Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის აუტანლობა

143

ლაქტოზის აუტანლობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ხშირი პრობლემაა, რომლის დროსაც ორგანიზმს შაქრის ერთ-ერთი ტიპის - ლაქტოზის მონელება არ შეუძლია. ლაქტოზა ძირითადად რძესა და რძის პროდუქტებში გვხვდება.

ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომებია:

  • გაზები
  • დიარეა
  • შებერილი მუცელი
  • მუცლის სპაზმები და ტკივილი
  • მუცლის ბუყბუყი
  • გულისრევის შეგრძნება.

სიმპტომების სიძლიერე და მათი გამოვლენის დრო დამოკიდებულია მიღებული ლაქტოზის რაოდენობაზე. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია მცირე რაოდენობის რძის მიღება სიმპტომების გამოჩენის გარეშე, სხვებს კი რძის მცირე რაოდენობაც კი უვითარებს პრობლემებს.

როდის მივმართოთ ექიმს

ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები სხვა დაავადებებს შეიძლება ჰგავდეს, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ან რძის ცილის აუტანლობა (ძროხის რძეში შემავალი ცილის მიმართ რეაქცია, რომელიც განსხვავდება რძის ალერგიისგან). ამიტომ კვებითი რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღებამდე საჭიროა, რომ ექიმმა სწორი დიაგნოზი დასვას.

თუ ექიმი ეჭვობს, რომ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ, ის გირჩევთ, რომ ორი კვირის განმავლობაში არ მიიღოთ რძის პროდუქტები  და დააკვირდეთ გაუმჯობესდება, თუ არა თქვენი მდგომარეობა.

რა იწვევს ლაქტოზის აუტანლობას

ორგანიზმი ლაქტოზას ინელებს ნივთიერების საშუალებით, რომელსაც ლაქტაზა ეწოდება. ეს ნივთიერება ლაქტოზას შლის შაქრის ორ სახეობად, რომლებსაც გლუკოზა და გალაქტოზა ეწოდება, რომლებიც შემდგომ უკვე ადვილად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში.

ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, ორგანიზმში ლაქტაზას სათანადო რაოდენობა არ წარმოიქმნება და ნაწლავში დარჩენილ ლაქტოზას ბაქტერიები აფერმენტებენ, რაც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. შესაბამისად ვითარდება ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული სიმპტომები.

იმის მიხედვით, თუ რა არის ლაქტაზის ნაკლებობის მიზეზი, ლაქტოზის აუტანლობა შესაძლოა მუდმივი ან დროებითი იყოს. მოზრდილობის ასაკში განვითარებული შემთხვევების უმრავლესობა გამოწვეულია გენეტიკური მემკვიდრეობით და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. მაგრამ, ახალგაზრდებში გამოწვეული ეს მდგომარეობა ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციითაა განპირობებული და შეიძლება მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

ლაქტოზის აუტანლობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მრავალი შემთხვევა ვითარდება 20-40 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება დაიწყოს ჩვილებშიც კი.

არის თუ არა ეს ალერგია

ლაქტოზის აუტანლობა არ არის იგივე რაც რძის ან რძის პროდუქტების მიმართ ალერგია. საკვებზე ალერგია გამოწვეულია საკვების მიმართ იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციით, რომელიც იწვევს გამონაყარს, ქავილს და სტვენის მსგავს ან ხმაურიან სუნთქვას.

თუ ხართ რამეზე ალერგიული, ძალიან პატარა ნაწილაკსაც კი შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს კი ლაქტოზის მცირე რაოდენობით მიღება შეუძლიათ ისე, რომ სიმპტომები არ განუვითარდეთ (თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია).

ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა

ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა ლაქტოზის შემცველი საკვების და სასმელის მიღების შეწყვეტით ძირითადად შესაძლებელია სიმპტომების კონტროლი.

იმის მიხედვით, თუ რომელი რძის პროდუქტების ჭამა შეგიძლიათ, დამატებით კალციუმის (calcium) და ვიტამინ D-ს (vitamin D) მიღება შეიძლება დაგჭირდეთ, რომ შეინარჩუნოთ ძვლების სიძლიერე და სიჯანსაღე. ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის ექიმმა შესაძლოა დიეტოლოგთან გაგგზავნოთ სამომავლო რჩევებისთვის.

კვებითი რაციონის ცვლილებასთან ერთად, შესაძლებელია დაგეხმაროთ ლაქტაზის შემცვლელების მიღებაც. ესენი აბების ან წვეთების ფორმით საკვებთან ერთად მიიღება.

ლაქტოზის აუტანლობის გართულებები

რძე და სხვა რძის პროდუქტები ჯანმრთელი დიეტის შემადგენელი ნაწილებია. ისინი შეიცავენ კალციუმს, ცილებს და ვიტამინებს: A, B12 და D.

ლაქტოზა ორგანიზმს სხვა მინერალების, როგორიცაა მანგიუმის და თუთიის შეწოვაშიც ეხმარება. ეს ვიტამინები და მინერალები ძლიერი და ჯანმრთელი ძვლების განვითარებისთვისაა საჭირო.

ნახეთ ვიტამინები და მინერალების შესახებ სტატია (vitamins and minerals), რომ გაიგოთ რომელი ნივთიერებები და რა რაოდენობით გჭირდებათ ყოველდღიურად.

თუ ლაქტოზის აუნტალობა გაწუხებთ, შესაძლოა ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდებოდეს. ეს კი არასასურველ წონაში კლებას გამოიწვევს და სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს გაზრდის. ესენია:

  • ოსტეოპენია -  ამ დროს ძვლის სიმკვრივე ძალიან დაბალია. მკურნალობის გარეშე ოსტეოპენია ოსტეოპოროზში გადაიზრდება.
  • ოსტეპოროზი (Osteoporosis) - ამ დროს ძვლები თხელდება და სუსტდება. ოსტეოპოროზის შემთხვევაში ძვლების მოტეხილობების რისკი გაზრდილია.
  • მალნუტრიცია (Malnutrition) - როდესაც საკვებიდან ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებთ.  მალნუტრიციის დროს ჭრილობების შეხორცებას დიდი დრო სჭირდება, ადამიანი დეპრესიულ განწყობაზეა და მუდმივ დაღლილობას გრძნობს.

თუ ფიქრობთ, რომ აკრძალული საკვების გამო რაიმე რისკის ქვეშ ხართ, რჩევისთვის დიეტოლოგს მიმართეთ. ისინი სწორ დიეტას შეგირჩევენ და გეტყვიან გჭირდებათ თუ არა კვებითი დანამატები.

კომენტარის დამატება