Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საშვილოსნოს კიბო

საშვილოსნოს კიბო

131

საშვილოსნოს კიბო არის ქალის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე ხშირი ტიპის სიმსივნე. მას ასევე უწოდებენ ენდომეტრიულ კიბოს.

მისი ყველაზე ხშირი სიმპტომი საშოდან პათოლოგიური სისხლდენაა.

მენოპაუზის შემდეგ საშოდან ნებისმიერი სისხლდენა ანომალიურია, მენოპაუზამდე კი უჩვეულოა სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდებს შორის.

პათლოგიური ვაგინალური სისხლდენის დროს დროულად მიმართეთ ექიმს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საშვილოსნოს კიბოს ალბათობა ცოტაა, მაინც უმჯობესია შემოწმება.

ექიმი დაგათვალიერებთ და გამოგკითხავთ სიმპტომებს. სერიოზულ პრობლემებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ან როდესაც ექიმი არაა დარწმუნებული დიაგნოზში, ის გადაგამისამართებთ სპეციალისტთან შემდგომი გამოკვლევებისთვის.

საშვილოსნოს კიბოს ტიპები

საშვილოსნოს სიმსივნეთა უმრავლესობა ვითარდება იმ უჯრედებიდან, რომლებიც ამოფენენ საშვილოსნოს (ენდომეტრიუმი), ამიტომაც საშვილოსნოს კიბოს ხშირად ენდომეტრიუმის კიბოს უწოდებენ.

იშვიათ შემთხვევებში საშვილოსნოს კიბო იწყება კუნთოვანი შრიდან, რომელიც საშვილოსნოს გარს ერტყმის. ამ ტიპის სიმსივნეს საშვილოსნოს სარკომას უწოდებენ და ენდომეტრიუმის კიბოსგან განსხვავებული მეთოდებით მკურნალობენ.

სტატიაში ნახსენებია ტერმინი საშვილოსნოს კიბო და ძირითადად მოიცავს ინფორმაციას ენდომეტრიუმის კიბოს შესახებ. იხილეთ დიდ ბრიტანეთში კიბოს კვლევის  ვებ გვერდი რბილი ქსოვილის სარკომაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად.

საშვილოსნოს კიბო გამოყოფილია ქალთა რეპროდუქციული სისტემის სხვა სიმსივნეებისგან, როგორიცაა საკვერცხეების კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო.

რატომ ჩნდება საშვილოსნოს კიბო?

საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ამ მდგომარეობის განვითარების რისკს, მათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანია ჰომრონალური დისბალანსი. კონკრეტულად, რისკი იზრდება, თუ სხეულში ჭარბია ჰორმონ ესტროგენის დონე.

სხვადასხვა რამ იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, როგორიცაა მენოპაუზა, სიმსუქნე, დიაბეტი და ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია. ასევე მცირედ ზრდის რისკს მკერდის კიბოს საწინააღმდეგო წამლის, ტამოქსიფენის,  ხანგრძლივი გამოყენება.

ყოველთვის არ ხერხდება საშვილოსნოს კიბოს პრევენცია, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ მის რისკს. ეს გულისხმობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ზოგიერთი ტიპის კონტრაცეპტივების ხანგრძლივ გამოყენებას.

როგორ მკურნალობენ საშვილოსნოს კიბოს?

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობაში ყველაზე გავრცელებულია საშვილოსნოს ამოჭრა ქირურგიულად (ჰისტერექტომია). ჰისტერექტომია განკურნავს სიმსივნეს მის ნაადრევ სტადიაზე, მაგრამ შემდეგ შეუძლებელი იქნება დაორსულება. ეს ოპერაცია გულისხმობს საშვილოსნოსთან ერთად, საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ამოჭრასაც.

რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია ზოგჯერ გამოიყენება ქირურგიულ ჩარევასთან ერთად.

ჰორმონული თერაპია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა და ადამიანს აქვს შვილების ყოლის სურვილი.

თუ კიბო შორ სტადიაშია და განკურნების შანსი მცირეა, მკურნალობას მაინც შეუძლია შეამსუბუქოს სიმპტომები და გაახანგრძლივოს სიცოცხლე.

ცხოვრება საშვილოსნოს კიბოთი

საშვილოსნოს კიბოთი ცხოვრება რთულია და შეუძლია გავლენა მოახდინოს ცხოვრებაზე სხვადასხვა სპეციფიკური გზით.

მაგალითად, შესაძლოა ჰისტერექტომიამ ზეგავლენა მოახდინოს სქესობრივ ცხოვრებაზე. შესაძლოა სქესობრივი აქტის განხორციელება ფიზიკურად გართულდეს და ამიტომ შემცირდეს სქესობრივი ლტოლვაც.

სასარგებლოა აღნიშნულ მდგომარეობაზე საუბარი სხვა ადამიანებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან, ან საშვილოსნოს კიბოს მქონე სხვა პაციენტებთან.

ვის ემართება?

საშვილოსნოს კიბოქალის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა. ის ქალებში კიბოს დიაგნოზებში მეოთხე ადგილს იკავებს, მკერდის კიბოს, ფილტვის კიბოს და მსხვილ და სწორნაწლავების კიბოს შემდეგ.

დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 8,475 ახალი შემთხვევა დიაგნოზირდება. საშვილოსნოს კიბო უფრო ხშირია მენოპაუზის შემდეგ და ამიტომ დიაგნოზირებული ქალების უმრავლესობა 40-74 წლამდე ასაკისაა.

საშვილოსნოს კიბო ქალებში კიბოს დიაგნოზების 3%-ს შეადგენს.

კომენტარის დამატება