Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მზისგან დამწვრობა

მზისგან დამწვრობა

177

მზისგან დამწვრობა არის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული კანის დაზიანება. ის ძირითადად იწვევს კანის გაწითლებას, შეშუპებას, გაზრდილ მგრძნობელობას და ზოგჯერ ქავილს დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში.

დამწვრობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კანი ძირითადად იქერცლება და ჩვეულებრივ საბოლოოდ განიკურნება 1 კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დამწვრობა ხშირად მოკლევადიანი და მსუბუქი პრობლემაა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თავიდან აცილება, რადგან მას შეუძლია გაზარდოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკები, როგორიცაა მაგალითად კანის კიბო.

გარეთ ყოფნის დროს კანის დამწვრობის თვითშეფასება არც ისე ადვილია, რადგან სიწითლე ძირითადად რამდენიმე საათის შემდეგ ვლინდება. ასევე აუზში ბანაობა, ან დასველება გააგრილებს კანს და ამ დროს საერთოდ ვერც კი მიხვდებით დამწვრობის განვითარებას.

გარეთ ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დამწვრობის რისკის გათავისება და დამწვრობის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ზომების მიღება.

რა უნდა მოიმოქმედოთ დამწვრობის შემთხვევაში?

დამწვრობის დროს აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა შეხვიდეთ ჩრდილში. მზის მსუბუქი დამწვრობის მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას (იხილეთ ქვემოთ).

კანის გამოჯანმრთელებამდე შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები:

  • გაიგრილეთ კანი ცივი შხაპის მიღებით, ან ცივი საფენის დადებით
  • დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები, რაც დაგეხმარებათ გაგრილებაში და ასევე თავიდან აგაცილებთ დეჰიდრატაციას
  • კანის სიგრილის და ტენიანობის შესანარჩუნებლად წაისვით წყალზე დაფუძნებული კანის დამატენიანებელი საშუალებები (ემოლიენტები), ან ვაზელინი
  • ტკივილის შესამსუბუქებლად დალიეთ ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი - გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის მიცემა!

კანის სრულად გამოჯანმრთელებამდე სრულიად მოერიდეთ მზის სხივებს, მათ შორის ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივებსაც კი და დამწვარი ადგილი აუცილებლად დაიფარეთ თუ მაინც გიწევთ მზეზე გასვლა.

როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დამწვრობის შემდეგ თავს ვერ გრძნობთ კარგად, ან თუ ნერვიულობთ დამწვრობის შესახებ, განსაკუთრებით კი, თუ დამწვრობა დიდ ფართობზეა გავრცელებული, ან თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფრო სერიოზული სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ დამწვრობა აქვს ბავშვს, რადგან მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მძიმე დამწვრობის ნიშნებია:

  • კანზე წყლულების გაჩენა ან შეშუპება (ედემა)
  • ციება
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი, ან 5 წლამდე ბავშვებისთვის 37.5C ან უფრო მაღალი
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.

ასეთ შემთხვევაში, კანის ანთების შესამცირებლად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰიდროკორტიზონის კრემის წასმა.

მძიმე დამწვრობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური დამწვრობის კრემი და დამწვრობის სახვევები. ძალიან იშვიათად საჭირო ხდება ჰოსპიტალური მკურნალობაც.

ვის აქვს მზისგან დამწვრობის განვითარების რისკი?

მზიგსგან დამწვრობის რისკი ექნება ნებისმიერ ადამიანს ვინც მოხვდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა ზოგიერთი ადამიანი სხვებთან შედარებით უფრო მგრძნობიარეა ამ სხივების მიმართ.

აუცილებლად უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, თუ:

  • გაქვთ ღია ფერის, თეთრი, ან ღია ყავისფერი კანის ფერი
  • გაქვთ ჭორფლი, ან წითელი, ან თხელი თმა
  • გარუჯვის ნაცვლად გაქვთ დამწვრობისკენ მიდრეკილება
  • გაქვთ ბევრი ხალები
  • გაქვთ სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებული კანის პრობლემები
  • ინტენსიურ მზეზე გასვლა იშვიათად გიწევთ, მაგალითად მხოლოდ შვებულების/დასვენების პერიოდში
  • ხართ ისეთ ქვეყანაში სადაც მზის სხივები განსაკუთრებით ძლიერია
  • გაქვთ კანის კიბოს ოჯახური ისტორია.

ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაგალიტად თამაშის ან სამსახურის გამო, არიან კანის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ, თუ არ გამოიყენებენ სპეციალურ და სწორ უსაფრთხოების წესებს.

თოვლი, ქვიშა, ბეტონი და წყალი ირეკლავს მზის სხივებს და არეკლილი მზის სხივებიდანაც შესაძლებელია დამწვრობის განვითარება. მზე უფრო აქტიურია მაღალ სიმაღლეებზე.

ულტრაიისფერი სხივების საფრთხე

მზის სხივების ზემოქმედების ხანმოკლე რისკები მზისგან დამწვრობა და მზის ალერგიაა.

ხანგძლივი რისკები (ათეული წლების შემდეგ) კი მოიცავს:

  • მზის კერატოზს - კანზე გამოსული უხეში და ამოზნექილი კიბოს-წინა პერიოდის ლაქები
  • კანის კიბოს - მათ შორის მელანომას და არა-მელანომურ კანის კიბოს
  • თვალის პრობლემებს - როგორებიცაა ფოტოკერატიტი (თოვლის სიბრმავე) და კატარაქტა
  • კანის ნაადრევ დაბერებას და დანაოჭებას.

მზისგან დამწვრობისგან თავის არიდება

კანის დამწვრობის თავიდან ასარიდებლად კანი უნდა იყოს დაცული მზის სხივებისგან დამცავი ძლიერი კრემით, ასევე საჭიროა კანის შესაფერისი ტანსაცმლით დაფარვა და შეძლებისდაგვარად მეტი დროით ჩრდილში ყოფნა.

დამწვრობა მოღრუბლულ და გრილ დღეებშიც შესაძლებელია და ასევე ჩრდილშიც თოვლიდან არეკლილი სხივებითაც.

დამწვრობის თავიდან ასარიდებლად შესაფერისი სამოსია:

  • განიერი ქუდი, რომელიც დაფარავს თავს, სახეს, კისერს და ყურებს
  • გრძელმკლავებიანი ზედა სამოსი
  • შარვალი ან გრძელი კაბა, რომელიც მჭიდრო ნაჭრისგან არის შეკერილი და არ ატარებს მზის სხივებს
  • მზის სათვალე, რომელიც კარგად არის მორგებული სახეზე და რჩება ჭუჭრუტანები, საიდანაც შეიძლება შევიდეს მზის სხივები და რომელსაც აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან 100%-იანი დაცვა.

სათვალის შეძენისას გაითვალისწინეთ:

  • ნიშანი CE, ან ბრიტანული სტანდარტით BS EN 1836: 2005
  • UV 400 ნიშანი
  • ნიშანი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ სათვალე იძლევა 100%-იან დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი კრემები და ლოსიონები

როდესაც ყიდულობთ მზის სხივებისგან დამცავ კრემს, დარწმუნდით, რომ ის შეეფერება თქვენი კანის ტიპს და ბლოკავს ორივე ულტრაიისფერ გამოსხივებას A და B-ს (UVA  და UVB).

მზისგან დამცავ კრემს უნდა ეწეროს:

  • UVA წრეში და UVA დაცვა სულ მცირე 4 ვარსკვლავით
  • მზისგან დამცავი ფაქტორი (Sun protection factor - SFP) მინიმუმ 15, ანუ SFP-15, რომ დაგვიცვას UVB გამოსხივებისგან.

ადამიანთა უმეტესობა არ ისვამს მზისგან დამცავი კრემის საკმარის რაოდენობას. საშუალო ზომის ადამიანისთვის ეს რაოდენობა შეადგენს 35მლ-ს, ან 6-8 ჩაის კოვზ ლოსიონს (ან კრემს). იხილეთ ვიდეო, თუ როგორ უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი: Video: how to apply sunscreen.

თუ მზისგან დამცავ კრემს წავისვამთ ძალიან თხლად, ის ვერ დაგვიცავს სათანადოდ. თუ ნერვიულობთ, რომ ვერ ისვამთ საკმარისი რაოდენობის კრემს, მაშინ შეგიძლიათ უფრო ძლიერი კრემის გამოყენებაც, როგორიცაა SFP-30.

თუ მზეზე ყოფნას აპირებთ დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ დამწვრობის რისკის შესამცირებლად, მზისგან დამცავი კრემი უნდა წაისვათ ორჯერ: პირველად გარეთ/მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე და შემდეგ მზეზე გასვლის წინ.

კრემი უნდა წაისვათ ყველგან სადაც კი შეიძლება მზის სხივი მოხვდეს, მათ შორის სახეზე, კისერზე, ყურებზე და ა.შ. ასევე აუცილებელია თავზე წასმაც, თუ გაქვთ თხელი თმა ან საერთოდ არ გაქვთ თმა. თუმცა კრემის წასმას ფართო ქუდის ტარება მაინც აჯობებს.

თუ მზეზე ყოფნის დროს იოფლიანებთ, ან თუ აპირებთ წყალში ჩასვლას (აუზზე ან ზღვაში), მაშინ აუცილებელია წყალგამძლე მზისგან დამცავი კრემის წასმა.

მზისგან დამცავი კრემი მზეზე ყოფნის დროს უნდა წაისვათ ხშირად და მწარმოებლის ინსტრუქციების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს წყლიდან ამოსვლის შემდეგ მაშინვე (მიუხედავად იმისა წყალგამძლე კრემი იქნება თუ ჩვეულებრივი) და ასევე პირსახოცთ გამშრალების, ოფლიანობის ან კრემის ჩამოშორების შემდეგ (მაგალითად ქვიშაზე ან შეზლონგზე წოლის შემდეგ, როდესაც კრემი შეიძლება ჩამოიფხიკოს).

რჩევები ბავშვებისთვის

6 თვემდე ბავშვები სრულიად უნდა მოარიდოთ პირდაპირ და ძლიერ მზის სხივებს. უფრო მოზრდილ ბავშვებს მზეზე ყოფნის დროს:

  • უნდა ეცვათ შესაფერისი სამოსი, რომელიც მთლიანად დაუფარავთ კანს
  • ინტენსიური მზის სხივების დროს (განსაკუთრებით 11-დან 4-5 საათამდე) აუცილებლად უნდა იყვნენ ჩრდილში
  • აუცილებლად უნდა ესვათ მზისგან დამცავი კრემი, სულ მცირე SFP-15 სიძლიერის.

საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად, 5 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია D ვიტამინის დანამატების მიღება, თუნდაც საკმარის დროს ატარებდნენ მზეზე.

კომენტარის დამატება