Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სიცხით გამოფიტვა და სითბური დაკვრა

სიცხით გამოფიტვა და სითბური დაკვრა

192

სიცხით გამოფიტვა და სითბური დაკვრა არის ორი პოტენციურად სერიოზული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ზედმეტი სიცხით.

ეს მდგომარეობები ძირითადად ხდება ცხელ ამინდებში, მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანი ასრულებს ძლიერ დაძაბულ ფიზიკურ ვარჯიშს.

  • სიცხით (სითბური) გამოფიტვა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ძალიან ცხელდება და იწყებს სითხის ან მარილის დაკარგვას ორგანიზმიდან, რაც თავის მხრივ იწვევს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებას და ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებას
  • სითბური (სიცხის) დაკვრა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმს აღარ შეუძლია თავისი თავის გაგრილება და ადამიანის ტემპერატურა საშიშ ზღვარს უახლოვდება (მზის დაკვრა ხდება მაშინ, როდესაც სითბური დაკვრა ხდება პირდაპირი მზის სხივებზე დიდი ხნით მიფიცხების შედეგად.

სითბური დაკვრა უფრო იშვიათია, მაგრამ ბევრად სერიოზული. ამან შეიძლება იმოქმედოს ტვინზე, გულზე, ფილტვებზე, ღვიძლზე თირკმელებზე და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

თუ სითბური გამოფიტვის აღმოჩენა არ მოხდა ნაადრევად, ეს შეიძლება გადაიზარდოს სიცხის დაკვრაში.

ნიშნები და სიმპტომები

სითბური გამოფიტვა და სიცხის დაკვრა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ან თანდათანობით, რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის განმავლობაშიც.

სითბური გამოფიტვის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • დაღლილობას და სისუსტეს
  • გულისწასვლის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას
  • შემცირებულ სისხლის წნევას
  • თავის ტკივილებს
  • კუნთების სპაზმებს
  • გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას
  • ძლიერ ოფლიანობას
  • წყურვილის ძლიერ მოთხოვნილებას
  • გახშირებულ გულისცემას (პულსს)
  • გაიშვიათებულ შარდვას და ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მუქ შარდს.

მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სითბური დაკვრის უფრო სერიოზული სიმპტომები, მათ შ`რის დაბნეულობა, ორიენტაციის დაკარგვა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვაც.

რა უნდა მოვიმოქმედოთ

თუ შეამჩნევთ, რომ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს სითბური გამოფიტვის ნიშნები, აუცილებლად:

  • დააწვინეთ გრილ ადგილას - როგორიცაა ჩრდილი, ან კონდიციონერიანი ოთახი
  • გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი, რომ გამოუჩინოთ რაც შეიძლება მეტი კანი
  • გაუგრილეთ კანი - გამოიყენეთ ნებისმიერი ნივთი რაც ხელში მოგხვდებათ, მაგალიტად სველი ღრუბელი (გუბკა), ან ნაჭერი, ცივი პაკეტები და ა.შ. და დაადეთ კისერზე და იღლიებში, ან გაახვიეთ გრილ, სველ ნაჭერში
  • დაუნიავეთ კანზე სანამ კანი ისევ ტენიანია - ეს წყალს დაეხმარება აურთქლებაში და გააგრილებს კანს
  • დაალევინეთ სითხეები - იდეალურ შემთხვევაში წყალი, მაგრამ ასევე შეიძლება ხილის წვენი ან რეჰიდრაციის სითხე, როგორიცაა სპორტული სასმელი.

დარჩით დაზარალებულთან, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობს. ადამიანთა უმეტესობა გაუმჯობესებას იგრძნობს 30 წუთის განმავლობაში.

თუ ადამიანი უგონოდაა, მიჰყევით ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციას, ოღონდ დაზარალებული დააწვინეთ გამომჯობინების პოზაში იქამდე, სანამ არ მოვა სასწრაფო დახმარება (იხილეთ ქვემოთ). თუ დაზარალებულს აქვს კრუნჩხვები, მოაცილეთ ახლომდებარე საგნები, რომ აარიდოთ დაზიანებას.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

სითბური გამოფიტვის მძიმე შემთხვევები ან სითბური დაკვრა საჭიროებს ჰოსპიტალურ მკურნალობას.

აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:

  • დაზარალებული არ რეაგირებს ზემოთ ჩამოთვლილ მკურნალობის მეთოდებზე 30 წუთის განმავლობაში
  • დაზარალებულს აქვს მძიმე სიმპტომები, როგორებიცაა გონების დაკარგვა, დაბნეულობა, ან კრუნჩხვები.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გააგრძელეთ ზემოთ ჩამოთვლილი დახმარების აღმოჩენა.

თუ დახმარების აღმოჩენის შემდეგ ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ მაინც გაქვთ ეჭვი ან ნერვიულობთ მის მდგომარეობაზე, მაინც დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას.

ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

სითბური გამოფიტვა ან სითბური დაკვრა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ცხელ ამინდებში. თუმცა ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფება.

ესენი არიან: 

  • ბავშვები 
  • მოხუცები
  • ქრონიკული მდგომარეობების მქონე ადამიანები, როგორებიც არიან დიაბეტის მქონე, ან გულის ან ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანები
  • ადამიანები, ვინ უკვე ავად არიან და არიან დეჰიდრირებულები (მაგალითად გასტროენტერიტის მქონე ადამიანები)
  • ადამიანები, რომლებიც ძლიერ ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიშს ან სამუშაოს) ასრულებენ ცხელ ამინდებში, მაგალითად ჯარისკაცები, ათლეტები, მთასვლელები, სოფლის მეურნეები და ა.შ.

ამ პრობლემების განვითარების შანსები მატულობს, როდესაც ადამიანი არის დეჰიდრირებული (გაუწყლოებული), იმყოფება ნაკლებად ვენტილირებულ ადგილზე, ან აცვია მჭიდროდ მორგებული, შემზღუდავი ტანსაცმელი.

სითბური გამოფიტვის ან სითბური დაკვრის განვითარების რისკის გაზრდა ასევე შეუძლია გარკვეულ მედიკამენტებს, მათ შორის დიურეტიკებს (შარდმდენებს), ანტიჰისტამინებს, ბეტა-ბლოკატორებს, ანტიფსიქოზურ და ნარკოტიკულ წამლებს, როგორებიცაა ამფეტამინები და ექსტაზი.

სითბური გამოფიტვისგან და სიცხის დაკვრისგან თავის არიდება

სითბური გამოფიტვისგან და სითბური დაკვრისგან თავის არიდება ხშირად შესაძლებელია სიფრთხილის ნორმების და რეკომენდაციების გათვალისწიენბით, როდესაც იმყოფებით ცხელ ამინდში.

ზაფხულის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ სითბური ტალღების გაფრთხილებებს, რომ იცოდეთ როდის იმყოფებით საფრთხეში.

გაერთიანებულ სამეფოში სიცხით გამოფიტვა და სითბური დაკვრა მხოლოდ ხდება უჩვეულოდ ცხელი ამინდის დროს, როგორიცაასითბური ტალღა.

ყოველ წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობა იყენებს Heat-Health Watch სისტემას 4 განსხვავებული გამაფრთხილებელი დონით, რომელიც დაფუძნებულია მოსალოდნელ ტემპერატურაზე. ეს სასარგებლოა აქტივობების დაგეგვმისას და სითბური ტალღისთვის მოსამზადებლად.

ჯანდაცვის დეპარტამენტმა აგრეთვე გამოსცა Heatwave plan for England (PDF, 6.54MB)რჩევებით როგორ გავუმკლავდეთ სითბურ ტალღას და რეკომენდაციებით სითბოსთან დაკავშირებული დაავადების პრეცენციისთვის. ძირითადი რეკომდენდაციები ჩამოთვლილია ქვემოთ.

მოერიდეთ სიცხეს

  • მოერიდეთ მზეს დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, განსაკუთრებით 11-15 საათამდე. თუმცა, ამ დრომდე და შემდეგაც შეიძლება ძალიან ცხელოდეს.
  • თუ მაინც უნდა გახვიდეთ გარეთ სიცხეში დაიტანეთ მზის კრემი, დაიხურეთ ქუდი და მსუბუქი, თხელი შარფი და დარჩით ჩრდილში.
  • მოერიდეთ ძლიერ ფიზიკურ აქტიურობას
  • შეიმოსეთ თხელი, მოშვებული ბამბის ტანსაცმლით.

თუ მოგზაურობთ თბილ ქვეყნებში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ მიეჩვევით ტემპერატურას.

გაიგრილეთ თავი

  • დალიეთ დიდი რაოდენობით ცივი სასმელები, მაგრამ მოერიდეთ კოფეინის და ალკოლის შემცველ სასმელებს, ასევე ცხელ სასმელებს.
  • ჭამეთ ცივი საჭმელი, როგორიცაა სალათები და ხილი, რასაც აქვს დიდი წყლის შემცველობა.
  • მიიღეთ გრილი შხაპი და აბაზანა.
  • მიისხურეთ წყალი კანზე ან ტანსაცმელზე, ან იქონიეთ სველი ნაჭერი (ან ცხვირსახოცი) კისერზე.

თუ ვერ შარდავთ ხშირად, ან თუ შარდი მუქი ფერისაა, ეს მიგვანიშნებს დეჰიდრატაციაზე და აუცილებლად უნდა გაზარდოთ სითხეების მიღება.

შეინარჩუნეთ გრილი გარემო

  • დაკიდეთ თერმომეტრი დიდ ოთახსა და საძინებელში და შეამოწმეთ ტემპერატურა.
  • დაკეტეთ მზისკენ მყოფი ფანჯრები და გააფარეთ ფარდები ამ ფანჯრებზე დღისით. ღამით კი, როდესაც ტემპერატურა დაეცემა გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ სახლი. გამოცვალეთ მეტალის ჟალუზები და შავი ფარდები, რადგან ისინი შთანთქავენ სიცხეს.
  • თუ შესაძლებელია გადაინაცვლეთ უფრო გრილ ოთახში, განსაკუთრებით კი დასაძინებლად.
  • ელექტროვენტილატორებმა შეიძლება მოგცეთ გარკვეული შვება.
  • გამორთეთ არასაჭირო სინათლე, რადგან ეს გამოიმუშავებს სითბოს.
  • იქონიეთ ოთახში მცენარეები ქოთნით, და ასევე დადგით წყლიანი ჭურჭელი, რაც გააგრილებს ჰაერს აორთქლებით.

შეფუთეთ სხვენი და ღრუიანი კედელები. ეს შეინარჩუნებს სიგრილეს ზაფხულში და სითბოს ზამთარში. გამოიყენეთ ნათელი და ამრეკლი გარეთა საღებავი.

ყურადღება მიაქციეთ სხვებსაც (თქვენს გარშემომყოფებს)

  • ცხელი ამინდის დროს, თვალი გეჭიროთ ადამიანებზე ვინც მოხუცია, მარტოა, ავადაა ან ძალიან პატარაა. დარწმუნდით, რომ ისინი გრილად არიან.
  • არ დატოვოთ ისინი მარტო (მეთვალყურეობის გარეშე) გაჩერებულ მანქანებში, განსაკუთრებით კი სითბური ტალღის დროს.
  • ცხელი ამინდის დროს, შეამოწმეთ მოხუცები და ავადმყოფი მეზობლები და მოხუცი ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველ დღე, თუ შესაძლებელია.
  • ყურადღებით იყავით და დაურეკეთ ექიმს და სოციალურ სამსახურს, თუ ვინმე ცუდადაა ან დამატებითი დახმარება სჭირდება.

საზღვარგარეთ მოგზაურობა

ზემოთ აღნიშნული რჩევები გამოდგება, თუ საზღვარგარეთ ცხელ ქვეყანაში მიდიხართ. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ორგანიზმს სჭირდება 7-10 დღემდე აკლიმატიზაციისთვის ცხელი გარემოს მიმართ. ამ დროის გავლამდე, საჭიროზე ნაკლები ოფლი გამოგეყოფათ. დალიეთ წყალი რეგულარულად, მოერიდეთ სიცხეს და ჩაიცვით მსუბუქი და მოშვებული ტანისამოსი.

ათლეტები გადიან აკლიმატიზაციას 3-4 დღემდე, სანამ ვარჯიშს დაიწყებდნენ, გარდა მსუბუქი ვარჯიშისა. დატვირთვა თანდათანობით უნდა გაიზარდოს 2-3 კვირის განმავლობაში.

ალკოჰოლი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგზაურობისას. ჭარბი ალკოჰოლი მოქმდებეს ტემპერატურის აღქმაზე და საჭიროების დროს სიგრილეში გადასვლაზე. ის აგრეთვე იწვევს დეჰიდრატაციას და ზრდის სიცხით გამოფიტვის და სითბური დაკვრის რისკს.

კომენტარის დამატება