Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი

145

მშრალი თვალის სინდრომი, ანუ მშრალი თვალის დაავადება, არის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც მაშინ მიიღება, როდესაც თვალი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ცრემლს, ან უკვე გამოყოფილი ცრემლი სწრაფად ორთქლდება.

ეს იწვევს თვალის გამოშრობას და მის ანთებას (წითელი და შესიებული) და გაღიზიანებას. მშრალი თვალის სინდრომს ასევე იცნობენ როგორც კერატოკონიუნქტივიტს (keratoconjunctivitis sicca), ან მარტივად „მშრალ თვალებს“.

მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები

მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები ჩვეულებრივ ორივე თვალზე ვლინდება და ხშირად მოიცავს:

  • სიმშრალის შეგრძნებას, თვალში ქვიშის მოხვედრის ან ტკივილის შეგრძნებებს რომლებიც დღის განმავლობაში უარესდება
  • წითელ თვალებს
  • გაღვიძებისას ერთმანეთზე მიკრობილ ქუთუთოებს
  • ხანგამოშვებით ბუნდოვან ხედვას, რაც თვალების დახამხამებისას მომენტალურად უმჯობესდება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მშრალი თვალის სინდრომის სიმტპომები გაგიგრძელდებათ. ექიმები გამოიკვლევენ ეს რაიმე სხვა დაავადებისგან ხომ არა გამოწვეული და შესაძლოა გაგაგზავნონ თვალის სპეციალისტთან, ოფტომეტრისტთან, ან ოფთალმოლოგთან შემდგომი კვლევებისთვის.

რა იწვევს მშრალი თვალის სინდრომს?

მშრალი თვალის სინდრომს იწვევს ცრემლის წარმოქმნის პროცესის რაიმე გზით დარღვევა. ამის ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ხშირად მისი გამომწვევი ერთი მიზეზის აღმოჩენაც კი ვერ ხდება ხოლმე.

ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ცხელ ან ქარიან კლიმატში ყოფნა
  • კონტაქტური ლინზების ტარება
  • სხვა თანმდევი დაავადებები, როგორიცაა ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
  • კონკრეტული წამლების გვერდითი ეფექტები
  • ჰორმონული ცვლილებები, მაგალითად მენოპაუზის დროს (როდესაც ქალებში პერიოდები წყდება).

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ზოგადად ასაკის მატებასთან ერთად რისკიც იზრდება. 65 წლის ასაკისთვის, დადგენილია, რომ ყოველ მესამე ადამიანს ემართება მშრალი თვალის სინდრომი.

მშრალი თვალის სინდრომი ქალებში უფრო გავრცელებულია ვიდრე კაცებში.

როგორ მკურნალობენ მშრალი თვალის სინდრომს

ჩვეულებრივ მშრალი თვალის სინდრომი არ წარმოადგენს მძიმე დაავადებას.

სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს მკურნალობის საშუალებები, კერძოდ: თვალის წვეთებით თვავლების დატენიანება და “გაპოხვა”, წამლები რომლებიც ანთებას შეამცირებს, და (თუ საჭირო გახდა) ოპერაცია, რომლის დახმარებითაც შევამცირებთ ცრემლის ადვილად ამოშრობას.

თუ მშრალი თვალის სინდრომი რაიმე თანმდევი დაავადებისგანაა გამოწვეული, მისი მკურნალობა ამ სიმპტომების მოშორებაში დაგვეხმარება.

თვალებზე ზრუნვა

სამედიცინო მკურნალობის გარდა, არის გარკვეული საშუალებები, რაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ და ამით აიცილოთ მშრალი თვალის სინდრომი, ან შეამციროთ მისი სიმპტომები.

ესენი მოიცავს:

  • თვალებისა და ქუთუთოების სისუფთავის დაცვა და მტვრიანი, კვამლიანი, ქარიანი ან მშრალი გარემოსგან თავის შორს დაჭერა
  • კომპიუტერის ან ნოუთბუქის სწორად გამოყენება, რომ თავიდან აიცილოთ თვალების დაძაბვა
  • დამატენიანებლის გამოყენება ჰაერში ნესტის გასაზრდელად
  • სწორი და ჯანსაღი საკვები, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმებს.

სხვა პრობლემები

მშრალი თვალის სინდრომი შეიძლება დისკომფორტს ქმნიდეს, მაგრამ არ წარმოადგენდეს სერიოზულ პრობლემას. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, მკურნალობის გარეშე, მძიმე მშრალი თვალის სინდრომმა, შესაძლოა თვალის ზედაპირზე ნაიარევი წარმოქმნას, რაც მხედველობის პრობლემას გამოიწვევს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღმოგაჩნდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, რადგან ისინი შეიძლება სერიოზული გართულების წინაპირობას წარმოადგენდნენ:

  • ძალიან გაზრდილი მგრძნობიარობა სინათლეზე (ფოტოფობია)
  • ძალიან წითელი ან მტკივნეული თვალები
  • მხედველობის გაუარესება.

კომენტარის დამატება