Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პროსტატიტი - პროსტატის ანთება

პროსტატიტი - პროსტატის ანთება

189

პროსტატიტი არის პროსტატის ჯირკვლის ანთება (შეშუპება). ის შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და შემაწუხებელი, მაგრამ ძირითადად საბოლოოდ მაინც უმჯობესდება.


პროსტატა არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებშია, იგი მოთავსებულია პენისსა და შარდის ბუშტს შორის. მისი დანიშნულება არის სქელი, თეთრი ფერის სითხის, ე.წ. პროსტატის წვენის გამოყოფა, რომელიც ერევა სპერმაში და ქმნის სათესლე სითხეს.

პროსტატის სხვა მდგომარეობებისგან განსხვავებით, როგორებიცაა მაგალითად პროსტატის კიბო (prostate cancer), ან პროსტატის გადიდება (prostate enlargement), რომლებიც ძირითადად ემართებათ მოხუცებულ ადამიანებს, პროსტატიტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს.

ნიშნები და სიმპტომები

პროსტატიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილს მენჯში, გენიტალიებში, წელის ქვედა ნაწილში და დუნდულებში
  • ტკივილს შარდვის დროს
  • შარდვის გახშირებულ მოთხოვნილებას
  • შარდვის გაძნელებას, როგორიცაა პრობლემები შარდვის დაწყებისას ან შარდვისას შარდვის შეწყვეტა-დაწყება
  • ტკივილს ეაკულაციის დროს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ერექციის დარღვევაზე ან სქესობრივი ლტოლვის დაკარგვაზე.

ზოგჯერ პროსტატიტის მქონე მამაკაცმა შეიძლება იგრძნოს დაღლილობა, სახსრების და კუნთების ტკივილი, შეციება და მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი.

ეს სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება ნელ-ნელა და თვეების განმავლობაში ჩნდება და ქრება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დაიწყოს უეცრად.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ პროსტატიტის სიმპტომები. ექიმი გკითხავთ პრობლემის შესახებ და შეიძლება შეგიმოწმოთ მუცელი. დიდი ალბათობით ასევე საჭირო იქნება სწორი ნაწლავის გამოკვლევაც (rectal examination), როდესაც ექიმი უკანა ტანში თითის შეყოფით გასინჯავს არის თუ არა პროსტატა შეშუპებული.

ექიმი დანიშნავს შარდის ანალიზსაც, რომ შეამოწმოს ინფექციის ნიშნები და ასევე შეიძლება მიგმართონ სხვა სპეციალისტებთანაც, რომ გამოირიცხოს სხვა შესაძლო დაავადებები.

აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს, თუ უეცრად გაგივითარდათ პროსტატიტის მძიმე სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ მწვავე პროსტატიტი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლეები, როგორიცაა მაგალითად შარდის უეცარი შეკავება (შარდის მწვავე შეკავება).

რა იწვევს პროსტატიტს?

პროსტატიტის ორი ძირითადი სახეობაა:

  • ქრონიკული პროსტატიტი - ყველაზე გავრცელებული სახეობა. ამ დროს სიმპტომები ჩნდება და ქრება რამდენიმეთვიანი პერიოდულობით
  • მწვავე პროსტატიტი - სიმპტომები მძიმეა და სწრაფად ვითარდება. ეს სახეობა უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობა და ამიტომ საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

მწვავე პროსტატიტს ძირითადად იწვევს საშარდე ტრაქტში (თირკლემებში, შარდის ბუშტში და მათ შემაერთებელ მილებში) განვითარებული ბაქტერიული ინფექცია რომელიც გადადის პროსტატაში.

ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევებში, ექიმები ძირითადად ვერ პოულობენ რაიმე სახის ინფექციას პროსტატის ჯირკვალში და შესაბამისად სიმპტომების გამომწვევი მიზეზები უცნობია.

მკურნალობა

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა ძირითადად მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს. ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი ძირითადად საკმარისია ტკივილის შესამსუბუქებლად.

შარდვის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოწერონ წამალი, რომელსაც ალფა-ბლოკერებს უწოდებენ, როგორიცაა ტამსულოსინი (tamsulosin), რადგან ამ წამლებს შეუძლიათ შარდის ბუშტის ქვედა ნაწილის და პროსტატის ჯირკვლის კუნთების მოდუნება.

იშვიათ შემთხვევებში, თუ აღმოჩნდა ინფექცია, შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკების (როგორიცაა ციპროფლოქსაცინი - Ciprofloxacin) 4-6 კვირიანი კურსი და მოხდეს დაკვირვება თუ ეს გააუმჯობესებს სიმპტომებს.

მძიმე სიმპტომების შემთხვევაში, შეიძლება განიხილონ უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა, როგორებიცაა ამიტრიპტილინი (Amitriptyline) და გაბაპენტინი (Gabapentin). ამისი მიზანი, ტკივილის მთლიანად გაქრობაზე მეტად, ტკივილის და სიმპტომების იმ დონემდე შემცირებაა, რომ აღარ იმოქმედოს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მწვავე პროსტატიტის მკურნალობა ჩვეულებრივ ხდება ტკივილგამაყუჩებლებით და 2-4 კვირიანი ანტიბიოტიკების კურსით.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ პაციენტი ძალიან ავადაა, ან თუ არ შეუძლია შარდის გამოყოფა, შეიძლება საჭირო გახდეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა და იქ მკურნალობა.

პროგნოზი

ქრონიკულიპროსტატიტირთულისამკურნალოა, რადგანძალიანცოტააცნობილიდაავადებისგამომწვევიმიზეზისშესახებ. მამაკაცების უმეტესობა, მკურნალობასთან ერთად თანდათან უკეთ იგრძნობს თავს, მაგრამ ამას შეიძლება თვეები ან წლები დასჭირდეს.

მწვავე პროსტატიტის შემთხვევაში, მამაკაცების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა ყოველ მეათე პაციენტს მომავალში განუვითარდება ქრონიკული პროსტატიტი.

ზოგიერთ მამაკაცს ზოგჯერ უბრუნდება სიმპტომები, რომლებსაც ასევე ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.

პროსტატიტი არ არის კიბო და ამჟამად არ არის რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პროსტატიტმა შეიძლება გაზარდოს პროსტატის კიბოს განვითარების შანსი.

კომენტარის დამატება