Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მწვავე მიელოიდური ლეიკემია

მწვავე მიელოიდური ლეიკემია

178

ლეიკემია სისხლის თეთრი უჯრედების კიბოა. მწვავე ლეიკემია ნიშნავს სწრაფ და პროგრესირებად მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

მწვავე ლეიკემიის კლასიფიცირება ხდება სისხლის თეთრი უჯრედების ტიპის მიხედვით.

სისხლის თეთრი უჯრედების ორი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • ლიმფოციტები - რომლებიც ებრძვიან ვირუსულ ინფექციებს 
  • მიელოიდური უჯრედები - აქვთ სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლა, ორგანიზმის პარაზიტებისგან დაცვა და ქსოვილის დაზიანების გავრცელების პრევენცია.

ამ სტატიაში განვიხილავთ მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას, რომელიც არის მიელოიდური უჯრედების კიბო. არსებობს კიდევ სხვა ტიპის ლეიკემიები, როგორებიცაა:

  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია
  • chronic myeloid leukaemia
  • chronic lymphocytic leukaemia.

მწვავე მიელოიდური ლეიკემიის ნიშნები და სიმპტომები

მწვავე მიელოიდური ლეიკემიიის სიმპტომები ძირითადად რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარდება და თანდათანობით უფრო მძიმდება. სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ფერმკთალი კანი;
  • დაღლილობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ხშირი ინფექციები;
  • უჩვეულო და ხშირი სისხლდენა, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან.

უფრო შორსწასულ შემთხვევებში, მწვავე მიელოიდურმა ლეიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისადმი ძლიერი მდგძნობელობა, ან სერიოზული შინაგანი სისხლდენა.

წაიკითხეთ მეტი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის სიმპტომების შესახებ.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განუვითარდა მწვავე მიელოიდური ლეიკემიის შესაძლო სიმპტომები. ეს სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეიკემიით იყოს გამოწვეული, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული დიაგნოზირება.

თუ ექიმი იეჭვებს ლეიკემიაზე, ის დანიშნავს სისხლის ანალიზებს, რომ შემოწმდეს სისხლის უჯრედების წარმოქმნა. ანალიზების პასუხების შემდეგ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები და შესაძლებელია მკურნალობაც.

გაიგეთ მეტი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზირების შესახებ.

რა იწვევს მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას?

მწვავე მიელოიდური ლეიკემია ხდება მაშინ, როდესაც სპეციალური უჯრედები, რომლებსაც ღეროვანი უჯრედები ეწოდებათ და რომლებიც გვხვდება ძვლის ტვინში (ძვლის ღრუში არსებული ფოროვანი მასა), წარმოქმნიან საკმარისზე მეტი რაოდენობის ჩამოუყალიბებელ სისხლის თეთრ უჯრედებს. ეს ჩამოუყალიბებელი უჯრედები ცნობილია, როგორც ბლასტური უჯრედები.ბლასტურ უჯრედებს არ აქვთ ინფქციებისადმი ბრძოლის უნარი და ამ უჯრედების დიდი რაოდენობით წარმოქმნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების (უჯრედები, რომლებსაც ორგანიზმში გადააქვთ ჟანგბადი) და თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც ეხმარება სისხლის თრომბის წარმოქმნაში და შედედებაში, რაც საჭიროა სისხლდენის შესაჩერებლად) რაოდენობების შემცირებაც.

ამ პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია და უმეტეს შემთხვევაში საერთოდ ვერ ხდება რაიმე გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა, თუმცა მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარების რისკის გაზრდა შეუძლია სხვადასხვა ფაქტორებს, როგორებიცაა:

  • ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის განვითარების რისკი იზრდება იმ ადამიანებში ვისაც ადრე ჩაუტარდათ ქიმიოთერაპიული ან რადიოთერაპიული მკურნალობა (მაგალითად სხვა სიმსივნისთვის);
  • დიდი რაოდენობით რადიაციის მიღება (მათ შორის რადიოთერაპიის დროსაც)
  • ქიმიურ ნივთიერება ბენზენთან შეხება - ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა წარმოებაში და ასევე გვხვდება სიგარეტის კვამლში
  • თანმდევი გენეტიკურიან სისხლის დაავადების ქონა, როგორიცაა მაგალითად დაუნის სინდრომი.

მწვავე მიელოიდური ლეიკემია კიბოს იშვიათი სახეობაა და მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ეს დაავადება უფრო ხშირია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

გაიგეთ მეტი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მკურნალობა

მწვავე მიელოიდური ლეიკემია კიბოს აგრესიული ფორმაა, რაც ნიშნავს, რომ ის სწრაფად ვითარდება და შესაბამისად აუცილებელია სასწრაფო დიაგნოზირება და მკურნალობა.

დაავადების ძირითადი სამკურნალო საშუალება ქიმიოთერაპიული მკურნალობაა. ქიმიოთერაპია გამოიყენება ორგანიზმში რაც შეიძლება მეტი სიმსივნური უჯრედის გასანადგურებლად და შემდეგ ამ დაავადების ხელახლა დაბრუნების პრევენციისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კომბინაცია და შემდეგ კი ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.

გაიგეთ მეტი მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მკურნალობის შესახებ.

პროგნოზი

მწვავე მიელოიდური ლეიკემიით დაავადებული ადამიანების პროგნოზი დამოკიდებულია ამ დაავადების სპეციფიურ ტიპზე და ასევე პაციენტის ასაკზე და მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მრავალი ქვესახეობა არსებობს, რომლებიც კლასიფიცირებულია მათ თვისებებზე, როგორებიცაა სპეციფიური გენეტიკური ცვლილებები ლეიკემიურ უჯრედებში. მწვავე მიელოიდური ლეიკემიის ზოგიერთი სახეობა უფრო ძნელი გასაკურნია სხვებთან შედარებით.

მაშინაც კი, როდესაც მკურნალობა წარმატებულად მიმდინარეობს, მაინც არსებობს ამ დაავადების ხელახალი განმეორების მნიშვნელოვანი რისკი, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ეს მოხდა შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის განმეორება.

ზოგადად ახალგაზრდა ასაკი იძლევა უფრო იმედიან შედეგს.

კომენტარის დამატება