Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სისხლის კოლტები

სისხლის კოლტები

263

ვენაში სისხლის კოლტი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უვითარდება. ამ სერიოზულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ პათოლოგიას ვენური თრომბოემბოლია ეწოდება.

ვენური თრომბოემბოლია აერთიანებს ორი სამედიცინო მდგომარეობის სახელს, კერძოდ:

  • ღრმა ვენების თრომბოზს - როდესაც სისხლის კოლტი წარმოიქმნება სხეულის რომელიმე ღრმა ვენაში, ძირითადად ერთ-ერთ ფეხში
  • ფილტვის ემბოლიას (pulmonary embolism) - როდესაც სისხლის კოლტი წარმოიქმნება იმ სისხლძარღვში, რომელიც სისხლის მიწოდებას ახორციელებს გულიდან ფილტვში.

მიუხედავად ამ პათოლოგიის სერიოზულობისა, სისხლის კოლტების უმრავლესობის თავიდან არიდება შესაძლებელია. ამისთვის მთავარია რისკ-ფაქტორების ცოდნა და მარტივი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

ეს სტატია ვენაში განვითარებულ სისხლის კოლტებზე ამახვილებს ყურადღებას. არტერიაში განვითარებული სისხლის კოლტები ხშირად გულის შეტევისა და ინსულტის გამომწვევი მიზეზებია და მის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. არტერიული თრომბოზების (arterial thrombosis) სექცია.

ვის უვითარდება სისხლის კოლტები?

ეს პათოლოგია შეიძლება ყველას დაემართოს, თუმცა სისხლის კოლტების განვითარების რისკი მაშინ იზრდება, როცა თავს ცუდად გრძნობთ, ან მოძრაობა გიჭირთ.

ალბათ ყველას გსმენიათ სისხლის კოლტების კავშირი ხანგრძლივ ფრენებთან ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან (contraceptive pill), მაგრამ სისხლის კოლტების შემთხვევების უმრავლესობა ძირითადად წარმოიქმნება საავადმყოფოში ყოფნისას, ან საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მოკლე პერიოდში.

სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი ასევე იზრდება, თუ:

  • ხართ 60 წელს გადაცილებული
  • ხართ ჭარბწონიანი ან მსუქანი
  • ადრე გქონდათ განვითარებული სისხლის კოლტი
  • იტარებთ ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიას
  • ხართ ორსულად, ან იმშობიარეთ ახლო წარსულში
  • ხართ დეჰიდრირებული
  • გაქვთ სიმსივნე ან იტარებთ სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობას
  • გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც აადვილებს სისხლის კოლტების წარმოქმნას, მაგალითად ანტიფოსფოლიდური სინდრომი

სტატიის შემდგომი ნაწილი აღწერს საავადმყოფოში წოლის დროს წარმოქმნილი სისხლის კოლტების შესახებ ინფორმაციას.

საავადმყოფოში წოლის დროს წარმოქმნილი სისხლის კოლტები

2005 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის საბჭომ დაადგინა, რომ  ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოში წოლის დროს წარმოქმნილი ვენური თრომბოემბოლიით დაახლოებით 25 000 ადამიანი იღუპება.

მოხსენებაში ასევე აღინიშნა, რომ ამ აღნიშნული პათოლოგიით დაღუპული პაციენტების რაოდენობა ძუძუს კიბოთი (breast cancer), შიდსითა (AIDS) და საავტომობილო შემთხვევების შედეგად გარდაცლილ ადამიანთა ჯამს აღემატება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ საავადმყოფოში წოლის დროს განვითარებული სისხლის კოლტების პრევენცია შესაძლებელია და მათი რეკომენდაციით საავადმყოფოში მისულ ყველა პაციენტს სისხლის კოლტების რისკ-ფაქტორებზე ამოწმებენ, საჭიროების შემთხვევაში კი უსაფრთხოების ზომებსაც იღებენ.

სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკის შეფასება

საავადმყოფოში მისვლის შემდეგ პაციენტი სისხლის კოლტების წარმოქმის რისკზე აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ამისთვის ექიმმა პაციენტს უნდა ჰკითხოს მისი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ასევე ჩაინიშნოს მისი ასაკი და წონა. შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს პაციენტის საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზსსაც.

სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია თუ მაგალითად პაციენტი იკეთებს რაიმე სერიოზულ ოპერაციას, ან თუ მოუწევს საწოლში დიდი ხნით წოლა, ან თუ პაციენტი ხვდება ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ჯგუფების რომელიმე ნაწილში.

თუ შეფასების მიხედვით სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკი არსებობს, მაშინ პაციენტს აუცილებლად უნდა შესთავაზონ პრევენციული მკურნალობა, რაც მოიცავს სისხლის გამათხელებელ წამლებს (ანტიკოაგულანტებს), კომპრესიულ მაღალ წინდებს, ან ფეხის ტუმბოებს, რომლებიც სისხლის მომიქცევას ინარჩუნებენ და სისხლის კოლტის წარმოქმნის პრევენციაშიც მონაწილეობენ.

თუმცა კოლტის პრევენციისთვის წამლის მიღებამდე, ექიმებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ და უნდა შეამოწმონ შეიძლება თუ არა ჰქონდეს პაციენტს სისხლდენის პრობლემა.

თუ საავადმყოფოში მიღების დროს სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკი არ შეგიმოწმეს, აუცილებლად მოსთხოვეთ ეს თქვენს ექიმს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ასევე, თუ რისკის ქვეშ აღმოჩნდით და მედიკამენტები, მაღალი წინდები ან სხვა საშუალებები გამოგიწერეს, მათი სწორად გამოყენების ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენი რისკების შემცირების შესახებ კითხვების დასმის ნუ შეგეშინდებათ და ნუ მოგერიდებათ, რადგან ამან შესაძლოა თქვენი სიცოცხლეც კი იხსნას.

შესაძლოა თქვენი ექიმისთვის შემდეგი კითხვების დასმა მოგინდეთ:

  • მაქვს თუ არა სისხლის კოლტების განვითარების რისკი?
  • რამდენად მექნება სისხლდენის პრობლემები?
  • რა მოხდება თუ კოლტების პრევენციისთვის მკურნალობისას წამალთან ან მკურნალობის სხვა საშუალებასთან პრობლემა შემექმნა?

როგორ დავეხმარო საკუთარ თავს?

საავადმყოფოში მისვლამდე, ასევე საავადმყოფოში წოლის დროს და გაწერის შემდეგაც არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებითაც შეძლებთ სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკების შემცირებას.

საავადმყოფოში მისვლამდე

საავადმყოფოში მისვლამდე რისკების შემცირება შესაძლებელია, შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

  • დაიკელით ჭარბი წონა
  • იყავით რაც შეიძლება აქტიური
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიას ან კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს - ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ პრეპარატების მიღების შეწყვეტა დაგჭირდეთ.

საავადმყოფოში ყოფნის დროს

საავადმყოფოში ყოფნისას სისხლის კოლტების გაჩენის რისკს შეამცირებთ, თუ:

  • დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად დალევთ დიდი რაოდენობით სითხეებს
  • მთელი დღე-ღამის განმავლობაში (ბანაობის გარდა) ატარებთ კომპრესიულ მაღალყელიან წინდებს
  • ატარებთ კომპრესიულ მოწყობილობებს, რომლებიც გირჩიათ ექიმმა
  • მიიღებთ თქვენთვის გამოწერილ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს
  • ოპერაციის შემდეგ, ექიმის რჩევის გათვალისწინებით და ნების დართვის შემდეგ, წამოდექით და იარეთ.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში კვლავ არსებობს სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკი, ამიტომ შესაძლებელია ექიმმა გირჩიოთ გააგრძელოთ პრევენციული სამკურნალო საშუალებების გამოყენება გარკვეული დროით. ამის შესახებ აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, თუ თვითონ დაავიწყდა თქვენი გაფრთხილება და რჩევის მოცემა!

კომპრესიული წინდების გამოყენება ექიმმა შეიძლება გირჩიოთ იქამდე, სანამ არ იქნებით საკმარისაც აქტიური და მობილური. ასევე შესაძლებელია საჭირო იყოს ანტიკოაგულანტების მიღებაც რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ უნდა იყოთ რაც შეიძლება აქტიური და მობილური და უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით სითხეები, რომ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.

როგორ უნდა მიხვდეთ გაქვთ თუ არა სისხლის კოლტი?

საავადმყოფოს დატოვებამდე, ექიმმა აუცილებლად უნდა აგიხსნათ თრომბის განვითარების რისკების შესახებ და ასევე უნდა გითხრათ თუ როგორ უნდა ამოიცნოთ კოლტის წარმოქმნა.

სისხლის კოლტის წარმოქმნის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სპაზმურ ტკივილს, სიწითლეს, სიმხურვალის შეგრძნებას, ან შეშუპებას ერთ-ერთ ფეხში - ეს სიმპტომები ღრმა ვენური თრომბოზის სიმპტომებს წარმოადგენენ
  • სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, გულის წასვლას, ან სისხლის ამოხველებას - ეს სიმპტომები წარმოადგენენ ფილტვის ემბოლიის სიმპტომებს (pulmonary embolism (PE)), რომელსაც პულმონარული ემბოლია ეწოდება. ფილტვის ემბოლიის სიმპტომების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. symptoms of PE.

აუცილებლად სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ უახლოესი სასწრაფო დახმარების პუნქტს, თუ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ სისხლის კოლტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოგიცენდათ, ან ამ პათოლოგიაზე ეჭვობთ. დროულად აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის კოლტების მკურნალობა შესაძლებელია.

კომენტარის დამატება