Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ორსულობის დიაბეტი (გესტაციური დიაბეტი)

ორსულობის დიაბეტი (გესტაციური დიაბეტი)

173

გესტაციური დიაბეტი, იგივე ორსულობის დიაბეტი არის ორსულობის დროს განვითარებული შაქრის მაღალი რაოდენობა სისხლში და ძირითადად ქრება მშობიარობის შემდეგ.

გესტაციური დიაბეტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია ორსულობის მეორე ნახევარში.

ეს ხდება მაშინ, თუ რგანიზმის ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს (ჰორმონს, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლს), რომ დააკმაყოფილოს ორსულობის დროს მომატებული მოთხოვნა.

გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები დედაშიც და ნაყოფშიც როგორც ორსულობის დროს, ასევე მშობიარობის შემდეგაც, მაგრამ ამ რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ ეს მდგომარეობა დროულად იდენტიფიცირდება და სწორად გაკონტროლდება.

ვინ არის გესტაციური დიაბეტის რისკის ქვეშ?

გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს ნებისმიერ ქალს შეიძლება განუვითარდეს, მაგრა უფრო გაზრდილი რისკი აქვს ქალებს:

  • რომლებსაც სხეულის მასის ინდექსი აქვთ 30 და უფრო მეტი - გამოიყენეთ სხეულის მასის ინდექსის კალკულატორი, რომ დაადგინოთ ხართ თუ არა ჯანსაღი ნორმის ფარგლებში
  • რომლებსაც წინა ორსულობის დროს გაუჩნდათ ბავშვი, რომელიც იწონიდა 4.5 კგ, ან მეტს დაბადებისას
  • რომლებსაც წინა ორსულობისას ჰქონდათ გესტაციური დიაბეტი
  • რომლებსაც ჰყავთ დიაბეტით დაავადებული მშობელი ან ძმა ან და
  • რომლებიც წარმოშობით არიან სამხრეთ აზიიდა, ჩინეთიდან, აფრო-კარიბული ან ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებიდან.

თუ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი შემთხვევის დროს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ორსულ ქალს დიაბეტის სკრინინგი.

სიმპტომები

გესტაციურ დიაბეტს ყოველთვის არ ახლავს სიმპტომები და მათი უმეტესი შემთხვევები დგინდება გესტაციური დიაბეტის სქრინინგის დროს სისხლში შაქრის დონის გამოკვლევის შედეგად.

ზოგიერთ ქალს შეიძლება განუვითარდეს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) სიმტპომები, როგორებიცაა:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • პირის სიმშრალე
  • შარდვის უფრო გახშირებული სურვილი
  • დაღლილობა.

მაგრამ ზოგიერთი ეს სიმპტომი ხშირია ორსულობის დროს და აუცილებლად არ ნიშნავს რაიმე პრობლემის ნიშანს. აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს მეან გინეკოლოგს ან მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო სიმპტომი და ღელავთ ამის შესახებ.

როგორ შეიძლება იმოქმედოს გესტაციურმა დიაბეტმა ორსულობაზე?

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმრავლესობას აქვს ნორმალური ორსულობა და ჰყავთ ჯანმრთელი ბავშვები, თუმცა, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

  • ნაყოფი (ბავშვი) შეიძლება გაიზარდოს ჩვეულებრივზე მეტად - ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის პრობლემები და გაზარდოს ნაადრევი ხელოვნურად პროვოცირებული მშობიარობის (inducing labour), ან საკეისრო კვეთის ალბათობა
  • პოლიჰიდრამნიოზი (polyhydramnios) - ამნიონური სითხის ჭარბი რაოდენობა (სითხე, რომელშიც მოთავსებულია ბავშვი) საშვილოსნოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან მშობიარობის პრობლემები
  • ნაადრევი მშობიარობა - მშობიარობა, რომელიც ხდება ორსულობის 37 კვირაზე ადრე
  • პრე-ეკლამფსია - მდგომარეობა, რომელიც იწვევს ორსულობის დროს სისხლის მაღალ წნევას და მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის გართულებები
  • ბავშვს დაბადების შეიძლება განუვითარდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე ან კანის და თვალების სიყვითლე, რასაც შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა საავადმყოფოში
  • მკვდრადშობადობა - თუმცა ეს იშვიათია.

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებს მომავალში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო გაზრდილი რისკი აქვთ.

გესტაციური დიაბეტის სქრინინგი

გესტაციური დიაბეტისთვის სქრინინგი, შეიძლება მოხდეს ექიმთან დანიშნული ორსულობის რუტინული გამოკვლევების დროს ორსულობის 8-12 კვირაში. ამ დროს ექიმი ორსულ ქალს დაუსვამს კითხვებს, რომ განსაზღვროს არის თუ არა გესტაციური დიაბეტის გაზრდილი რისკის მატარებელი. თუ რომელიმე რისკ ფაქტორი გამოიკვეთა (იხილეთ ზემოთ, თუ ვინ არის რისკის ქვეშ), ორსულ ქალს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს გესტაციური დიაბეტის ტესტი.

გესტაციური დიაბეტი დგინდება ორალური გლუკოზის ტოლერანტობის ტესტით რომელსაც დაახლოებიტ 2 საათი სჭირდება.

ეს გამოკვლევა მოიცავს სისხლის ანალიზის აღებას დილას, უზმოზე, როდესაც არაფერი ექნება დალეული ან ნაჭამი (დასაშვებია წყალი ღამის განმავლობაში, მაგრამ არა დილას).

ამის შემდეგ ორსულ ქალს დაალევინემენ გლუკოზის შემცველ სითხეს და ამ სითხის დალევიდან 2 საათის შემდეგ კვლავ გაუკეთებენ სისხლის ანალიზს, რომ შემოწმდეს როგორ რეაგირებს ორგანიზმი გლუკოზაზე.

ეს გამოკვლევა კეთდება ორსულობის 24-28 კვირებს შორის. თუ ორსულ ქალს ადრე უკვე ჰქონდა გესტაციური დიაბეტი, წინა ორსულობ(ებ)ის დროს, მაშინ გამოკვლევა უფრო ადრე დაინიშნება და თუ პასუხები არ აჩვენებს პრობლემას, მაშნ კიდევ ერთხელ გაუკეთდება განმეორებითი გამოკვლევა ორსულობის 24-28 კვირებს შორის.

ალტერნატიულ შემთხვევაში, ორსულ ქალს, შეიძლება შესთავაზონ, რომ თავად გაიკეთოს ანალიზი თითში საჩხვლეტი შაქრის დონის საზომი მოწყობილობით.

გესტაციური დიაბეტის მკურნალობა

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში, ორსულობის პრობლემების შანსები შეიძლება შემცირდეს სისხლში შაქრის დონის კონტროლით.

ასეთ დროს ორსულ ქალს ურჩევენ შეიძინოს შაქრის დონის საზომი მოწყობილობა, რომ თვითონვე გაუკეთოს კონტროლი თავის მდგომარეობას და შეამოწმოს მკურნალობის ეფექტურობა.

სისხლში შაქრის დონე შეიძლება შემცირდეს კვების რაციონში შეტანილი ცვლილებებით და ვარჯიშით. თუმცა, ქალების უმრავლესობას ცხოვრებისეული რითმის ცვლილებასთან ერთად დასჭირდება წამლებიც, თუ მხოლოდ ვარჯიშმა და სწორმა კვებამ არ გამოიღო შედეგი. წამლები შეიძლება იყოს აბები ან ინსულინის ინექციები.

ასევე აუცილებელია უფრო მეტი ყურადღებით დაკვირვება, რომ არ განვითარდეს რაიმე პოტენციური პრობლემა.

გესტაციური დიაბეტის დროს მშობიარობა უმჯობესია მოხდეს ორსულობის 41 კვირამდე. თუ ამ ვადამდე ბუნებრივად არ დაიწყო მშობიარობა, მაშინ რეკომენდირებული იქნება ინდუცირებული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.

უფრო ადრეული მშობიარობა შეიძლება რეკომენდირებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას ემუქრება რაიმე საფრთხე, ან თუ სისხლში შაქრის დონე ვერ კონტროლდებოდა სათანადოდ.

გესტაციური დიაბეტის გრძელვადიანი ეფექტები

გესტაციური დიაბეტი ჩვეულებრივ თავისით გაივლის მშობიარობის შემდეგ, მაგრამ ქალებს ვისაც ჰქონდათ ეს პრობლემა ორსულობისას, დიდ ალბათობით განუვითარდებათ:

  • გესტაციური დიაბეტი შემდგომი ორსულობების დროსაც
  • მეორე ტიპის დიაბეტი - ქრონიკული დაავადება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

ამის გამო, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებმა, ორსულობის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიკეთოდ დიაბეტის ტესტი მშობიარობიდან 6-13 კვირებში და ასევე შემდეგ ყოველწლიურად.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაგივითარდათ სისხლში შაქრის მაღალი დონის სიმპტომები, როგორებიცაა წყურვილის უჩვეულოდ გაძლიერებული გრძნობა, მოშარდვის ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გაზრდილი მოთხოვნილება და პირის სიმშრალე - ასეთი სიმპტომების დროს ნუ დაელოდებით მომდევნო გამოკვლევას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

დიაბეტის ტესტები უნდა გაკეთდეს მაშინაც კი თუ თავს კარგად იგრძნობთ, რადგან დიაბეტის მქონე მრავალი ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს რაიმე სიმპტომს.

დიაბეტის განვიტარების რისკების შემცირება შესაძლებელია ჯანსაღი წონის შენარჩუნებით (იხილეთ სტატია და კალკულატორი, რომ შეამოწმოთ ხართ თუ არა ჯანსაღი წონის ფარგლებში), ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით და რეგულარული ვარჯიშით.

მომდევნო ორსულობის დაგეგმვა

თუ წინა ორსულობის დროს გქონდათ გესტაციური დიაბეტი და კვლავ გეგმავთ დაორსულებას, აუცილებლად წინასწარ შემოწმდით დიაბეტზე.

თუ აღმოგაჩნდებათ დიაბეტი აუცილებლად მიმართეთ დიაბეტის სპეციალისტს, რომ მოხდეს თქვენი მდგომარეობის გაკონტროლება დაორსულებამდე და მიიღოთ რჩევები ექიმისგან.

თუ არ აღმოგაჩნდებათ დიაბეტი, მაშინ ჩვეულებრივ გაკეთდება გამოკვლევები განრიგის მიხედვით, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ტესტი გაკეთდება უფრო ადრე და შემდეგ განმეორებითი ტესტი ორსულობის 24-28 კვირებში.

კომენტარის დამატება