Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლიპომა

ლიპომა

239

ლიპომა არის რბილი, ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც იზრდება კანქვეშ. იგი არის უმტკივნეულო და არ საჭიროებს მკურნალობას, თუ არის მცირე ზომის და არ იწვევს ტკივილს.

ლიპომა არ არის სიმსივნური (კეთილთვისებიანია) და გამოწვეულია ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით. ლიპომა სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს სადაც გვხვდება ცხიმოვანი უჯრედები, მაგრამ ძირითადად ვითარდება:

  • მხრებზე
  • კისერზე
  • მკერდზე
  • მკლავებზე
  • ზურგზე
  • დუნდულებზე
  • ბარძაყებზე.

ლიპომა რბილი და ცომის მსგავსი შეგრძნებისაა შეხებისას და ძირითადად რამდეინმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისაა. ახასიათებს ძალიან ნელი ზრდა და ძირითადად არ იწვევს რაიმე სახის პრობლემას.

იშვიათად ლიპომა შეიძლება განვითარდეს სხეულის სიღრმეში და ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდება მისი დანახვა ან შეგრძნება.

ვის ემართება ლიპომა?

ლიპომა საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა და 100 დან დაახლოებით 1 ადამიანს უვითარდება. მრავლობითი ლიპომის განვითარება უჩვეულოა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადამიანს აქვს იშვიათი მემკვიდრეული მდგომარეობა, რომელსაც “ოჯახური მრავლობითი ლიპომატოზი” ეწოდება და რომლის დროს ლიპომა მთელ სხეულზეა გავრცელებული.

როდის მივაკითხოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხეულზე გამონაზარდს ან შეშუპებას. ექიმი შემოწმებისას შეძლებს დაადგინოს არის თუ არა ეს ლიპომა.

ლიპომაზე შეხებისას იგრძნობა, რომ არის გლუვი და რბილი, ის კანის ქვეშ შეიძლება მოძრაობდეს.

თუ ექიმი იეჭვებს ლიპომის გარდა სხვა დაავადებაზე, მან შეიძლება გირჩიოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია, ან ამ წამონაზარდის ქირურგიული გზით მოშორება. ექიმმა ასევე შეიძლება მიგმართოთ სპეციალისტთან, თუ ეს წანაზარდი არ არის უვნებელი ლიპომის მსგავსი.

თქვენ ასევე აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს თუ ეს გროვა:

  • იზრდება ზომაში
  • არის მტკივნეული
  • არის გამაგრებული
  • მოშორების შემდეგ თავიდან იზრდება.

ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა გამორიცხოს გამონაზარდის სხვა სახეობა, როგორიცაა სარკომა (ძალიან იშვიათი სახეობის რბილი ქსოვილის კიბო).

ლიპომას მოშორება

ლიპომას მოშორება ჩვეულებრივ არ არის საჭირო, თუ ის არ იწვევს რაიმე პრობლემას, როგორიცაა ტკივილი, ან თუ არ არის ეჭვი, რომ ის შეიძლება არ იყოს ლიპომა.

თუმცა ადამიანმა ლიპომას მოშორება შეიძლება ისურვოს, თუ ის არის დიდი ზომის, ან არის ხილულ ადგილას და არ მოსწონს შესახედაობა.

მცირე ზომის ლიპომას მოშორება ხდება ადგილობრივი ანესთეზიით გაყუჩებით, რის შემდეგაც ექიმი გაკვეთავს კანს და ამოიღებს ლიპომას. კანის შეხორცების შემდეც კანზე დარჩება ნაიარევი.

ლიპომა თუ კისტა?

კისტა არის კანის ქვეშ განვითარებული მცირე ზომის პარკუჭი, რომელიც სავსეა სითხით და შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ლიპომა. მათი განსხვავება შესაძლებელია შემდეგნაირად:

  • კისტა უფრო ახლოსაა კანის ზედაპირთან, ლიპომა კი უფრო ღრმად ვითარდება
  • კისტა ხელით შეხებისას უფრო მაგარია, ლიპომა კი რბილი, მოძრავი და ცომის მსგავსი ტექსტურის
  • ზოგიერთი სახეობის კისტის დროს კანი შეიძლება გახდეს ანთებითი (წითელი და შეშუპებული), მაგრამ ეს არ ხდება ლიპომას დროს.

ულტრაბგერითი გამოკვლევით ადვილად ხდება მათი გარჩევა. თუ ლიპომა გოლფის ბურთზე (5სმ-ზე) დიდია და მტკივნეულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაიკეთეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, ან მიმართეთ სპეციალისტს.

კომენტარის დამატება