Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მოყინვა

მოყინვა

218

მოყინვა გულისხმობს კანის პატარა შესიებას ქავილით, რომელიც ჩნდება დაბალ ტემპერატურაზე რეაქციის სახით. ისინი უფრო ხშირია სხეულის გარე ნაწილებზე, როგორიცაა ფეხის თითები, ხელის თითები, ქუსლები, ყურები და ცხვირი.

მოყინვა არაკომფორტულია, მაგრამ ის იშვიათად იწვევს მუდმივ დაზიანებას და ჩვეულებრივ გამოჯანსაღდებით რამდენიმე კვირაში იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში მოერიდებით სიცივეს.

მოყინვის ნიშნები და სიმპტომები

იგი ძირითადად ვითარდება სიცივეში რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერების შემდეგ. ჩვეულებრივ იწვევს წვისა და ქავილის შეგრძნებას დაზიანებულ ადგილებში, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თბილ ოთახში შესვლისას.

დაზიანებული კანი შეიძლება ასევე შეშუპდეს და გაწითლდეს, ან მიიღოს მუქი ლურჯი შეფერილობა. უფრო მძიმე შემთხვევებში კანის ზედაპირი სკდება დავითარდება წყლული.

აუცილებელია ფრთხილად იყოთ, რომ არ დაიკაწროთ კანი, რადგან იგი მარტივად ზიანდება და შეიძლება დაინფიცირდეს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

ადამიანების უმეტესობა არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას, რადგან მოყინვა გაივლის რამდენიმე კვირაში და არ იწვევს მუდმივ პრობლემას.

მიუხედავად ამისა, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მოყინვის გართულებული, ან განმეორებითი ფორმა, ან თუ არ გაიარა რამდენიმეკვირაში, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. თქვენ ასევე უნდა მიიღოთ სამედიცინო რჩევა თუ ფიქრობთ, რომ კანში შეიჭრა ინფექცია.

მოყინვის გამომწვევი მიზეზები

მოყინვა არის სიცივეზე განვითარებული ანომალიური რეაქციის შედეგი.

როდესაც კანი ცივდება, მის ზედაპირზე არსებული სისხლძარღვები ვიწროვდება. თუ ამის შემდეგ კანს სითბო მოჰხვდება, სისხლძარღვები კვლავ გაფართოვდება.

თუ ეს ხდება ძალიან სწრაფად, სისხლმა შეიძლება გაჟონოს გარშემო არსებულ ქსოვილში. ფიქრობენ, რომ სწორედ ეს არის მოყინვასთან დაკავშირებული შესიებისა და ქავილის გამომწვევი მიზეზი.

ეს პროცესი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია ბავშვებში და მოხუცებში. იგი უფრო მეტად გამოხატულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.ადამიანები, რომელთაც აქვთ სისხლის ცირკულაციის პრობლემები, უფრო მიდრეკილნი არიან მოყინვისკენ.

ეს მდგომარეობა ხშირია ინგლისში, რადგან აქ ზამთრისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია ნესტიანი და ცივი ამინდი. ზოგიერთ ადამიანს ის უვითარდება ყოველ ზამთარს და გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

იხილეთ მეტი მოყინვის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

მკურნალობა

ეს მდგომარეობა თავისით, მკურნალობის გარეშე ერთი, ან ორი კვირის შემდეგ გაივლის.

არსებობს სხვადასხვა მალამო და ლოსიონი, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ, თუმცა არ არსებობს არავითარი კლინიკური დასაბუთება იმისა, რომ ისინი ეფექტურია და აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდებული.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მედიკამენტის - ნიფედიპინის ერთი ტაბლეტი ან კაფსულა დღეში, თუ ხშირად გაწუხებთ მოყინვა, ან მძიმე ფორმებში გივლინდებათ. იგი აფართოებს სიხლძარღვებს და აუმჯობესებს ცირკულაციას.

ნიფედიპინი შეიძლება გამოიყენოთ, უკვე არსებული მდგომარეობის სამკურნალოდ, ან შეგიძლიათ მიიღოთ ზამთრის განმავლობაში, მისი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

პრევენცია

თუ მოყინვისადმი მიდრეკილი ხართ, შეგიძლიათ შეამციროთ რისკი სიცივისგან თავის არიდებით, ყურადღება მიაქციოთ თქვენ კიდურებს და მიიღოთ ზომები ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

პრევენციისთვის დაგეხმარებათ შემდეგირჩევები:

  • ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი და უზრუნველყავით სითბო სახლში
  • იყავით აქტიური
  • თავი დაანებეთ მოწევას
  • არ ჩაიცვათ ზედმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი

თუ კანი გაგიცივდებათ, აუცილებელია თანდათანობით გათბოთ.არ არის კარგი კანის ერთბაშად გათბობა, მაგალითად ფეხების ცხელ წყალში ან გამათლობელთან მიტანით, რადგან სწორედ სწრაფი გათბობაა მოყინვის მთავარი გართულებების გამომწვევი მიზეზი.

იხილეთ მეტი თემაზე მოყინვის პრევენცია.

მოყინვის გართულებები

თუ თქვენ გაქვთ რთული ფორმით, ან ხშირად გიმეორდებათ ეს მდგომარეობა, იზრდება ისეთი გართულებების რისკი,როგორიცაა:

  • კანის წყლულის, ან ნაკაწრის ინფექცია
  • კანზე წყლულის წარმოქმნა
  • კანის სამუდამოდ გაუფერულება
  • შრამები კანზე

შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება თუ არ გაიკაწრავთ და აიფხეკთ დაზიანებულ კანს, ასევე უნდა მოარიდოთ დაზიანებულ ადგილს პირდაპირი კავშირი სითბოსთან (მაგალითად ცხელი წყლის გამოყენება).

ასევე შეგიძლიათ შეამციროთ ინფექციის რისკი, თუ გაიწმენდთ კანზე არსებულს ნაკაწრს ანტისეპტიკური საშუალებით, ან დაფარავთ მას ანტისეპტიკური საფენით. საფენი უნდა გამოცვალოთ ყოველდღიურად მანამ, სანამ არ გაქრება დაზიანება.

ანტიბიოტიკები შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირდება კანი

კომენტარის დამატება