Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მახვილა ჭია (ენტერობიაზი)

მახვილა ჭია (ენტერობიაზი)

1 303

მახვილა ჭია, იგივე ენტერობიაზი (ან ენტერობიოზი) არის მცირე ზომის პარაზიტული ჭია, რომელიც ადამიანის მსხვილ ნაწლავს აინფიცირებს.

მახვილა ჭია გაერთიანებულ სამეფოში ჭიის ყველაზე ხშირი ფორმაა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში.

მახვილა ჭია მცირე თეთრ ძაფს წააგავს. შესაძლოა ის თქვენი ბავშვის უკანა ტანის მიდამოში ან განავალში შენიშნოთ.ისინი ყოველთვის არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამ დაავადებული ადამიანები უკანა ტანის და საშოს არეში ქავილს ამჩნევენ. ქავილი შესაძლოა ღამით დამძიმდეს და ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

როდის უნდა ნახოთ ექიმი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს მახვილა ჭია გაქვთ, ჩვეულებრივ, ინფექციის მკურნალობას თქვენითაც შეძლებთ. სამკურნალო პრეპარატების შეძენისთვის ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი არ დაგჭირდებათ.

ექიმს იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ, თუ მახვილა ჭიაზე ეჭვობთ და ამავდროულად ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან თუ ფიქრობთ, რომ 2 წლამდე ბავშვია დაინფიცირებული. ამ შემთხვევებში მკურნალობა განსხვავებულია.

როგორ ვრცელდება მახვილა ჭია?

მახვილა ჭია დაინფიცირებული ადამიანის ანუსში (უკანალში) კვერცხებს დებს, ძირითადად ღამით. კვერცხებთან ერთად ლორწოც გამოიყოფა, რაც ქავილს იწვევს.

თუ კვერცხები მოქავებისას თითზე მოხვდა, ისინი შესაძლოა პირის ღრუს, სხვადასხვა ზედაპირს ან ტანსაცმელს გადაეცეს. ადამიანებს, რომლებიც დაბინძურებულ ზედაპირს შეეხებიან, კვერცხების პირში მოხვედრის რისკი აქვთ.

მახვილა ჭიის კვერცხები გამოჩეკვამდე, 2 კვირამდე ცოცხლობენ. თუ კვერცხი ანუსში გამოიჩეკა, მაშინ ახალდაბადებულ ჭიას უკან, ნაწლავებში შეღწევა შეუძლია. გადაყლაპული კვერცხები ნაწლავებში იჩეკება. ორი კვირის შემდეგ ჭია ზრდასრულ ზომას აღწევს და ამ ციკლის ახლიდან დაწყებით იწყებს გამრავლებას.

მახვილა ჭიის მკურნალობა

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს მახვილა ჭია გაქვთ, მკურნალობა სახლში მცხოვრებმა ყველა პიროვნებამ უნდა ჩაიტაროს, რადგან ამ შემთხვევაში გადადების მაღალი რისკი არსებობს. ეს იმ ადამინებსაც მოიცავს, ვისაც ინფიცირების სიმპტომები არ აწუხებს.

უმრავლესობისთვის, მკურნალობა წამლის, მებენდაზოლის ერთ დოზას მოიცავს. საჭიროების შემთხვევაში, მეორე დოზის მიღება 2 კვირის შემდეგ შეიძლება. მკურნალობის დროს და მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ჰიგიენის მკაცრი დაცვა მნიშვნელოვანია, რათა მახვილა ჭიის კვერცხების გავრცელება არ მოხდეს. ეს სახლის რეგულარულ დალაგებას, მტვერსასრუტის გამოყენებას და აბაზანისა და სამზარეულოს კარგად გაწმენდას გულისხმობს.

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, მედიკამენტების მიღების გარეშე ჰიგიენის დაცვა საკმარისია. ასევეა პატარა ბავშვების შემთხვევაში.

მახვილა ჭიის პრევენცია

მახვილა ჭიით ინფიცირების პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ ჰიგიენის დაცვით და ბავშვებისთვის ამავეს სწავლებით რისკს საგრძნობლად შეამცირებთ.

ბავშვებმა რეგულარულად უნდა დაიბანონ ხელები, განსაკუთრებით საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ჭამის დაწყებამდე. სამზარეულოს და აბაზანის ზედაპირები სუფთა უნდა იყოს.

თუ თქვენი ბავშვი დაინფიცირდა, უთხარით რომ ანუსის და საშოს არეები არ მოიქავოს, ეს ხელს შეუშლის რეინფიცირებას და შეამცირებს მისი გავრცელების რისკს.

კომენტარის დამატება