ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიზანია პიროვნების საჭიროებებსა და ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომელთა შემუშავება, დანერგვა და ხარისხის განვითარება ხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებასთან ურთიერთკავშირით.
ჰოსპიტალი საქართველოს რეალობაში იმ უიშვიათეს გამონაკლისს განეკუთვნება, რომელიც ჩამოყალიბებულია არამომგებიანი (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით და საქმიანობს საზოგადოების საკეთილდღეოდ. ამის გამოხატულებაა როგორც მრავალრიცხოვანი უსასყიდლო სკრინინგის პროგრამები, ისე ე.წ. არაკომერციული მიმართულებების განვითარება. მაგალითად, 2017 წელს ჩამოყალიბდა და უკვე რამდენჯერმე გაფართოვდა პალიატიური განყოფილება.
ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ ეტაპობრივად ჩაანაცვლა ანალოგიური სახელით მოქმედი შპს, რომელიც შეიქმნა შპს „კიბოს კვლევის ცენტრის - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიის“ (დაფუძნ. 2012 წლის 20 აპრილს) რეორგანიზაციისა და მასთან 2015 წლის სექტემბერში შპს „ჯეოკლინიკის“ შერწყმის საფუძველზე. 2017 წლის ოქტომბერში ჰოსპიტალს შპს „დავით გაგუას კლინიკისგან“ შეძენილი კიდევ ერთი დამოუკიდებლად მოქმედი საწარმოო ქვედანაყოფი შეუერთდა. შესაბამისად, ჰოსპიტალში 125-მდე გაიზარდა სტაციონარული საწოლების რაოდენობა.
2016 წლის 1 სექტემბრიდან გაერთიანდა ჰოსპიტლისა და უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მენეჯმენტი, რის შედეგადაც ჰოსპიტალს მედიცინის სკოლის დეკანი ხელმძღვანელობს.
- ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტი
ქირურგიულ დაავადებათა დეპარტამენტი აერთიანებს: ზოგადი და მცირეინვაზიური და ენდოსკოპიური ქირურგიას, ქირურგიული ონკოლოგიას, გინეკოლოგიას, თორაკალურ და თავ-კისრის ქირურგიას, მამოლოგიას, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების ონკოქირურგიას, პროქტოლოგიას, მეტაბოლური ქირურგიას, ტრავმატოლოგია და ორთოპედიას, უროლოგიას, ანგიოქირურგიას, პლასტიკური ქირურგიას, ყბა-სახის ქირურგიას, ბავშვთა ქირურგიას და ნეიროქირურგიას. გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფი და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს ღია და ლაპარასკოპიული ოპერაციების უმაღლეს დონეზე ჩატარებას. ჰოსპიტალი გამოირჩევა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტების ქირურგიული მკურნალობით, ტარდება რთული და მასშტაბური ოპერაციები.
- ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი შედგება შემდეგი მიმართულებებისგან: კლინიკური ლაბორატორია, პათომორფოლოგია, ციტოლოგია, რადიოლოგია (რენტგენი, ექსოკოპია), ენდოსკოპია, ფუნქციური დიაგნოსტიკა. დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სხივური მედიცინის სერვისებს, აგრეთვე სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურას, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მკურნალობისათვის.
- ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი
დეპარტამენტი წარმოადგენს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიმღებს. მასში გაერთიანებულია გადაუდებელი მედიცინის, კრიტიკული მედიცინის და ანესთეზიოლოგიის სამსახურები. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და ემსახურება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ან გადაუდებელი მდგომარეობა, აგრეთვე ფართო სპექტრის დაავადებები – გულსისხლძარღვთა და ნეიროვასკულური, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დარღვევები, ტრავმა და სხვა.
- მ. აბელოფის სახ. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი
დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და პაციენტებს კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ლიმფომების მედიკამენტური მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში. მკურნალობა მიმდინარეობს როგორც ამბულატორულად, ასევე სტაციონარის პირობებში. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში გამოიყენება CCDRT მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალსელექციური ანტინეოპლაზიური ქიმიოთერაპია.
- შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი
შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში გაერთიანებულია: თერაპიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებები. დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ქრონიკული და მწვავე დაავადებების მკურნალობას
კომენტარები