Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მუნი

მუნი

213

მუნი არის კანის გადამდები დაავადება, რომელსაც კანში მოხვედრილი ძალიან პატარა ზომის ტკიპები იწვევენ.

მუნის ძირითადი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც უარესდება ღამის პერიოდში. ის ასევე იწვევს გამონაყარს კანის იმ ადგილებში, სადაც ტკიპა აღმოჩნდა.

მუნის ტკიპა

მუნის ტკიპას ეწოდება Sarcoptes scabiei. ისინი იკვებებიან თავიანთი პირით, კანის ზედა შრეს (ეპიდერმისი) კი თხრიან წინა ფეხების საშუალებით, სადაც დებენ კვერცხებს.

სამი-ოთხი დღის შემდეგ, კვერცხებიდან იჩეკებიან პატარა ტკიპები (ლავრები) და ამოდიან კანის ზედაპირზე სადაც იზრდებიან, სანამ არ მომწიფდებიან ზრდასრულ ტკიპებად.

მათ უყვართ თბილი ადგილები კანზე, როგორიცაა კანის ნაკეცები, თითებს შორის ადგილები, ფრჩხილებს ქვემოთ, ასევე მკერდისა და დუნდულოების ნაკეცები. მათ ასევე შეუძლიათ დაიმალონ საათის ღვედის, სამაჯურის ან ბეჭდის ქვეშ.

როგორ ვრცელდება მუნი?

მუნი ვრცელდება:

  • კანის ხანგრძლივი კონტაქტით ინფიცირებულ პირთან
  • სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულ პირთან

მუნი ასევე შეიძლება გადავიდეს  ტანსაცმლის, პირსახოცისა და ზეწრის გაზიარებით ინფიცირებულ პირთან. თუმცა კანის კონტაქტი უფრო ხშირი გამომწვევია.

ინფექციის დაწყებიდან სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება რვა კვირამდე დასჭირდეს. ეს პერიოდი ცნობილია საინკუბაციო პერიოდის სახელით.

მუნის აფეთქებები

მუნი გავრცელებულია ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც სამედიცინო მკურნალობა შეზღუდულია. ამიტომ ხშირია შემდეგ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ადგილებში:

  • აფრიკა
  • ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა
  • ცენტრალური და ჩრდილოეთ ავსტრალია
  • კარიბის კუნძულები
  • ინდოეთი
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

განვითარებულ ქვეყნებში, მუნის აფეთქება შეიძლება ზოგჯერ მოხდეს ისეთ ადგილებში სადაც ხალხის სიმრავლეა, მაგალითად სკოლებში, ბაგა-ბაღებში და მზრუნველობის სახლებში.

ინგლისში მუნის შემთხვევათა უმეტესობა ხდება ზამთრის პერიოდში. ეს შესაძლოა იმიტომ, რომ ადამიანები ამ პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ და ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან ფიზიკურად.

მუნის მკურნალობა

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მუნი. ის ჩვეულებრივ არ წარმოადგენს სერიოზულ დაავადებას, მაგრამ საჭიროებს მკურნალობას.

ორი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა პერმეთრინის (permethrin) კრემი და მალათიონის ლოსიონი (ბრენდის სახელი დერბაქ მ. Derbac M.). ორივე მედიკამენტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კლავს მუნის გამომწვევ ტკიპებს.

პერმეთრინის 5%-იანი კრემი  ჩვეულებრივ პირველი რიგის სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული. მალათიონის 0.5%-იანი ლოსიონი კი გამოიყენება მაშინ, თუ პერმეთრინი არაეფექტურია.

თუ თქვენს პარტნიორს დაუდგინდა გენიტალიური მუნი, ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად უნდა მიხვიდეთ უახლოეს სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკაში სადაც შეგამოწმებენ და თუ საჭირო იქნება, გიმკურნალებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია მოერიდოთ სქესობრივ კავშირს ან რაიმე ფორმით სხეულის კონტაქტს, სანამ თქვენც და თქვენი პარტნიორიც სრულ სამკურნალო კურსს არ გაივლით.

მუნის გართულებები

მუნი ზოგჯერ იწვევს კანის მეორად ინფექციას თუ კანი გაღიზიანდება ან დაიწყება ანთება, ზედმეტი ქავილის გამო.

იშვიათი, მაგრამ მუნის უფრო რთული ფორმა შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით ტკიპაა წარმოდგენილი კანში. ეს შეიძლება დაემართოთ ხანში შესულ პირებს და მათ, ვისაც იმუნიტეტი (ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა ინფექციებისა და ავადმყოფობების წინააღმდეგ) დასუსტებული აქვთ.

რისკ ჯგუფები

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მუნი არაჯანსაღი საცხოვრებელი პირობების და ცუდი პირადი ჰიგიენის გამოა გამოწვეული. თუმცა ამის ზუსტი დამადასტურებელი სამეცნიერო დასკვნა არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ის, თუმცა კონკრეტული ჯგუფები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან შეხება აქვთ ბევრ ადამიანთან. ესენია:

  • ბავშვები - სკოლებსა და პედიატრიულ სახლებში დაავადება
  • ახალგაზრდა დედები - დაინფიცირებულ ბავშვებთან ახლო კავშირი
  • ხნიერი ადამიანები - რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფარში
  • სქესობრივად აქტიური ადამიანები.

კომენტარის დამატება