Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სისხლის ჯგუფები

სისხლის ჯგუფები

226

სისხლის ჯგუფს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენები გასაზღვრავენ, ეს ჯგუფები რამდენიმე ტიპად იყოფა. განასხვავებენ სისხლის 4 მთავარი ჯგუფს: A, B, AB და O.

საბჭოური სისტემის მიხედვით ასეთი შესაბამისობაა:

  • O - პირველი ჯგუფი
  • A - მეორე ჯგუფი
  • B - მესამე ჯგუფი
  • AB - მეოთხე ჯგუფი.

თითოეული ჯგუფი შეიძლება იყოს ან RhD პოზიტიური ან RhD ნეგატიური, შესაბამისად სისხლის ჯგუფების 8 ტიპი მიიღება (იხ.ქვემოთ).

რა არის სისხლი?

ორგანიზმში დაახლოებით 4-6 ლიტრი სისხლია. სისხლი შედგება პლაზმისგან, რომელიც თავის მხრივ სისხლის წითელ და თეთრ უჯრედებსა და თრომბოციტებს მოიცავს.

პლაზმის 90%-ს წყალი იკავებს, ეს სითხე ასევე შეიცავს ცილებს, საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებსა და დაშლის (ნარჩენ) პროდუქტებს. პლაზმა სისხლის 60% შეადგენს, 40% კი სისხლის უჯრედზე მოდის.

სისხლის უჯრედის თითოეულ ტიპს სპეციფიური როლი ეკისრება:

  • სისხლის წითელი ურედები ორგანიზმში ჟანგბადის გადატანას (ტრანსპორტირებას) ახორციელებენ,  სისხლიდან კი ნახშირბადი და დაშლის (ნარჩენი) პროდუქტები გამოაქვთ; სისხლის სწორედ ეს უჯრედი განსაზღვრავს სისხლის ფერს
  • სისხლის თეთრი უჯრედები იმუნური სისტემის (ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი მექანიზმი) ნაწილს წარმოადგენენ და ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარებიან
  • თრომბოციტები სისხლდენის შესაჩერებლად,სისხლის შედედებაში (გასქელება) მონაწილეობენ.

ანტიგენები და ანტისხეულები

სისხლის ჯგუფი სისხლში არსებული ანტიგენებისა და ანტისხეულების არსებობით განისაზღვრება. ანტისხეულები სხეულის უცხო სხეულების შეჭრისგან (მაგალიტად მიკრობებისგან) ბუნებრივი დამცავი მექანიზმის ნაწილია.

ანტიგენები სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილის მოლეკულებია. ანტისხეულებიც ცილებია, რომლებიც პლაზმაში გვხვდება. ისინი ორგანიზმში მოხვედრილ უცხო მოლეკულებს ამოიცნობენ და მათ გასანადგურებლად იმუნურ სისტემას უხმობენ.

აბო (ABO) სისტემა

სისხლის ჯგუფები ABO სისტემით დგინდება.

  • ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს სისხლის წითელ უჯრედზე/ერითროციტზე A ანტიგენი აქვს, პლაზმაში კი ანტი-B ანტისხეულები
  • B ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს აქვს B ანტიგენი, ანტი- A ანტისხეულებთან ერთად
  • O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს ანტიგენები საერთოდ არ გააჩნია, თუმცა პლაზმაში ანტი- A და ანტი- B ანტისხეულები აღინიშნება
  • AB ჯგუფის სისხლის მქონეადამიანს ორივე (A და B) ანტიგენი აქვს, თუმცა ანტისხეულები არა.

 

დიდ ბრიტანეთში O ჯგუფის სისხლი ყველაზე გავრცელებული სისხლის ჯგუფია, მოსახლეობის თითქმის ნახევარს (48%-ს) სწორედ ამ ჯგუფის სისხლი აქვს.

არათავსებადი ABO ჯგუფის მქონე სისხლის გადასხმა სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან A ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანის (ანტი B) ანტისხეულები B ჯგუფის ანტიგენებს შეუტევს და პირიქით. ეს სისხლის მიმღებ ადამიანში მძიმე რეაქციას გამოიწვევს.

რადგან O ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში, სისხლის წითელ უჯრედს არცერთი (არც A ან არც B) ანტიგენი არ გააჩნია, მისი უსაფრთხოდ გადასხმა ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტშია შესაძლებელი.

განსხვავებული სისხლის ჯგუფების შესახებ მეტი ინფომაციისთვის იხ. NHS სისხლისა და ტრანსპლანტაციის ვებ-გვერდი იხ. information about the different blood groups.

Rh (რეზუს) სისტემა

სისხლის წითელი უჯრედები ხანდახან სხვა ანტიგენსაც შეიცავენ, ამ ცილას RhD ანტიგენსაც უწოდებენ. თუ ადამიანის სისხლი ამ ცილას შეიცავს, მისი სისხლის ჯგუფი RhD+ (რეზუს დადებითი), წინააღმდეგ შემთხვევაში RhD უარყოფითი. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის არსებული 8 ჯგუფიდან შეიძლება იყოთ:

  • A RhD დადებითი (A+) - მეორე დადებითი
  • A RhD უარყოფითი (A-) - მეორე უარყოფითი
  • B RhD დადებითი (B+) - მესამე დადებითი
  • B RhD უარყოფითი (B-) - მესამე უარყოფითი
  • O RhD დადებითი (O+) - პირველი დადებითი
  • O RhD უარყოფითი (O-) - პირველი უარყოფითი
  • AB RhD დადებითი (AB+) - მეოთხე დადებითი
  • AB RhD უარყოფითი (AB-) - მეოთხე უარყოფითი.

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 85% RhD დადებითია (რეზუს +).

შემთხვევათა უმრავლესობაში, O RhD უარყოფითი სისხლი (პირველი უარყოფითი) შესაძლოა ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტში უსაფრთხოდ გადავასხათ, ამიტომ ის ხშირად გამოიყენება გადაუდებელი შემთხვევების დროს, როდესაც არ იციან პაციენტის სისხლის ჯგუფი. ეს ჯგუფი უსაფრთხოა ყველა ჯგუფისთვის, რადგან მას არ აქვს არცერთი A, B ან RhD ანტიგენები სისხლის უჯრედების ზედაპირზე.

სისხლის ჯგუფების დადგენის ტესტი

სისხლის ჯგუფის დასადგენად თქვენი სისხლის წითელ უჯრედებს სხვადასხვა ანტისხეულების მქონე ხსნარს შეურევენ. ასე მაგალითად,  თუ ხსნარი ანტი-B ანტისხეულებს შეიცავს, თქვენ კი თქვენს უჯრედებზე B ანტიგენი გაქვთ  (ანუ B ჯგუფის სისხლი გაქვთ) ეს უჯრედები ერთმანეთთან შეწებდება.

თუ სისხლი არცერთ ანტისხეულთან (ანტი-A ან ანტი-B) რეაქციაში არ შედის, თქვენ O ჯგუფის სისხლი გაქვთ. სისხლის ჯგუფის დასადგენად ტესტების მთელი სერიის გამოყენება შეიძლება, ისინი მხოლოდ ძირითად ABO და RhD ჯგუფებს არ ამოიცნობენ.

სისხლის გადასხმის (blood transfusion როდესაც ერთი ადამიანისგან აღებულ სისხლს მეორეს უსხამენ) შემთხვევაში, სისხლს დონორი უჯრედების პანელის შესაბამისად გამოიკვლევენ, ეს პანელი კლინიკურად მნიშვნელოვან ყველა ანტიგენს შეიცავს. თუ რეაქცია არ განვითარდა, იგივე ABO და RhD ტიპის სისხლის გამოყენებაა შესაძლებელი.

ორსულობა

ორსულ ქალებს ყოველთვის უტარდებათ სისხლის ჯგუფის დასადგენი ტესტი.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ თუ დედა RhD- , ხოლო ბავშვმა მამისგან მემკვიდრეობით RhD+ სისხლი მიიღო, უყურადღებობის შემთხვევაში ამან შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს.

RhD- ჯგუფის სისხლის მქონე ქალს ყოველთვის მხოლოდ RhD- სისხლი უნდა გადაესხას.

კომენტარის დამატება