Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შაკიკი

შაკიკი

271

შაკიკი არის საშუალო სიძლიერის ან ძლიერი ტკივილი, რომელიც იგრძნობა პულსირებული (მფეთქავი) ტკივილის სახით თავის ერთ-ერთ მხარეში.

ზოგიერთ ადამიანს აქვს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა გულისრევა, პირღებინება და გაზრდილი მგრძნობელობა სინათლესა და ხმაზე.

შაკიკი არის გავრცელებული დაავადება, რომელიც ემართება 5-დან 1 ქალს, მამაკაცების შემთხვევაში კი 15-დან ერთს. დაავადება ძირითადად იწყება სიყმაწვილის პერიოდიდან.

არსებობს შაკიკის რამდენიმე ფორმა. ესენია:

  • შაკიკი აურით - რომლის დროსაც ავადმყოფს აქვს გამაფრთხილებელი ნიშნები შაკიკის დაწყებამდე, როგორიცაა მოციმციმე სინათლეების ხილვა
  • შაკიკი აურის გარეშე - რომლის დროსაც შაკიკი იწყება გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე
  • შაკიკის აურა თავის ტკივილის გარეშე, ასევე ცნობილია როგორც ჩუმი შაკიკი. მის დროს პაციენტს აქვს შაკიკის სიმპტომები, თუმცა მას არ აწუხებს თავის ტკივილი.

ზოგიერთ ადამიანს შაკიკი ხშირად აწუხებს, კვირაში რამდენჯერმე. დანარჩენებს კი შაკიკის სიმპტომები იშვიათად აქვთ. შესაძლოა წლებიც კი გავიდეს, სანამ შაკიკი განმეორდება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შაკიკის ხშირი ან მძიმე სიმპტომები.

შაკიკის სიმპტომების შესამსუბუქებლად მარტივი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შეიძლება ეფექტური იყოს. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიიღოთ ძალიან ბევრი ტკივილგამაყუჩებლები, რადგან დროთა განმავლობაში ამან შეიძლება უფრო გაართულოს თავის ტკივილის მკურნალობა.

ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შაკიკი ხშირად გაწუხებთ (თვეში 5 დღეზე მეტად), იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაკონტროლება შეგიძლიათ მედიკამენტებით, რადგან პრევენციული მკურნალობის შედეგად შეიძლება უფრო უკეთ იგრძნოთ თავი.

აუცილებლად დარეკეთ 112-ში და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ ვინმე თქვენს გვერდით მყოფს აქვს შემდგომი სიმპტომები:

  • პარალიზება ან სისუსტე ერთ-ერთ მხარში, ან სახის ერთ ნაწილში
  • ენის ბორძიკი საუბრის დროს, ან გაუგებარი მეტყველება
  • უეცარი გულისწამსვლელი თავისტკივილი, რომელიც იწვევს დამაბრმავებელ ტკივილს, რომელიც ადრე არასდროს განუცდიათ
  • თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა (ცხელება), კისრის გაშეშება, გონებრივი დაბნეულობა, კრუნჩხვები, გაორებული ხედვა (double vision) და გამონაყარი.

ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს უფრო სერიოზული სიმპტომების ნიშანი, როგორიცაა ინსულტი, ან მენინგიტი და ეს მდგომარეობა დროულად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.

რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებების, ნერვებისა და სისხლძარღვების დროებითი ცვლილებით ტვინში.

იმ ადამიანების ნახევარს, რომელსაც აწუხებს შაკიკი, ჰყავს ახლო ნათესავი, რომელსაც აწუხებს ანალოგიური დაავადება. ეს გვეუბნება, რომ შესაძლოა გენები დიდ როლს ასრულებდნენ.

ზოგიერთ ადამიანს შაკიკი ეწყება მენსტრუალური ციკლის დაწყებასთან ერთად, ან მას იწვევს სტრესი, დაღლილობა, გარკვეული საკვები და სასმელი.

შაკიკის გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მისი გამომწვევი მიზეზების განყოფილებაში.

როგორ მკურნალობენ შაკიკს

შაკიკის მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ სიმპტომების შემსუბუქება.

ესენია:

  • ტკივილგამაყუჩებლები -მათ შორის ურეცეპტოდ გაცემადი ტკივილგამაყუჩებლებიც, როგორებიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი
  • ტრიპტანები - წამლების ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში წარმოქმნილი ცვლილებების რევერსირებაში (იმ ცვლილებების, რომლებსაც შესაძლებელია გამოეწვიათ შაკიკი)
  • გულისრევის საწინააღმდეგო წამლები -მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ.

შეტევის დროს, ზოგიერთ ადამიანს შველის ჩაბნელებულ ოთახში წოლა.

შაკიკის პრევენცია

თუ ფიქრობთ, რომ იცით შაკიკის გამომწვევი მიზეზი, როგორიც შესაძლოა იყოს სტრესი, ან გარკვეული საჭმელი, მათგან თავის არიდებამ, შესაძლოა შეამციროს შაკიკის შეტევის რისკები.

ასევე შესაძლოა დაგეხმაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რაც მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, ძილსა და კვებას. ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სხეული არ არის დეჰიდრირებული. ასევე, უნდა შეამციროთ კოფეინისა და ალკოჰოლის მიღება.

თუ შაკიკი არის ძლიერი, ან თავიდან ირიდებდით მის გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ამან შედეგი არ მოგცათ, თქვენი ექიმი გამოგიწერთ მედიკამენტს სხვა შეტევების პრევენციისთვის.

წამლები, რომლებიც გამოიყენება შაკიკის პრევენციისთვის მოიცავს კრუნჩხვების საწინააღმდეგო წამლებს - ტოპირამატს (topiramate) და პროპრანოლოლს (propranolol), რომლებიც ძირითადად გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ. სიმპტომების გაუმჯობესებას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

პროგნოზი

შაკიკს შეუძლია სერიოზულად იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე და შესაძლოა ვერ შეძლოთ ყოველდღიური აქტივობების განხორციელება. ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია, რომ ლოგინში იწვეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუმცა არსებობს ეფექტიური მკურნალობის გზები, რომლებიც გამოიყენება სიმპტომების შესამცირებლად და შემდგომი შეტევების პრევენციისთვის.

შაკიკის შეტევები შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ გაუარესდეს, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ის ძირითადად უმჯობესდება წლების განმავლობაში.

კომენტარის დამატება