორმას), რომლებიც უფრო დიდხანს ცოცხლობენ ადამიანის ხელებზე, რაიმე საგნის ზედაპირებზე (მაგალითად ტუალეტის უნიტაზზე ან აქსესუარებზე, ხელსაბანზე, ონკანზე და ა.შ.), ნივთებზე (ტელეფონზე, კომპიუტერის კლავიატურაზე, დისტანციური მართვის პულტზე და ა.შ.) და ტანსაცმელზეც კი, სანამ ეს ნივთები საფუძვლიანად არ გაიწმინდება. ასეთ შემთხვევაში სხვა ადამიანის დაინფიცირება ადვილად მოხდება, თუ მაგალით ვინმე შეეხება დაბინძურებულ ნივთს და შემდეგ ხელს მოისვამს პირთან.

პრევენცია

Clostridium difficile-ს ბაქტერია ადვილად ვრცელდება.

ინფექციის თავიდან აცილება და ასევე მათი სხვებზე გადადების პრევენცია შესაძლებელია ჰიგიენის კარგი ნორმების დაცვით, როგორც სახლში, ასევე გარეთაც.

შემდეგი რცევები დაგეხმარებათ დაავადების გავრცელების რისკების შემცირებაში:

  • სიმპტომების გავლის შემდეგ სულ მცირე 48 საათის განმავლობაში დარჩით სახლში
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, განსაკუთრებით ტუალეტიდან გამოსვლისას და ჭამის წინ; ჩველებრივი საპონის ნაცვლად გამოიყენეთ თხევადი საპონი და არ გამოიყენოთ პირსახოცები ან ფრჩხილის ჯაგრისები
  • გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირები, როგორებიცაა ტუალეტი, უნიტაზის ჩასარეცხი ბერკეტი, ნათურის ჩამრთველი ღილაკები და კარის სახელურები
  • არ გაუზიაროთ პირსახოცები და ხელსახოცები ოჯახის წევრებს
  • დაბინძურებული ტანსაცმელები არ გარეცხოთ სხვა ტანსაცმელთან ერთად და გარეცხეთ ისინი შეძლებისდაგვარად მაღალ ტემპერატურაზე
  • დეზინფექციისთვის არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი გელები, რადგან ისინი არ არის ეფექტური C. difficile-ს წინააღმდეგ
  • არ მიხვიდეთ საავადმყოფოში ვინმეს მოსანახულებლად, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგიძლიათ შეზღუდოთ მიკრობების გამრავლება.

კომენტარის დამატება