Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კუჭის წყლული

კუჭის წყლული

2 096

კუჭის წყლულები კუჭის ამომფენ შრეზე განვითარებული ღია ჭრილობებია.

წყლულები შესაძლოა კუჭის შემდეგ, ნაწლავის ნაწილებზეც განვითარდეს - ამ წყლულებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს უწოდებენ.

ზოგჯერ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს კუჭის წყლულებს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ტერმინად “კუჭის წყლულს” გამოვიყენებთ, თუმცა ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებსაც ეხება.

 

ნიშნები და სიმპტომები

კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია.

თუმცა, კუჭის წყლულების დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, როგორებიცაა მოუნელებლობა (დისპეპსია), გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.

 

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ეჭვი კუჭის წყლულზე. ასევე სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი:

  • სისხლიანი ღებინება - სისხლი შესაძლოა კაშკაშა წითელი ფერის ან მუქი ყავისფერი იყოს და გარეგნულად ყავის მარცვლებს ჰყავდეს
  • მუქი ფერის, წებოვანი, ფისის მსგავსი განავალი
  • კუჭის მოულოდნელი, მჭრელი ტკივილი, რომელიც თანდათანობით უარესდება.

ეს სიმპტომები შესაძლოა სერიოზული გართულების, მაგალითად შინაგანი სისხლდენის ნიშანი იყოს (იხილეთ ქვემოთ).

 

რა იწვევს კუჭის წყლულებს?

კუჭის წყლული ჩნდება, როდესაც ზიანდება კუჭის ფენა, რომელიც იცავს ამომფენ გარსს, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება და დაშლა კუჭის სიმჟავის ზემოქმედებით. შედეგად კი სუჭის სიმჟავე იწყებს ამ ამომფენი გარსის დაშლას.

ამას ძირითადად იწვევს:

  • ჰელიკობაქტერ პილორი (H. pylori) ბაქტერია, ან
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღება, როგორებიცაა მაგალითად იბუპროფენი ან ასპირინი. განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს წამლები ხანძლივად და დიდი დოზებით მიიღება.

ადრე მოიაზრებოდა, რომ კუჭის წყლულის გამოწვევა შეეძლო სტრესს ან გარკვეულ საკვებს, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

ვის ემართება?

არ არის ცნობილი, თუ რამდენ ადამიანს აქვს კუჭის წყლული, მაგრამ მოიაზრება რომ ის საკმაოდ გავრცელებული უნდა იყოს.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ 10 ადამიანიდან ერთს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეიძლება განუვითარდეს კუჭის წყლული.

კუჭის წყლულები შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებს დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 ან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უვითარდებათ და მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ ვიდრე ქალებს.

 

კუჭის წყლულების მკურნალობა

კუჭის წყლულების უმრავლესობა მკურნალობას კარგად ექვემდებარება და წამლების შედეგად ხორცდება ერთ ან ორ თვეში. მკურნალობის სახეობა დამოკიდებულია წყლულის გამომწვევ მიზეზზე.

ადამიანთა უმრავლესობას, საჭმლის მომნელებელ სისტემაში მჟავიანობის შესამცირებლად, ენიშნებათ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ეს კუჭის წყლულს ბუნებრივად შეხორცების საშუალებას აძლევს.

თუ წყლული გამოწვეულია H. Pylori ინფექციით, ბაქტერიის მოსაკლავად და წყლულის განმეორების (რეციდივის) თავიდან ასარიდებლად ექიმები ასევე დანიშნავენ ანტიბიოტიკებს.

თუ წყლულები გამოწვეულია ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლებით, მაშინ დაინიშნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ექიმი ასევე გადახედავს რამდენად აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლების მიღების გაგრძელება, ან მათ ნაცვლად შეიძლება დანიშნოს ალტერნატივა, მაგალითად პარაცეტამოლი.

კუჭის წყლულები, მკურნალობის შემდეგ შეიძლება განმეორდეს, თუმცა ეს ნაკლებად ალბათურია, თუ მისი გამომწვევი მიზეზი სწორად დადგინდა და სწორად მოხდა მკურნალობა.

 

კუჭის წყლულის შესაძლო გართულებები

კუჭის წყლულის გართულებები შედარებით იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშიც კი.

ძირითადი გართულებებია:

  • წყლულის ადგილიდან სისხლდენა
  • წყლულის ადგილას კუჭის ამომფენი შრის დარღვევა - პერფორაცია
  • წყლულის მიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვების მოძრაობის დახშობა - კუჭის ობსტრუქცია.

კომენტარის დამატება