Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სეპტიკური შოკი

სეპტიკური შოკი

139

სეპტიკური შოკი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც, ინფექციის გადატანის შემდეგ, სისხლის წნევა ეცემა სახიფათოდ დაბალ დონეზე. 

ინფექციის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ბაქტერიას, თუმცა იშვიათ შემთხვევებში მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სოკო, როგორიცაა კანდიდა (candida) და ვირუსები.

საწყის ეტაპზე, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის რეაქცია, რომელსაც სეფსისი ეწოდება. ეს მდგომარეობა იწყება სისუსტით, სიცივის შეგრძნებით (ციებით) და გახშირებული სუნთქვითა და გულის ცემით. მკურნალობის გარეშე, ბაქტერიების მიერ გამოყოფილმა ტოქსინებმა შეიძლება დააზიანოს მცირე ზომის სისხლძარღვები, გამოიწვიოს მათი გახეთქვა და სისხლის გაჟონვა მიმდებარე ქსოვილებში. ამან შეიძება იმოქმედოს გულის შესაძლებლობაზე, რომ ორგანოებში მოხდეს სისხლის გადატუმბვა, რადგან ხდება სისხლის წნევის დაცემა გაჟონვის შედეგად და შესაბამისად სისხლი ვეღარ მიაღწევს სასიცოცხლო ორგანოებს, როგორიცაა ტვინი და ღვიძლი.

სეპტიკური შოკის გავნითარების განსაკუთრებულად გაზრდილ რისკში იმყოფებიან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, კერძოდ:

  • ახალშობილები
  • მოხუცები
  • ფეხმძიმე ქალები
  • ქრონიკული მდგომარეობებით დაავადებული ადამიანები, როგორებიცაა დიაბეტი, ციროზი, ან თირკმლის უკმარისობა
  • შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, კერძოდ შიდსით, ან აივით დაავადებულები, ან პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს.

სეპტიკური შოკის სიმპტომები

სეპტიური შოკის სიმპტომებია:

  • სისხლის დაბალი წნევა, რაც იწვევს ადგომისას თავბრუს ხვევას
  • მენტალური მდგომარეობის შეცვლა, როგორიცაა დისორიენტაცია ან დაბნეულობა
  • ფაღარათი (დიარეა)
  • გულისრევა და პირღებინება
  • ცივი და ფერფმკრთალი კანი

სეპტიკური შოკი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. აუცილებლად, სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს თქვენს გარშემო შეიძლება ჰქონდეს ამ მდგომარეობის ნიშნები.

სეპტიკური შოკის მკურნალობა

სეპტიკური შოკის დროს მკურნალობა ხორციელდება ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში (რეანიმაციულ განყოფილებაში), რათა დახმარება გაუწიონ სხეულის ორგანოების მუშაობას, სანამ მკურნალობენ ინფექციას. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მიმღებ განყოფილებაშიც.

მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს

  • ჟანგბადის თერაპიას
  • ინტრავენურ გადასხმებს
  • მედიკამენტებს, რომლებიც გაზრდიან სისხლის წნევას
  • ანტიბიოტიკებს
  • ზოგ შემთხვევაში, ქირურგიას.

სეპტიკური შოკის გართულებები

ადამიანის გადარჩენის შანსები დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ მიზეზზე, ორგანოების რაოდენობაზე, რომლებიც დაზიანდნენ და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყება მკურნალობა.

სეპტიური შოკის გართულებებია:

  • რესპირატორული უკმარისობა (ფილტვების უუნარობა, რომ ჩაისუნთქოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი)
  • გულის უკმარისობა (გულის უუნარობა, რომ გადატუმბოს საკმარისი რაოდენობის სისხლი)
  • თირკმლების დაზიანება ან უკმარისობა
  • სისხლის პათოლოგიური შედედება. 

ესენი სერიოზული მდგომარეობებია, რომლის მკურნალობა სასწრაფოდაა საჭირო. სეპტიკურმა შოკმა, მისი გართულებების გამო, შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.

სეფსისი

სეფსისი ვითარდება, როდესაც ინფექცია ვრცელდება სისხლში და იწვევს სიმპტომებს მთელს ორგანიზმში. სეფსისს ზოგჯერ აიგივებენ სეპტიცემიასთან ან სისხლის მოწამვლასთან, მაგრამ ეს მდგომარეობები სხვადასხვაა.

სეფსისი არის, როდესაც ორგანიზმის დამცავი მექანიზმი რეაგირებას ახდენს, ორგანიზმის რომელიმე ადგილას განვითარებულ ინფექციაზე და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, გახშირებული გულის ცემა, გახშირებული სუნთქვა და დაბნეულობა.

სეპტიცემია (სისხლის მოწამვლა), კი წარმოადგენს სისხლის ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც იწვევს ინფექციის გავრცელებას და ორგანოზ დაზიანებას.

კომენტარის დამატება