Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი

453

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი არის ყველაზე გავრცელებული თავის ტკივილის სახეობა, რომელსაც ჩვეულებრივ თავის ტკივილად მივიჩნევთ, როგორც ყოველდღიურ თავის ტკივილს. 

ამ დროს შეიძლება ვგრძნობდეთ მუდმივ ტკივილს, თავის ორივე მხარეს. ასევე შეიძლება ვგრძნობდეთ, კისრის კუნთების დაჭიმულობას და თვალების უკან წნევას. თავის ტკივილი ამ დროს, ჩვეულებრივ არ არის ისეთი ძლიერი, რომ ხელს გვიშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტიურობაში და როგორც წესი, ის გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღეც.

ვის ემართება მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი?

ადამიანთა უმეტესობას გამოუცდია მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი ცხოვრების განმავობაში. ისინი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია მოზარდებსა და ზრდასრულებში. ის უფრო გავრცელებულია ქალებში მამაკაცებთან შედარებით.

ასიდან დაახლოებით 2 ან 3 ადამიანი განიცდის მოჭერითი ტიპის თავის ტკივილს თვეში სულ მცირე 15-ჯერ, მიყოლებით სამი თვის განმავლობაში. ამას ეწოდება ქრონიკული ტიპის თავის ტკივილი.

როდისაა საჭირო სამედიცინო დახმარება

ჩვეულებრივ ექიმთან მისვლა არაა საჭირო თუ თავის ტკივილი იშვიათად გაწუხებთ. ეს საჭირო ხდება მაშინ, თუ ტკივილი კვირაში რამდენიმეჯერ გაწუხებთ და თანაც ძლიერად.

ექიმი დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას თავის ტკივილზე, ოჯახის ისტორიაზე, საკვებზე და ცხოვრების სტილზე ტკივილის ტიპის დასადგენად.

აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ:

  • თავი აგტკივდათ მოულოდნელად და არ ჰგავს მანამდე არსებულ შემთხვევებს
  • თან დართული აქვს დაჭიმულობა კისერში, ცხელება, გულისრევა, პირღებინება და დაბნეულობა
  • მოჰყვება რაიმე შემთხვევას, განსაკუთრებით თუ ის მოიცავდა თავის დაზიანებას
  • თან სდევს სისუსტე, უმოძრაობა, საუბრის გართლება და დაბნეულობა.

ეს სიმპტომები მიგვანიშნებენ, რომ შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემებთან გვქონდეს საქმე, რასაც დასჭირდება შემდგომი გამოკვლევა და სასწრაფო მკურნალობა.

რა იწვევს მოჭერითი ტიპის თავის ტკივილს?

ამ ტიპის თავის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია კონკრეტული მაპროვოცირებელი ფაქტორები, ესენია:

  • სტრესი და გაღიზიანება
  • სიელმე
  • ცუდ პოზაში დგომა ან ჯდომა
  • დაღლილობა
  • დეჰიდრატაცია
  • საკვების გამოტოვება
  • ფიზიკური აქტივობის დაკარგვა
  • ძლიერი სინათლე
  • ხმაური
  • კონკრეტული სურნელი.

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი ცნობილია ძირითადი თავის ტკივილების სახელით, რაც ნიშნავს, რომ ის არაა გამოწვეული თანმდევი დაავადებით. სხვა ძირითადი თავის ტკივილებია კლასტერული თავის ტკივილი და შაკიკი.

როგორ მკურნალობენ მოჭერითი ტიპის თავის ტკივილს?

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი არ არის სიცოცხლისთვის საშიში და ჩვეულებრივ გაივლის ტკივილგამაყუჩებლების მიღებით ან ცხოვრების სტილის შეცვლით.

ცხოვრებისეული ცვლილებები

დასასვენებელი ტექნიკები, როგორიცაა იოგა, მასაჟი, ვარჯიში, ან თბილი საფენების დადება შუბლზე და კისერზე დაგეხმარებათ მოიშოროთ სტრესთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

ტკივილგამაყუჩებლები

ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის მოსახსნელად. ასპირინიც ასევე შეიძლება რეკომენდირებული იყოს ზოგიერთ შემთხვევაში.

თუ იღებთ ამ მედიკამენტებს, ყოველთვის უნდა დაიცვათ წამლის მოხმარების წესები, რომელიც მითითებულია მწარმოებლის ინსტრუქციაში.

ორსულმა ქალებმა არ შეიძლება მიიღონ იბუპროფენი მესამე ტრიმესტრში, რადგან მან შესაძლოა ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე. ასევე 16 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის დალევა.

მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ რამდენიმე დღეზე მეტი ხანგძლივობით, რადგან მისი ხშირი გამოყენება გააძლიერებს თავის ტკივილს. ხოლო მედიკამენტი, რომელიც შეიცავს კოდეინს, რომელიცაა კო-კოდამოლი, არ უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული თავის ტკივილი

ტკივილგამაყუჩებლების ხანგძლივი პერიოდით (10 დღეზე მეტი ხანგძლივობით) მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტური ზედოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი. ეს ხდება, რაგდან ორგანიზმი შეიძლება მიეჩვიოს ტკივილგამაყუჩებლებს და მათი შეწყვეტის შემდეგ გამოვლინდეს თავის ტკივილი. ამის გამო, წამლის შეწყვეტა არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მოჭერითი ტიპის თავის ტკივილის პრევენცია

თუ ხშირად განიცდით მოჭერითი ტიპის თავის ტკივილს, შესაძლოა დაგეხმაროთ დღიურის წარმოება. ეს საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ მისი შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორები. მათი შეცნობის შემდეგ, კი შეძლებთ თავის ტკივილის პრევენციას, ამ ფაქტორებთან თავის არიდებით.

რეგულარული ვარჯიში და დასვენება ასევე მნიშვნელოვანია სტრესისა და დაძაბულობის შემცირებაში. სწორად ჯდომისა და დგომის ჩვევებიც, ასევე დეჰიდრატაციის თავიდან აცილება და კარგად დასვენებაც ასევე დაგეხმარებათ.

დიდი ბრიტანეთის, ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციების თანახმად, 5-8 კვირის განმავლობაში, აკუპუნქტურის დაახლოებით ათი სესიის ჩატარება შეიძლება სასარგებო იყოს ქრონიკული, მოჭერითი ტიპის თავის ტკივილის პრევენციისთვის.

ზოგიერთ შემთხვევაში, ანტიდეპრესანტული მედიკამენტი ამიტრიპტილინი (Amitriptyline) შეიძლება გამოგიწერონ, თუმცა მისი ეფექტურობის დამადასტურებელი ცოტა სამხილი არსებობს. ეს მედიკამენტი სწრაფად არ მოხსნის თავის ტკივილს, ის უნდა მიიღოთ ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თავის ტკივილი არ გაივლის.

კომენტარის დამატება