ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარება და მათზე დამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. დღეს ნივთიერებებზე დამოკიდებულება განისაზღვრება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური დაავადება, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ავადმყოფობა, ერთი მხრივ, განპირობებულია კომპლექსური – ბიო-ფსიქო-სოციალური მიზეზებით, ხოლო მეორე მხრივ, ზემოქმედებს ადამიანის განვითარებისა და ფუნქციობის ყველა ძირითად ასპექტზე: დამოკიდებულების დროს ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები, რაც აისახება პიროვნების ქცევასა და მის სოციალურ კავშირებზე, ოჯახსა და საზოგადოებაში აქტივობაზე; ადამიანის სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე, მათ შორის იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია ნარკოტიკების მიღების ხელშემწყობ ფაქტორებთან საბრძოლველად.
ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მიმართ წამალდამოკიდებულების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა. უნივერსალური პრევენცია კი საზოგადოების ინფორმირებაა ნარკოტიკების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე, ნარკოვითარებაზე და ზოგადად, ნარკოტიკების თაობაზე. სწორედ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეგიდით, შეიქმნა პოლონური პროექტის ანალოგი, ონლაინპლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კითხვა-პასუხის რეჟიმში პროფესიონალსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციას. პროექტის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ჩარევის განხორციელება, ანუ შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა ინდივიდუალურ დონეზე.
ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის საქმეში: ართულებს წამალდამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციასა და სოციალურ იზოლაციას, დაუსაქმებლობას – რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. ჩვენი მიზანი პრევენციულ მიდგომასთან ერთად ამ სტიგმის დამარცხებაცაა – სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა წამალდამოკიდებულებით დაავადებული პირების ეფექტური დახმარების ხელშეწყობისთვის. ჩვენი ელფოსტის და ონლაინკომუნიკატორის საშუალებით გეძლევათ საშუალება თქვენთვის საინტერესო კითხვებზე მიიღოთ კომპეტენტური პასუხები პროფესიონალებისგან. ონლაინკომუნიკატორით კომუნიკაცია სრულიად ანონიმურია.
კომენტარები