Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მელანომა

მელანომა

185

მელანომა კანის კიბოს სახეობაა,  რომელიც კანიდან იწყება და შესაძლებელია სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.

მელანომის ყველაზე გავრცელებული ნიშანი ახალი ხალის გაჩენა ან არსებული ხალის ცვლილებაა. ეს შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილას მოხდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ზურგზე, ფეხებზე, ხელებზე ან სახეზე ვლინდება.

უმრავლეს შემთხვევაში, მელანომას არარეგულარული ფორმა და ერთზე მეტი ფერი აქვს, ისინი შეიძლება იყოს ხალებზე უფრო დიდი ზომის და ზოგჯერ შეიძლება იწვევდეს ქავილს ან იყოს სისხლმდენი.

ჩვეულებრივ ხალებსა და მელანომის განსხვავებების საჩვენებლად სპეციალური ჩამონათვალი  - ე.წ. „ABCDE сhecklist” შეიქმნა (იხილეთ სურათები სიმპტომებში).

რა იწვევს მელანომას?

მელანომა მაშინ ჩნდება, როცა კანის უჯრედები ანომალურად ვითარდებიან. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა მის პათოგენეზში შესაძლოა ბუნებრივი თუ ხელოვნური ულტრაიისფერი სხივები მონაწილეობდნენ.

მელანომით დაავადების რისკი შესაძლოა შემდეგმა ფაქტორებმაც გაზარდონ:

  • დაზიანებული კანი, რომელიც ადვილად იწვება
  • წითელი ან ქერა თმა
  • დიდი რაოდენობით ხალები ან ჭორფლი
  • გენეტიკური მიდრეკილება/წინასწარგანწყობა (თუ ოჯახის წევრს ჰქონდა მელანომა).

დიაგნოზი

თუ რომელიმე ხალის ცვლილება შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ხშირად მკურნალმა ექიმმა შეიძლება გასინჯვის შედეგად მელანომის დიაგნოზი დაგისვათ, თუმცა შეიძლება კანის სპეციალისტთან (დერმატოლოგი) ან პლასტიკურ ქირურგთან გადაგამისამართოთ.

უმრავლეს შემთხვევაში საეჭვო ხალი ქირურგიულად ამოიკვეთება და შეისწავლება, არის თუ არა კიბოს ტიპის. ამ პროცედურას ბიოფსია ეწოდება.

ორგანიზმში მელანომის გავრცელების დასადგენად პაციენტს შეიძლება ლიმფური კვანძების ბიოფსიაც დასჭირდეს.

როგორ მკურნალობენ მელანომას?

მელანომის ძირითადი მკურნალობა ქირურგიული ჩარევაა, თუმცა თერაპია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ მელანომა ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი, ჩვეულებრივ ქირურგიული ჩარევა წარმატებულია. თუმცა, პაციენტს შეიძლება მელანომის რეციდივის თავიდან ასაცილებლად შემდგომი მკურნალობაც დასჭირდეს.

თუ მელანომა ჩამოყალიბებულ და დამძიმებულ სტადიამდე არ იქნა აღმოჩენილი, მკურნალობა გავრცელების შენელებისა და სიმპტომების შემცირებისკენაა მიმართული. ჩვეულებრივ, ასეთი მკურნალობა მედიკამენტების, მაგალითად ქიმიოთერაპიის გამოყენებით მიმდინარეობს.

თუ მელანომა უკვე გქონდათ, შესაძლოა მისი რეციდივი განვითარდეს. ეს რისკი მით უფრო იზრდება, თუ სიმსივნე ფართოდ გავრცელებული და მძიმე იყო.

თუ სიმსივნის მკურნალი გუნდი ჩათვლის, რომ არსებობს სიმსივნის რეციდივის განვითარების მაღალი რისკი, სავარაუდოდ საჭირო გახდება ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის რეგულარული შემოწმებების გაკეთება. გარდა ამისა, მელანომის რეციდივის შემთხვევაში, ამ ეპიზოდების ადრეულად ამოსაცნობად კანისა და ლიმფური კვანძების შემოწმებას გასწავლიან, რომ ადრევე მოახდინოთ საეჭვო ნიშნების ამოცნობა.

ვინ ავადდება?

დიდ ბრიტანეთში მელანომა ყველაზე ხშირ სიმსივნეებს შორის მე-5 ადგილზეა. ყოველწლიურად 13 000 ახალი შემთხვევის დიაგნოსტიკა ხდება.

ამ შემთხვევათა მეოთხედზე მეტი 50 წლამდე პაციენტებში იქნა აღმოჩენილი, რაც სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით ძალიან უჩვეულოა. ინგლისში, დროთა განმავლობაში მისი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, რაც ულტრაიისფერი გამოსხივებითა და მზეზე წოლითაა გამოწვეული.

დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად, მელანომით 2000 ადამიანი იღუპება.

შესაძლებელია თუ არა მელანომის პრევენცია?

მელანომის პროფილაქტიკა ყოველთვის შესაძლებელი არაა, მაგრამ პაციენტს შეუძლია დაავადების რისკი ულტრაიისფერი დასხივების თავიდან არიდებით შეამციროს.

მზისგან დამწვრობის  თავიდან არიდება მზისგან დამცავი კრემითა და მზეზე შესაბამისი სამოსის ხმარებითაა შესაძლებელია. პაციენტი სოლარიუმში სიარულს და გარუჯვის სხვა საშუალებებსაც უნდა მოერიდოს. ხალებისა და ჭორფლის რეგულარული შემოწმება ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, რაც წარმატებული მკურნალობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

კომენტარის დამატება