Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰეპატიტი

ჰეპატიტი

131

ტერმინი ჰეპატიტი აღნიშნავს ღვიძლის ანთებას. ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ან დამაზიანებელი ნივთიერებების, მაგალითად ალკოჰოლის, მოქმედების შედეგი.

ზოგიერთი ტიპის ჰეპატიტი გაივლის ღვიძლის მუდმივი დაზიანების გარეშე.

სხვა ტიპები კი წლების განმავლობაში რჩება და იწვევს ღვიძლის დაზიანებას (ციროზს). სერიოზული შემთხვევების უმეტესობაში, ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დაკარგვა (ღვიძლის უმარისობა), ან ღვიძლის კიბო. ორივე შემთხვევა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ამ ხანგრძლივი ტიპის ჰეპატიტებს ქრონიკულ ჰეპატიტს უწოდებენ.

ინფექციით გამოწვეული ჰეპატიტის საწყისი სიმპტომები, გრიპის ნიშნების მსგავსია და მოიცავს:

  • კუნთებისა და სახსრების ტკივილს
  • მაღალ ტემპერატურას (სიცხეს), 38C ან მეტი
  • გულისრევის შეგრძნება
  • პირღებინება
  • თავის ტკივილი
  • კანისა და თვალების მოყვითალო ელ-ფერი (სიყვითლე).

ქრონიკული ჰეპატიტის სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • უჩვეულო და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • დეპრესია
  • სიყვითლე
  • ზოგადად თავის ცუდად შეგრძნება.

ბევრ შემთხვევაში ჰეპატიტები იწვევს შეუმჩნეველ სიმპტომებს, ასე რომ, როდესაც ვირუსი იწვევს ჰეპატიტს, ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ამჩნევს, რომ ისინი ინფიცირებულები არიან.

ანალოგიურად, ალკოჰოლისგან გამოწვეული ჰეპატიტის შემთხვევაში ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ჰეპატიტი მათ ღვიძლს აზიანებს.

ჰეპატიტის ტიპები

ქვემოთ განხილულია ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული ფორმები.

ჰეპატიტი A

ჰეპატიტი A, გამოწვეულია A ჰეპატიტის ვირუსისგან და არის ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული ტიპი. მას ადგილი აქვს ინგლისშიც, თუმცა უფრო ხშირია ისეთ ქვეყნებში სადაც სანიტარიული და ჩამდინარე წყლების პრობლემებია.

ინგლისში ყოველწლიურად დაახლოებით 350 შემთხვევა ფიქსირდება, უმეტესობა კი ისეთ ადამიანებში აღინიშნება, რომლებიც სხვა ქვეყანაში მოგზაურობენ.

ჰეპატიტი A ხშირად გადადის რაიმე ისეთი საგნის პირის ღრუში მოხვედრით, რომელიც დაბინძურებული იყო ჰეპატიტი A-ს ვირუსის შემცველი ფეკალიებით.

ის ჩვეულებრივ მოკლე დროის (მწვავე) ინფექციას წარმოადგენს და გაივლის სამი თვის განმავლობაში. არ არსებობს მისი სპეციფიკური სამკურნალო საშუალება, გარდა სიმპტომების შემამსუბუქებლისა.

ვაქცინაციას შეუძლია თქვენი დაცვა მისგან. რეკომენდირებულია გაიკეთოთ ვაქცინა ისეთ ქვეყნებში გამგზავრებამდე, სადაც ის გავრცელებულია, როგორიცაა ინდოეთი, აფრიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა.

წაიკითხეთ მეტი ჰეპატიტი A-ს შესახებ.

ჰეპატიტი B

ჰეპატიტი B, B ჰეპატიტის ვირუსისგანაა გამოწვეული. ეს ვირუსი სისხლსა და სხეულის სითხეებში (როგორიცაა სპერმა და ვაგინალური გამონადენი) ცხოვრობს, ამიტომ მისი გავრცელება შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს, ან ინექციური წამლებისა და ნემსების რამდენიმე ადამიანში გამოყენებისას.

ჰეპატიტი B არის იშვიათი ინგლისში, ყველაზე ხშირია კონკრეტულ ჯგუფებში, მაგალითად ინექციური წამლების მომხმარებლებში. ის უფრო გავრცელებულია მსოფლიოს სხვა წერტილებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიასა და საჰარას აფრიკაში.

ჰეპატიტი B–ს მქონე ხალხთა უმეტესობას შეუძლია ვირუსთან ბრძოლა და მისგან რამდენიმე თვეში სრულად გამოჯანმრთელება. ეს ინფექცია არასასიამოვნოა, მაგრამ ხშირად არ იწვევს ხანგრძლივ სერიოზულ დაზიანებას. თუმცა, ხალხის მცირე ნაწილს ის უხანგრძლივდება და გადადის ქრონიკულ B ჰეპატიტში. ზოგიერთ ადამიანში, ქრონიკულმა B ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ციროზი, ან ღვიძლის კიბო.

ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია ანტივირუსული წამლებით.

ვაქცინა ჰეპატიტი B-სთვის ხელმისაწვდომია და რეკომენდირებულია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, როგორიცაა ინექციური წამლების გამომყენებელი პირები, ან სამედიცინო პერსონალი.

წაიკითხეთ მეტი ჰეპატიტი B-ს შესახებ

ჰეპატიტი C

ჰეპატიტი C არის ინგლისში ყველაზე გავრცელებული ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 215,000 ადამიანს აქვს ქრონიკული ჰეპატიტი C.

ეს დაავადება ჰეპატიტი C-ს ვირუსისგანაა გამოწვეული. მისი აღმოჩენა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლში და უფრო ცოტა რაოდენობით, ნერწყვში, სპერმასა და საშოს გამონადენში.

ის განსაკუთრებით კონცენტრირებულია სისხლში, ასე რომ მარტივად გადადის სისხლით. ინგლისში 10-დან 9 შემთხვევაში, ვრცელდება ინექციური წამლების ან ნემსების ერთმანეთთან გაზიარების გამო.

ჰეპატიტი C ჩვეულებრივ იწვევს შეუმჩნეველ სიმპტომებს, ან ისეთ სიმპტომებს რომელთაც გრიპს მიაწერენ, ამის გამო ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ დაინფიცირებულია.

საშუალოდ ოთხიდან ერთი ადამიანი ახერხებს ჰეპატიტი C-ს დამარცხებას და მისგან გათავისუფლებას. დანარჩენ სამში კი ვირუსი წლების განმავლობაში დარჩება. ეს ქრონიკულ C ჰეპატიტადაა ცნობილი. ზოგიერთ ადამიანში, ქრონიკულმა C ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ციროზი და ღვიძლის უკმარისობა.

ქრონიკული ჰეპატიტი C-ს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებითაა შესაძლებელი, თუმცა მათ არასასურველი გვერდითი ეფექტები აქვთ.

ამჟამად ჰეპატიტი C-ს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

წაიკითხეთ მეტი ჰეპატიტი C-ს შესახებ.

ალკოჰოლური ჰეპატიტი

წლების განმავლობაში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება დააზიანებს ღვიძლს და საბოლოოდ გამოიწვევს ჰეპატიტს. ჰეპატიტის ამ ტიპს ალკოჰოლური ჰეპატიტი ეწოდება.

დადგენილია, რომ იმ ადამიანთა მეოთხედს, რომლებიც ალკოჰოლს საშუალოდან დიდ რაოდენობამდე სვამენ, აქვთ განვითარებული ალკოჰოლური ჰეპატიტი, რაღაც ხარისხში.

ეს დაავადება ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და მისი აღმოჩენა ხშირად, სხვა დაავადებაზე სისხლის ანალიზით შემოწმების დროს ხდება.

თუ ალკოჰოლური ჰეპატიტის მქონე ადამიანი აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, მაშინ ძალიან მაღალი რისკია ციროზის და ღვიძლის უკმარისობის განვითარებისა.

წაიკითხეთ მეტი ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების და ალკოჰოლთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

ჰეპატიტის იშვიათი ტიპები

ჰეპატიტი D

ჰეპატიტი D გამოწვეულია ჰეპატიტი D-ს ვირუსისგან, აღნიშნულია მხოლოდ ისეთ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჰეპატიტი B (რადგან ეს ვირუსი B ჰეპატიტის ვირუსის გარეშე ვერ შეძლებს გადარჩენას სხეულში).

ქრონიკული ჰეპატიტი D ზრდის ციროზის განვითარების რისკს. ციროზი დიდი ალბათობით განვითარდება ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული ჰეპატიტი B-ს შემდეგ უვითარდებათ ჰეპატიტი D (სუპერინფექცია).ორივე ინფექციის ერთდროულად განვითარება (კო-ინფექცია) ბევრად იშვიათია.

ინგლისში ამ ინფექციის რაოდენობა ძალიან დაბალია.

ჰეპატიტი E

ჰეპატიტი E გამოწვეულია ჰეპატიტი E-ს ვირუსისგან, ის ძალიან იშვიათია ინგლისში და გამოხატულია, როგორც მსუბუქი ტიპის მოკლევადიანი ინფექცია. ეს დაავადება ემართებათ ჰეპატიტი E-ს ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის ფეკალიებით დაბინძურებული საგნის პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაში. ერთი ადამიანიდან მეორეზე პირდაპირი გადაცემა იშვიათია.

იხილეთ „ღვიძლის ბრიტანული ნდობის ვებ-გვერდი“ (British Liver Trustwebsite) ჰეპატიტი E-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის.

ავტოიმუნური ჰეპატიტი

აუტოიმუნური ჰეპატიტი ქრონიკული (ხანგრძლივი) ჰეპატიტის ძალიან იშვიათი გამომწვევია. სისხლის თეთრი უჯრედები უტევენ ღვიძლს, რაც იწვევს ქრონიკულ ანთებასა და დაზიანებას. ამას შეუძლია გამოიწვიოს ბევრად სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის უკმარისობა. ამ რეაქციის გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი.

ევროპაში, აუტოიმუნური ჰეპატიტის შემთხვევა 100,000 ადამიანიდან დაახლოებით 10-17-ში გვხვდება.

15-დან 25 წლამდე ქალებში 3-4ჯერ მეტი ალბათობაა დაინფიცირების, ვიდრე მამაკაცებში. თუმცა, უფრო მეტი ასაკის ჯგუფებში კი, ამის თანაბარი ალბათობაა.

სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ტკივილს მუცელში, სახსრების ტკივილს, სიყვითლეს (თვალის თეთრი ნაწილებისა და კანის მოყვითალო ელფერი) და ციროზს. ასეთი სიმპტომების აღმოცენის შემთხვევაში, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომ ჩაიტაროთ გამოკვლევები და დროულად მოხდეს დიაგნოზირება.

აუტოიმუნური ჰეპატიტის მკურნალობა მოიცავს იმ წამლების გამოყენებას, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და ამცირებს ანთებას (იმუნოსუპრესანტები). სტეროიდულ  წამლებს (პრედნიზოლონი) შეუძლია შეამციროს ანთება რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათი გამოყენება შეიძლება სიმპტომების გასაკონტროლებლად.

იხილეთ „ღვიძლის ბრიტანული ნდობის ვებ-გვერდი“ (British Liver Trustwebsite) ავტოიმუნური ჰეპატიტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

კომენტარის დამატება