Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნაღვლის ბუშტის კიბო

ნაღვლის ბუშტის კიბო

392

ნაღვლის ბუშტის სიმსივნე ძალიან იშვიათია. დიდ ბრიტანეთში, წელიწადში დაახლოებით 880 ადამიანს ემართება.

ნაღვლის ბუშტის სიმსივნის სხვადასხვა სახეობები არსებობს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უჯრედებზე ახდენს გავლენას სიმსივნე. თუმცა მათი დიდი უმრავლესობა, 85%-ზე მეტი წარმოადგენს ადენოკარცინომას, რაც ნიშნავს, რომ სიმსივნე დაწყებულია ნაღვლის ბუშტის ჯირკვლის ამომფენიდან. სიმსივნე, რომელიც იწყება კანის მსგავსი უჯრედებიდან, რომელიც წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის ამომფენს, ცნობილია როგორც ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნე.

ნაღვლის ბუშტის კიბო უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამ ტიპის კიბოს 70% მოდის ქალებზე და უფრო ხშირად გვხვდება მოხუცებულობაშ, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუშტი პატარა, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც ღვიძლს ქვემოთ მდებარეობს. მისი ძირითადი ფუნქცია ნაღვლის შენახვაა.

ნაღველი არის სითხე, რომელიც ღვიძლის მიერაა წარმოქმნილი და ცხიმების მონელებაშია საჭირო. ის არხების საშუალებით, რომელთაც ნაღვლის სადინრებს უწოდებენ, ჩაედინება ნაღვლის ბუშტში, სადაც გროვდება და ინახება.

დროთა განმავლობაში ნაღვლის ბუჭტში, ნაღველის კონცენტრაცია იზრდება და რაც ზრდის ცხიმების მონელების ეფექტურობას. ნაღვლის ბუშტი მაშინ გაუშვებს ნაღველს მონელების სისტემაში, როდესაც საჭირო იქნება.

ნაღვლის ბუშტი საჭიროა, მაგრამ არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, ამიტომ მისი მოშორება უსაფრთხოდაა შესაძლებელი და ამით საჭმლის მონელების პროცესი არ შეფერხდება.

ნაღვლის ბუშტის კიბოს სიმპტომები

ნაღვლის ბუშტის სიმსივნე ადრეულ სტადიებზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც ნიშნავს, რომ მისი დიაგნოზირება ხშირად უკვე შორსწასულ სტადიაზე ხდება. ამ დროს მისი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება
  • სიყვითლე.

ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვადასხვა მდგომარეობითაც და არ იყოს ნაღვლის ბუშტის სიმსივნესთან კავშირში, თუმცა ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს გამოსაკვლევად.

ნაღვლის ბუშტის სიმსივნის სხვა სიმტომები შეიძლება იყოს მადის დაკარგვა, გაურკვეველი მიზეზით წონის დაკლება და კუჭის შეშუპება.

რა იწვევს ნაღვლის ბუშტის სიმსივნეს?

ნაღვლის ბუშტის სიმსივნის დროს ანომალიური უჯრედები იზრდება ნაღვლის ბუშტის შიგნით. უცნობია რატომ ხდება ეს, მაგრამ არსებობს მოსაზრება კონკრეტული გამომწვევების შესახებ, რომლებიც რისკს ზრდიან.

ნაღვლის ბუშტის კიბო უფრო ხშირია მოხუცებულობაში და ამიტომ მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. დიდ ბრიტანეთში, ამ ტიპის ისმსივნეების უმეტესობა ემართებათ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

ცხოვრებისეული ფაქტორები, როგორიცაა სიმსუქნე, სიგარეტის მოწევა და არაჯანსაღი კვება, მიიჩნევა ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკის გამზრდელ ფაქტორებად. თუმცა, კვებისა და ამ ტიპის სიმსივნის დამაკავშირებელი მყარი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.

ასევე არის სხვადასხვა მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან სიმსივნის წარმოქმნის რისკებს. მაგალითად ნაღვლის კენჭები, ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება) და დიაბეტი ახლო კავშირშია ამ კონკრეტული დაავადების განვითარებასთან.

რისკები ასევე იზრდება ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიაში დაფიქსირებული ნაღვლის კენჭების, ქოლეცისტიტის, ან ნაღვლის ბუშტის სიმსივნის შემთხვევაშიც.

დიაგნოზირება

ნაღვლის ბუშტის სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში, ოჯახის ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი და გამოავლინოს ნაღვლის ბუშტის სიმსივნის სიმპტომები, ან გაგზავნოს სპეციალისტთან, უმეტეს შემთხვევაში გასტროენტეროლოგთან (საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობებში სპეციალიზირებულ ექიმთან).

გასტროენტეროლოგი გაეცნობა პაციენტის სამედიცინო ისტორიას და შეამოწმებს ლიმფურ ჯირკვლებს კისერზე, ყელში და საზარდულზე, რომ ნახოს არის თუ არა ჯირკვლები შეშუპებული.

შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ტესტებიც:

  • სისხლის ანალიზი
  • ულტრაბგერითი სკანირება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

თუ ეს გამოკვლევები აღმოაჩენს ნაღვლის ბუშტში, ან მის გარშემო რაიმე ანომალიებს, დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევებიც.

დამატებითი გამოკვლევები შეიძლება მოიცავდეს:

  • ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანრეატოგრაფიას (Endoscopic retrograde cholangiopancreatography – ERCP)
  • მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას (Magnetic resonance cholangiopancreatography – MRCP)
  • ბიოფსიას და წვრილი ნემსით ასპირაციას (fine needle aspiration)

მკურნალობა

ნაღვლის ბუშტის კიბოს ძირითადი სამკურნალო მეთოდი ქირურგიული ჩარევით ნაღვლის ბუშტის და თუ საჭირო გახდა, მისი გარემომცველი ქსოვილების ამოკვეთაა.

ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასთან ერთად, დამატებით ინიშნება ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია, ცალცალკე ან კომბინირებულადაც.

მკურნალობის პროგრამა დამოკიდებული იქნება:

  • ნაღვლის ბუშტის კიბოს ტიპზე
  • კიბოს სტადიაზე
  • პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

სხვა სიმსივნეების მსგავსად, გადარჩენის შანსი დიაგნოზირების მომენტში, დაავადების განვითარების სტადიაზეა დამოკიდებული.

მაგალიტად, თუ სიმსივნური უჯრედები შემოფარგლულია მხოლოდ ნაღვლის ბუშტის ამომფენ ქსოვილებში, მაშინ პაციენტის ხუთ წელზე მეტის ცხოვრების შანსები საკმაოდ კარგია (80%-ზე მეტი).

თუმცა, თუ ნაღვლის ბუშტის კიბო უკვე გავრცელებულია მის გარემომცველ ქსოვილებში, ან ლიმფურ კვანძებში, მაშინ პაციენტის პროგნოზი, მისი 5 წლამდე ცხოვრებისა არც თუ ისე დიდია (დაახლოებით 30%).

რა არის კიბო?

ორგანიზმი შედგება მილიონობით სხვადასხვა სახეობის უჯრედებისგან. კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ზოგიერთი უჯრედი დაიწყებს ანომალიურად გაზრდას და გამრავლებას.

როდესაც კიბო მოქმედებს ორგანოზე და მყარ ქსოვილებზე, ის იწვევს ზრდას, რასაც სიმსივნურ ზრდას უწოდებენ. კიბო შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ნებისმიერ ადგილას, სადაც უჯრედები დაიწყენებ ანომალიურ გამრავლებას.

1. ღვიძლი
2. ნაღვლის ბუშტი
3. ნაღვლის ბუშტის სადინარი
4. ნაღვლის ბუშტის სადინარი უერთდება თორმეტგოჯა ნაწლავს
5. კუჭი

კომენტარის დამატება