Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სკლეროზული ლიქენი

სკლეროზული ლიქენი

438

სკლეროზული ლიქენი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც  ყველაზე ხშირად ჩნდება გენიტალიებზე. ეს დაავადება იწვევს ქავილს და თეთრ ლაქებს კანზე.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სხვა ადგილებშიც მათ შორის მკლავებზე, ზურგზე, მკერდზე და მხრებზე.

სკლეროზული ლიქენი ყველაზე ხშირია მენოპაუზის შემდეგ ქალებში, თუმცა ზოგჯერ ვითარდება მამაკაცებში და ბავშვებშიც.

ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ მოიაზრება, რომ დაკავშირებულია იმუნური სისტემის ზედმეტად აქტიურობასთან. დაავადება არ არის ინფექციური და შესაბამისად არ არის გადამდები.

სკლეროზული ლიქენი შეიძლება იყოს არაკომფორტული და იწვევდეს სტრესს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში შესაძლებელია მისი სიმპტომების გაკონტროლება მარტივი სამკურნალო საშუალებებით.

სკლეროზული ლიქენი ქალებში და გოგონებში

სკლეროზული ლიქენის მქონე ქალებს თეთრი ლაქები უვითარდებათ ვულვაში (ვაგინას შესასვლელის მიმდებარე კანი) და ანუსის გარშემო კანზე.

სიმპტომები მოიცავს:

  • მცირე ზომის თეთრ ადგილებს, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს ზომაში და შეერთდეს ერთმანეთთან, რაც წარმოქმნის უფრო დიდი ზომის ლაქას - შემდეგ ეს ლაქები შეიძლება დაიბზაროს და გამოიწვიოს ტკივილი
  • ქავილს, რომელიც უარესდება ღამით და შეიძლება გაართულოს ძილი
  • კანის გათხელებას, გამყიფებას, ან პირიქით გასქელებას
  • წითელ ან მეწამულ სისხლიან წყლულებს
  • ტკივილს სქესობრივი აქტის დროს და/ა კუჭში გასვლის დროს.

მკურნალობის გარეშე საშო თანდათანობით შეიძლება შეიჭმუხნოს და გაუჩნდეს ნაიარევები, რაც დააწვრილებს საშოშ შესასვლელს და გააძნელებს საშოში შეღწევას, ეს კი თავის მხრივ გააძნელებს და მტკივნეულს გახდის სქესობრივ ურთიერთობას.

სიმპტომები კაცებსა და ბიჭებში

კაცებში და ბიჭებში თეთრი ლაქები ვითარდება ჩუჩაზე და პენისის თავზე, ანუსზე კი იშვიათად ჩნდება.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • პენისზე თეთრი ფერის მტკივნეულ, ან ზოგჯერ ქავილიან ლაქებს, განსაკუთრებით პენისის თავის გარშემო, მაგრამ ზოგჯერ პენისის ქვედა ნაწილშიც
  • პენისის თავის კანის გამაგრებას და გათეთრებას
  • ჩუჩის თავის გადაწევის სიძნელეს, რაც მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, გააძნელებს არამარტო მოშარდვას, არამედ გამოიწვევს ტკივილსაც ერექციის დროს.

როგორც ქალებში, ისევე კაცებში, ექიმს დიაგნოზის დასმა ხშირად მხოლოდ სიმპტომების გამოკითხვით და ზედაპირული დაკვირვებითაც შეეძლება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება საჭირო გახდეს მარტივი პროცედურა, რომელსაც ბიოფსიას უწოდებენ. ამ პროცედურის დროს, კანიდან იღებენ მცირე ზომის ნიმუშს და გამოიკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ.

რამდენი ხანი გრძელდება სქლეროზული ლიქენი?

ადამიანთა უმრავლესობაში, სქლეროზული ლიქენი ხანგრძლივი დაავადებაა, რომელიც მრავალი წელი გრძელდება და შეიძლება ჰქონდეს როგორც გამწვავების ასევე შემსუბუქების პერიოდები.

ამჟამად არ არსებობს ამ დაავადების სამკურნალო საშუალება, მაგრამ სიმპტომების გაკონტროლება ჩვეულებრივ შესაძლებელია სტეროიდული კრემებით (იხილეთ ქვემოთ).

იშვიათ შემთხვევებში, სქლეროზული ლიქენი თავისით გაივლის და აღარ ბრუნდება, მაგრამ ეს ძირითადად ხდება მხოლოდ ბავშვებში, რომლებიც აღწევენ სქესობრივი მოწიფულობის ასაკს.

სამკურნალო საშუალებები

სტეროიდული კრემები და მალამოები

სკლეროზული ლიქენის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა სტეროიდული მალამოები ან კრემები. ეს საშუალებები გვეხმარება სიმპტომების კონტროლში.

სტეროიდული კრემების წასმა აუცილებელია რეგულარულად. ექიმი გირჩევთ რამდენი უნდა გამოიყენოთ, რამდენად ხშირად და რამდენი ხნის განმავლობაში. ზოგადად 30 გრამიანი ტუბი (წუბიკი) უნდა გეყოთ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში.

ამ კრემების ან მალამოების სწორად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების რისკი ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც წაიკითხეთ სტეროიდული კრემების გვერდითი ეფექტების შესახებ.

სიმპტომები უმჯობესდება რამდენიმე კვირის შემდეგ, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე თვე მაინც დაჭირდეს სანამ სრულად დაემორჩილება კონტროლს.

მკურნალობის სამი ან ოთხი თვის შემდეგ, მისი გამოყენება შესაძლოა მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ გახდეს საჭირო, რათა თავიდან აიცილოთ სიმპტომების განმეორება.

სტეროიდული კრემები და მალამოები უმეტეს შემთხვევებში ძალიან ეფექტურია, თუმცა თუ ვერ გამოიღეს შედეგი ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა საშუალებები.

ქირურგიული ოპერაცია

იშვიათ შემთხვევებში, სქლეროზული ლიქენით გამოწვეული პრობლემების სამკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია.

მაგალითად, თუ ქალებში, ეს მდგომარეობა იწვევს საშოს შესასვლელის ძალიან დავიწროებას და ხელს უშლის სქესობრივ ურთიერთობას, შეიძლება დაინიშნოს ქირურგიული ოპერაცია მის გასაგანიერებლად.

კაცებსა და ბიჭებს შესაძლოა დასჭირდეთ წინდაცვეთა (circumcision),თუ სტეროიდულმა კრემებმა და მალამოებმა ვერ გამოიღეს შედეგი და ჩუჩა ძალიან დაზიანდება. წინადცვეთა არის ოპერაცია, რომელიც მოიცავს ჩუჩის ამოჭრას. ამ ოპერაციას შეუძლია მთლიანად განკურნოს ეს მდგომარეობა.

თვით-დახმარების მეთოდები

ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშალებებთან ერთად, შემდეგმა რჩევებმა ხშირად შესაძლოა გააუმჯობესოს მდგომარეობა და გააკონტროლოს სიმპტომები:

  • თავიდან აიცილეთ საპნით ან აბაზანის ასაქაფებელი შამპუნით დაბანა - მათ მაგივრად გამოიყენეთ უბრალოდ თბილი წყალი ან დამატენიანებელი შამპუნი, როგორიცაა, როგორიცაა თხევადი კრემი (მაგრამ აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ ეს კრემი დაბანვის შემდეგ)
  • არ გაიხეხოთ და არ მოიფხიკოთ დაზიანებული ადგილი
  • მოშარდვის შემდეგ ფრთხილად და ნაზად გაიმშრალეთ გენიტალიები ქაღალდის მიდებით, რომ შარდმა არ გააღიზიანოს კანი
  • ბანაობის შემდეგ და ასევე მოშარდვის წინ და მის შემდეგაც, დაზიანებულ ადგილზე წაისვით ბარიერული კრემები, როგორიცაა ვაზელინი
  • მოერიდეთ მოჭერილ და მჭიდრო ტანსაცმელს და ჩაიცვით ბუნებრივი ბამბის ან აბრეშუმის საცვლები.

ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს შესაძლებელია ლუბრიკანტების ან საშოს გამაფართოებლების გამოყენება.

კიბოს რისკი

სკლეროზული ლიქენის მქონე ქალებს აქვთ საშოს კიბოს განვითარების ოდნავ გაზრდილი შანსი. ეს ხდება სქლეროზული ლიქენის მქონე ქალების დაახლოებით 5%-ში.

ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია საშოს და მისი შესასვლელის რეგულარულად შემოწმება, რომ არ გამოგვეპაროს კიბოს ნიშნები, რადგან რაც უფრო ადრე მოხდება მისი აღმოჩენა, მით უფრო ადვილი იქნება მკურნალობაც. დააკვირდით ხომ არ არის რაიმე გასქელება ან გაუხეშება კანზე, ან რაიმე წამონაზარდი ან წყლული. დასათვალიერებლად გამოიყენეთ სარკეც და ასევე გასინჯეთ თითებითაც, რომ შეიგრძნოთ უკეთ.

სქლეროზული ლიქენის მქონე მამაკაცებში, შეიძლება გაიზარდოს პენისის კიბოს განვითარების რისკი, ამიტომ მათთვისაც მნიშვნელოვანია ყურდღებით აკვირდებოდნენ ხომ არ არის რაიმე სახის ცვლილებები, როგორებიცაა წამონაზარდები, ან წყლულები.

ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს

კომენტარის დამატება