ჰიპერთენზია
ჰიპერტენზია, ანუ სისხლის მაღალი წნევა „ჩუმი მკვლელის“ სახელწოდებით ცნობილი პათოლოგიაა, რომელსაც იშვიათად ახასითებს გამოხატული სიმტომები, მაგრამ მკურნალობის გარეშე ზრდის ისეთი სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს, როგორებიცაა ინსულტი და გულის შეტევა.
დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დაახლოებით 25%-ზე მეტს აქვს ჰიპერტენზია, მაგრამ ბევრმა ამის შესახებ არ იცის.
ამ პრობლემის გამოვლენის ერთადერთი საშუალება არის სისხლის წნევის გაზომვა (have your blood pressure measured).
რა არის სისხლის მაღალი წნევა?
სისხლის წნევა განისაზღვრება ორი რიცხვისგან. ცისტოლური წნევა (პირველი/მაღალი მაჩვენებელი) არის ის წნევა, რომლითაც გული სისხლს ტუმბავს სისხლძარღვებში. დიასტოლური წნევა (მეორე/დაბალი მაჩვენებელი) კი არის ის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის წინააღმდეგობის მაჩვენებელი. ორივე მაჩვენებელი იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში (mmHg).
ზოგადად:
- სისხლის მაღალ წნევად მიიჩნევა 140/90 mmHg ან უფრო მაღალი მაჩვენებელი
- იდეალურ წნევად მიიჩნევა 90/60 mm/Hg-სა და 120/80 mm/Hg-ს შორის
- სისხლის დაბალ წნევად მიიჩნევა 90/60 mm/Hg ან უფრო დაბალი.
სისხლის წნევის მაჩვენებელი 120/80 mm/Hg-სა და 140/90 mm/Hg-ს შორის შეიძლება ნიშნავდეს, რომ შეიძლება გაგივითარდეთ ჰიპერთენზია, თუ არ მიიღებთ სისხლის წნევის გასაკონტროლებელ ზომებს.
სისხლის მაღალ წნევასთან დაკავშირებული რისკები
თუ სისხლის წნევა ძალიან მაღალია, ის ზედმეტ ზეწოლას ახდენს სისხლძარღვებზე, გულზე და სხვა ორგანოებზე, მათ შორის ტვინზე, თირკმელებზე და თვალებზე.
ხანგძლივ მაღალ წნევას შეუძლია გაზარდოს სხვადასხვა სერიოზული და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობების რისკები, როგორებიცაა:
- გულის დაავადება
- გულის შეტევა
- ინსულტი
- გულის უკმარისობა (heart failure)
- პერიფერიული არტერიების დაავადება (peripheral arterial disease)
- აორტის ანევრიზმა (aortic aneurysms)
- თირკმელების დაავადება (kidney disease)
- ვასკულარული დემენცია (vascular dementia).
სისხლის მაღალი წნევის დროს, მისი სულ მცირედით შემცირებაც კი შეამცირებს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების განვითარების რისკს.
სისხლის წნევის გაზომვა
სისხლის მაღალი წნევის გამოსავლენად ერთადერთი საშუალება არის სისხლის წნევის გაზომვა.
40 წელს გადაცილებულმა ყველა მოზრდილმა ადამიანმა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს წნევა. თუ წნევა არასოდეს გაგიზომავთ, ან არ იცით თქვენი წნევის ნორმალური მაჩვენებლები, სთხოვეთ ექიმს ან ვინმე თქვენს ახლობელს წნევის გაზომვა (პორტატიული წნევის საზომი მოწყობილობები ამჟამად უკვე თითქმის ყველა ოჯახშია).
სისხლის მაღალი წნევის გამომწვევი მიზეზები
სისხლის მაღალი წნევის გამომწვევი მიზეზების დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის მისი განვითარების რისკს.
ჰიპერთენზიის რისკს ზრდის:
- 65 წელს გადაცილებული ასაკი
- ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
- ნათესავი, რომელსაც აწუხებს ჰიპერთენზია
- აფრიკული ან კარიბული წარმოშობა
- დიდი რაოდენობით მარილის მიღება და ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობის მიღება
- არასაკმარისი რაოდენობით ვარჯიში
- დიდი რაოდენობით ყავის ან ალკოჰოლური სასმელების მიღება (ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების)
- სიგარეტის მოწევა
- არასაკმარისი რაოდენობის ძილი, ან გამოუძინებლობა.
ცხოვრებისეული სტილის ჯანსაღად შეცვლა შეამცირებს ჰიპერთენზიის განვითარების რისკებს და ასევე შეამცირებს სისხლის მაღალ წნევას, თუ უკვე გაქვთ ეს მდგომარეობა.
სისხლის მაღალი წნევის შემცირება
ცხოვრების სტილის შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ სისხლის წნევის შემცირებაში და მაღალი წნევის პრევენციაში:
- შეამცირეთ მარილის რაოდენობა თქვენს კვების რაციონში და იკვებეთ ჯანსაღი კვების რაციონით
- შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა
- დაიკელით წონა (თუ ხართ ჭარბწონიანი)
- ივარჯიშეთ რეგულარულად
- შეამცირეთ კოფეინიანი სასმელების რაოდენობა
- შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა
- ღამის განმავლობაში ეცადეთ სულ მცირე 6 საათი მაინც გეძინოთ.
ზოგიერთ ადამიანს ჰიპერთენზიის სამკურნალოდ შეიძლება ასევე დასჭირდეს ერთი ან უფრო მეტი წამლის მიღებაც.
წამლები ჰიპერთენზიისთვის
თუ დაგისვეს სისხლის მაღალი წნევის დიაგნოზი, მის გასაკონტროლებლად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ერთი ან რამდენიმე წამლის მიღება. წამლების მიღება ძირითადად დღეში ერთხელ არის საჭირო.
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო ძირითადი წამლებია:
- ACE ინჰიბიტორები - როგორებიცაა ენალაპრილი (enalapril), ლიზინოპრილი (lisinopril), პერინდოპრილი (perindopril) და რამიპრილი (ramipril)
- ანგიოტენზინ 2-ის რეცეპტორის ბლოკატორები - როგორებიცაა კანდესარტანი (candesartan), ირბესარტანი (irbesartan), ლოზარტანი (losartan), ვალსარტანი (valsartan) და ოლმესარტანი (olmesartan)
- კალციუმის არხის ბლოკატორები - როგორებიცაა ამლოდიპინი (amlodipine), ფელოდიპინი (felodipine) და ნიფედიპინი (nifedipine) ან დილტიაზემი (diltiazem) და ვერაპამილი (verapamil)
- დიურეტიკები (შარდმდენები) - როგორებიცაა ინდაპამიდი (indapamide) და ბენდროფლუმეთიაზიდი (bendroflumethiazide)
- ბეტა-ბლოკატორები - როგორებიცაა ატენოლოლი (atenolol) და ბისოპროლოლი (bisoprolol)
- ალფა-ბლოკატორები - როგორიცაა დოქსაზოსინი (doxazosin)
- რენინის ინჰიბიტორები - როგორიცაა ალისკირენი (aliskiren)
- სხვა შარდმდენი საშუალებები - როგორებიცაა ამილორიდი (amiloride) და სპირონოლაქტონი (spironolactone).
გამოწერილი წამლის სახეობა დამოკიდებული იქნება წნევის მაჩვენებელზე და პაციენტის ასაკზე.
კომენტარის დამატება