Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლეიკოპლაკია

ლეიკოპლაკია

231

ლეიკოპლაკია არის თეთრი ლაქა, რომელიც წარმოიქმნება პირში.

ეს დაავადება ძირითადად უმტკივნეულოა, მაგრამ აქვს ახლო კავშირი პირის ღრუს სიმსივნის გაზრდილი რისკის არსებობასთან (mouth cancer).

თეთრი ლაქა შეიძლება წარმოიქმნას:

  • ტუჩებზე
  • პირის ღრუს ქვედა ან ზედა მხარეზე (სასაზე)
  • ლოყის შიდა მხარეს
  • ღრძილებზე
  • ენაზე.

აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან, თუ შეამჩნევთ პირის ღრუში თეთრ ლაქას, რომელიც არ გაქრება 14 დღის განმავლობაში.

პირის ღრუში თეთრ ლაქას მხოლოდ ლეიკოპლაკია არ იწვევს, ამიტომ საჭიროა მისი გამომწევი მიზეზის დადგენა.ლეიკოპლაკიის დასადგენად სპეციალური ტესტი არ არსებობს, ამიტომ ექიმები დიაგნოზს სვამენ სხვა მდგომარეობების გამორიცხვის მეთოდით. შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიის გაკეთებაც, რაც მოიცავს ლაქის ქსოვილის მცირე ნიმუშის აღებას და ლაბორატორიაში გაგზავნას, იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ლაქა სიმსივნური წარმოშობის.

რა იწვევს ლეიკოპლაკიას?

ლეიკოპლაკიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მიიჩნევენ, რომ გარკვეული ფაქტორები ზრდის მისი ჩამოყალიბების რისკს. ორი მთავარი ფაქტორია თამბაქოს მოხმარება (მოწევა ან თამბაქოს დაღეჭვა) და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ნივთიერებები აღიზიანებს პირის ღრუში არსებულ ლორწოვან მემბრანებს.

ლეიკოპლაკია ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტომატიტის ხშირმა ინფექციებმაც. ეს ცნობილია, როგორც სტომატიტური ლეიკოპლაკია.

სხვა მიზეზებია:

  • ხახუნით გამოწვეული კერატოზი, ე.წ ფრიქციული კერატოზი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კბილების არასწორი განლაგებით, ცუდად მორგებული ხელოვნური კბილ(ებ)ი ან ხშირი კბენა ლოყაზე
  • ორალური ბრტყელი ლიქენი, იგივე ბრტყელი სირსველი - არა-ინფექციური ტიპის გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება პირის ღრუში
  • სტომატიტი - პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია
  • A ან B ვიტამინის ნაკლებობა

ლეიკოპლაკიის მკურნალობა

ლეიკოპლაკია ძირითადად არ იწვევს სიმპტომებს და დაავადება არ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, თუმცა აუცილებელია მისი გამოკვლევა.

სიგარეტის მოწევის ან თამბაქოს დაღეჭვის შეწყვეტა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება შეიძლება დაეხმაროს პირის ღრუში თეთრი ლაქების მოშორებაში და პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკების შემცირებაში.

თუ მიიჩნევა, რომ პაციენტს აქვს პირის ღრუს სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი, ლეიკოპლაკიის მოშორება შესაძლებელია ქირურგიული გზით გადაწყდეს, რომ ეს ანომალიური უჯრედები მომავალში არ გარდაიქმნას სიმსივნურად.

მკურნალობის მეთოდის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, სტომატოლოგის მიერ, პირის ღრუს რეგულარულად შემოწმება, რომ დადგინდეს პროგრესირებს თუ არა ეს მდგომარეობა.

ლეიკოპლაკიის თავიდან არიდება

ლეიკოპლაკიის თავიდან არიდება ყოველთვის არაა შესაძლებელი, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არაა ცნობილი. ასეთი მდგომარეობა, ცნობილია, როგორც იდიოპათური ლეიკოპლაკია.

მისი თავიდან არიდების საუკეთესო გზა მოწევის შეწყვეტა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაა.

ხილითა და ბოსტნეულებით კვებამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ ლეიკოპლაკია და პირის ღრუს სიმსივნე.

ვის ემართება ლეიკოპლაკია?

ლეიკოპლაკია არის ხშირი მდგომარეობა. შეფასებულია, რომ საშუალოდ, 100 დან 1 ადამიანს აწუხებს ეს მდგომარეობა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ლეიკოპლაკიის შემთხვევები უფრო ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია საღეჭი თამბაქოს მოხმარება, როგორიცაა ინდოეთი და ტაივანი.

ქალებთან შედარებით, კაცებს ლეიკოპლაკიის განვითარების ორჯერ მეტი შანსი აქვთ და უმეტესი შემთხვევა ემართებათ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

თმიანი ლეიკოპლაკია

თმიანი ლეიკოპლაკია, წარმოადგენს ლეიკოპლაკიის ტიპს, რომელიც ემართებათ შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ინფიცირებულებს.

ის თითქმის ყოველთვის ჩნდება ენის ერთ ან ორივე მხარეს და არ იწვევს ტკივილს ან ცვლილებას გემოს აღქმაზე. ის ჩვეულებრივ ქრება იმუნური სისტემის გაუმჯობესებისას.

თმიანი ლეიკოპლაკია ჩვეულებრივ გამოწვეულია ეფშტაინ-ბარის ვირუსით (Epstein-Barr virus), თუმცა ანტივირუსული წამლები იშვიათად მოქმედებს. ლეიკოპლაკიის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, თმიანი ლეიკოპლაკია არ ზრდის პირის ღრუს სიმსივნის განვითარების რისკს. თუმცა, ეს არის მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ იმუნური სისტემა შეიძლება იყოს დაქვეითებული, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ თმიანი ლეიკოპლაკია

კომენტარის დამატება