Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რექტუმის ტკივილი

რექტუმის ტკივილი

250

ანალური (უკანალის) ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ხშირად მცირე დაზიანებითაა გამოწვეული, რომელიც განკურნებადია.

ანალური ტკივილის სამედიცინო ტერმინი არის პროქტალგია.

ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები

ანალური ნაპრალი

ანალური ნაპრალი არის ანუსის კანის მცირედით გახევა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი ზომის ან გამაგრებული განავალის გასვლით.

ანალური ნაპრალის სიმპტომებია:

  • ძლიერი, ბასრი ტკივილი კუჭში გასვლის დროს
  • კუჭში გასვლის შემდეგ მწველი ან მღრღნელი ტკივილის შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში
  • სისხლდენა უკანა ტანიდან (რექტუმიდან) - ამ შემთხვევაში სისხლის მცირე რაოდენობა შეიძლება შეამჩნიოთ ტუალეტის ქაღალდზე უკანა ტანის გამოწმენდის დროს.

წაიკითხეთ დამატებით რექტალურ სისხლდენაზე (rectal bleeding).

ანალური ნაპრალი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, მაგრამ მათი უმრავლესობა თავისით ხორცდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. შეხორცებაში შეიძლება დაგეხმაროთ კვების რაციონში უჯრედისის (ბოჭკოვანი ნივთიერებების) რაოდენობის გაზრდა, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და ლაქსატივების და ურეცეპტოდ გაცემადი ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

თუ ტკივილი ხანგრძლივდება, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მალამოების გამოყენება, რომლებიც ადუნებენ ანუსის გარშემო არსებულ კუნთებს. იშვიათად, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაციაც.

გაიგეთ მეტი ანალური ნაპრალის მკურნალობის შესახებ.

ბუასილი

ანალური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემაროიდით (ბუასილით). ჰემოროიდები არის შეშუპებები, რომლებიც შეიცავენ უკანა ტანის შიგნით ან მის გარშემო არსებულ, გადიდებულ სისხლძარღვებს. მათ გამომწვევად ხშირად მოიაზრება ტუალეტში კუჭში გასვლისას ჭინთვები, რაც თავის მხრივ ხშირად გამოწვეულია გახანგრძლივებული ყაბზობით (კუჭის შეკრულობით).

მრავალ შემთხვევაში ჰემოროიდები არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამ როდესაც სიმპტომები ჩნდება, შეიძლება განვითარდეს:

  • სისხლდენა კუჭში გასვლის შემდეგ
  • უკანა ტანის ქავილი
  • ანუსის გარშემო შეშუპები ან გამონაზარდის შეგრძნება
  • ანუსის გარშემო წყლულის და სიწითლის გაჩენა
  • ანალური ტკივილი, თუ ჰემოროიდებში მიმავალი სისხლის ნაკადი დაიბლოკება ან შეფერხდება, მაგალითად თრომბით.

სიმპტომები ხშირად თავისით გაივლის რამდენიმე კვირაში. გამოჯანმრთელებაში შეიძლება დაგეხმაროთ კვების რაციონში უჯრედისის რაოდენობის გაზრდა, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და ლაქსატივების და ურეცეპტოდ გაცემადი ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

თუ ჰემოროიდში დაიბლოკება სისხლის მიმოქცევა, სისხლის კოლტით, მის სამკურნალოდ ადგილობრივი ანესთეზიით (როდესაც ხდება ადგილის გაყუჩება) ატარებენ მარტივ პროცედურას თრომბის ამოსაღებად.

გაიგეთ მეტი ბუასილის მკურნალობის შესახებ.

ანალური ფისტულა აბსცესი

ანალური ფისტულა არის მცირე ზომის ხვრელი, რომელიც ყალიბდება ნაწლავის ბოლოსა და ანუსთან ახლოს მდებარე კანს შორის. ეს ძირითადად გამოწვეულია ანუსთან ახლოს განვითარებული ინფექციისა, რომელიც იწვევს ჩირქის (აბსცესის) დაგროვებას.

ანალური ფისტულის ან აბსცესის სიმპტომები მსგავსია და შეიძლება მოიცავდეს:

  • მუდმივ, მჭრელ ტკივილს, რომელიც შეიძლება უარესდებოდეს დაჯდომისას
  • ანუსის გარშემო კანის გაღიზიანებას
  • კუჭში გასვლის დროს ჩირქის ან სისხლის გამოსვლას
  • ანუსის გარშემო შეშუპებას და სიწითლეს
  • მაღალ ტემპერატურას (სიცხეს).

თუ აბსცესის აღმოჩენა მოხდა დროულად, ექიმმა მის სამკურნალოდ შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკები. თუ აბსცესის არსებობა გახანგრძლივდა შეიძლება საჭირო გახდეს მისი დრენირება ქირურგიულად. ეს ძირითადად ჰოსპიტალურად ხდება და შეიძლება დასჭირდეს ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი).

თუ ჩამოყალიბდა ფისტულა, მაშინ ძირითად შემთხვევებში საჭირო იქნება ქირურგიული ოპერაცია, რადგან ისინი თავისით იშვიათად ხორცდება.

გაიგეთ მეტი ანალური ფისტულას მკურნალობის შესახებ.

უფრო იშვიათი მიზეზები

უფრო იშვიათად ანალურ ტკივილს იწვევს:

  • პროქტალგია ფუგაქსიმდგომარეობა, რომელიც იწვევს უეცარ, ძლიერი ტკივილის ეპიზოდებს, რომლებიც გრძელდება რამდენიმე წუთი; მის სამკურნალოდ შეიძლება დაგეხმაროთ მედიკამენტები, რომლებიც ადუნებენ მენჯის კუნთებს
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება, მაგ: კრონის დაავადება(Crohn's disease) - მისი სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის სპაზმები, სისხლიანი დიარეა (ფაღარათი) და წონის დაკლება; სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს სამკურნალო საშუალებები
  • ინფექცია - როგორიცაა სოკოვანი ინფექცია ან რექტალური გზით სქესობრივად გადამდები ინფექციები (მამათმავლებში)
  • ძვალთან დაკავშირებული პრობლემა, მაგალითად კოკოდინია (ტკივილი კუდუსუნში) ან ართრიტის ან ძვლის კიბოს მიერ გამოწვეული ზურგის, მენჯის, ან თეძოების ტკივილი. 
  • საშარდე გზების პრობლემა მაგ: პროსტატიტი (პროსტატის ჯირკვლის ანთება).
  • ანუსის ან ქვედა რექტუმის კიბო - ამას შეიძლება ჰქონდეს ჰემოროიდების  და ანალური ნაპრალის მსგავსი სიმპტომები, მაგრამ ძალიან იშვიათია.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ექიმთან მიმართვა ყოველთვის არ არის აუცილებელი, რადგან ანალური ტკივილის მრავალი ძირითადი გამომწვევი მიზეზები თავისით გამოსწორდება მარტივი თვით-დახმარების მეთოდებით, მაგრამ კარგი იქნება მიმართოთ ექიმს, თუ

  • ტკივილი არის ძლიერი
  • ტკივილი არ შემსუბუქდება რამდენიმე დღის შემდეგ
  • ტკივილთან ერთად ასევე გაქვთ სისხლდენა უკანა ტანიდან.

არ მოგერიდოთ ექიმთან მისვლა, რადგან ანალური ტკივილი ხშირი პრობლემაა და ექიმისთვის ეს არ იქნება ახალი. ექიმი დათვალიერებით შეძლებს პრობლემის მიზეზის აღმოჩენას და გირჩევთ მკურნალობის მეთოდს.

გამოკვლევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს რექტალური გამოკვლევაც (rectal examination), რომლის დროსაც ექიმი უკანა ტანის შიგნიდან გასასინჯად თითს მოათავსებს ანუსში და შეამოწმებს ხომ არ არის რაიმე ანომალია.

კომენტარის დამატება