Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რადიოთერაპია

რადიოთერაპია

198

რადიო-თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც იყენებს დიდი ენერგიის მქონე გამოსხივებას. ის ძირითადად კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.

კიბოთი დაავადებულ პაციენტთა თითქმის ნახევრის მკურნალობის გეგმაში შედის რადიოთერაპია. მას ხანდახან იყენებენ კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა ისეთი მდგომარეობების სამართავად, როგორებიცაა ფარისებური ჯირკვლის და სისხლის ზოგიერთი დაავადება.

ეს ინფორმაცია უმთავრესად ეხება რადიოთერაპიას კიბოს მკურნალობისას.

რატომ გამოიყენება რადიოთერაპია?

კიბოს სამკურნალოდ რადიოთერაპია შეიძლება გამოვიყენოთ დამოუკიდებლად ან ქიმიოთერაპიასთან (chemotherapy) კომბინაციაში (ქიმიორადიოთერაპია).

კიბოს განუკურნებელ შემთხვევებში რადიოთერაპია ძალზე ეფექტური მეთოდია სიმპტომების სამართავად. სხივურ თერაპიას, ასევე, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევამდე სიმსივნის შესაკუმშად, რათა ის უფრო მარტივი ამოსაკვეთი გახდეს (ეს ტაქტიკა ცნობილია ნეოადიუვანტური მკურნალობის სახელით). რადიოთერაპია გამოიყენება ოპერაციის შემდეგაც სიმსივნის შესაძლო დარჩენილი ნაწილაკების გასაქრობად (ადიუვანტური მკურნალობა).

როგორ ტარდება სხივური თერაპია?

სხივები პაციენტს შეიძლება მიეწოდოს ორი გზით - სხეულის გარედან (გარეგანი რადიოთერაპია) ან შიგნიდან (შინაგანი რადიოთერაპია).

გარეგანი რადიოთერაპია, ჩვეულებრივ, გულისხმობს სპეციალური აპარატურის გამოყენებას, რომელსაც ხაზოვანი ამაჩქარებელი ეწოდება. ეს მოწყობილობა აფოკუსირებს მაღალი ენერგიის გამოსხივებას სამკურნალო ადგილზე. გარეგანი რადიოთერაპია არის აბსოლუტურად უმტკივნეულო.

გარეგანი რადიოთერაპია, როგორც წესი, ხორციელდება ყოველდღიურად რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.

შინაგანი რადიოთერაპია გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერების პატარა ნაწილაკის მოთავსებას ორგანიზმში კიბოს უჯრედების ახლოს (ცნობილია ბრაქითერაპიის სახელით), ან რადიოაქტიური სითხის გადაყლაპვას ან ინექციას. ორგანიზმში შეყვანილი წყაროდან გამოსხივება უმტკივნეულოა, მაგრამ მისი მოთავსების პროცედურამ შეიძლება მცირედი დისკომფორტი გამოიწვიოს.

რადიოთერაპიის ტიპი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კიბოს ზომაზე, სახეზე და ორგანიზმში მის მდებარეობაზე.

როგორ მოქმედებს?

რადიოთერაპიისას გამოყენებული მაღალი ენერგიის გამოსხივება შეუქცევადად აზიანებს კიბოს უჯრედების დნმ-ს, რაც მათ სიკვდილს იწვევს. ამ დროს ზიანდება ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილებიც, მაგრამ მათ უჯრედებს, უმეტესად, აქვთ უნარი გამოასწორონ დნმ-ს ზიანი და გააგრძელონ ნორმალურად ზრდა.

გვერდითი ეფექტები

ჯანსაღი ქსოვილების დნმ-ის დროებითი დაზიანება იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა უმეტესობაც მოკლევადიანია. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია კანის ჭრილობები, დაღლილობა და თმის ცვენა (hair loss). მსგავსი მდგომარეობები, ძირითადად, უმჯობესდება მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.

იშვიათად, რადიოთერაპიას შეუძლია გამოიწვიოს გრძელვადიანი მოვლენები. მაგალითად: სასქესო და მენჯის ღრუს ორგანოების მკურნალობა შესაძლოა შეუქცევადი უნაყოფობის მიზეზი გახდეს.

შედეგები

მიუხედავად გვერდითი მოვლენებისა, რადიოთერაპია შესაძლოა იყოს ძალზე ეფექტური მკურნალობა კიბოს დროს. კიბოს მკურნალობის კურსის 10-დან 4 შემთხვევაში რადიოთერაპია შედის გეგმაში.

თუმცა, რადიოთერაპია არ იწვევს ავთვისებიანი წარმონაქმნის დაუყოვნებლივ შეჭმუხვნას და დადებითი ეფექტის გამოვლენას შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, პარალელურად დანიშნულ სხვა მკურნალობასა (როგორიცაა ქიმიოთერაპია (chemotherapy) ან ოპერაცია) და სიმსივნის სტადიაზე თერაპიის დაწყებისას.

რადიოთერაპიის დროს შეიძლება პაციენტი გახდეს რადიოაქტიური?

გარეგანი რადიოთერაპიის დროს პაციენტი არ ხდება რადიოაქტიური, რადგან გამოსხივება გაივლის სხეულს. თუმცა, შინაგანი ბრაქითერაპიისას მოთავსებული იმპლანტის მიერ გამოცემული სხივები შესაძლოა სახიფათო იყოს გარშემომყოფთათვის სანამ ის ორგანიზმშია.

უსაფრთხოების ზომებზე შეგიძლიათ გაესაუბროთ მკურნალ გუნდს

კომენტარის დამატება