Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ალერგია / alergia

ალერგია / alergia

191

ალერგია არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ საკვებსა თუ ნივთიერებაზე.

ალერგიები ძალზე გავრცელებულია. გაერთიანებულ სამეფოში ის გვხვდება ყოველი ოთხიდან, დაახლოებით, 1 ადამიანში მათი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე.

განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ზოგიერთი ალერგია ქრება მოზრდილ ასაკში, მაგრამ ზოგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ზრდასრულებს ალერგია შეიძლება განუვითარდეთ იმ საგნების მიმართ, რომლებიც წარსუში არ იწვევდნენ ზემგრძნობელობას.

ალერგიული რეაქცია საკმაოდ უსიამოვნოა და ზეგავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. არსებობს ალერგიათა ტიპები, რომლებიც მსუბუქად მიმდინარეობს და სრულიად კონტროლირებადია. მაგრამ ზოგჯერ გვხვდება მძიმე ხარისხის ალერგიებიც, თუმცა ეს უფრო იშვიათია.

გავრცელებული ალერგიები

ალერგიის გამომწვევ აგენტს ალერგენს უწოდებენ. უფრო გავრცელებული ალერგენებია:

  • ბალახი და ხის მტვერი
  • ტკიპები
  • ცხოველის ქერტლი (კანის ან თმის პატარა ნაწილი)
  • საკვები - განსაკუთრებით თხილეული, ხილი, მოლუსკები, კვერცხი და ძროხის რძე
  • მწერების ნაკბენები და ნესტარი (insect bites and stings)
  • მედიკამენტები - მათ შორის იბუპროფენი, ასპირინი და გარკვეული ანტიბიოტიკები
  • რეზინა, რომელიც გამოიყენება ხელთათმანებისა და პრეზერვატივების (condoms) დასამზადებლად
  • ობი - მისგან ჰაერში შეიძლება გამოიყოს პატარა ნაწილაკები
  • საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებები - მათ შორის სარეცხი საშუალებები და თმის საღებავები (hair dyes).

ამ ალერგენთა უმეტესობა, ზოგადად, უვნებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ალერგია.

ალერგიული რეაქციის სიმპტომები

ალერგიული რეაქცია ძირითადად ვითარდება, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წუთში და შეიძლება გამოიწვიოს:

  • ცემინება
  • სურდო ან ცხვირის დახშობა
  • წითელი, ქავილის გამომწვევი, წყლიანი თვალები
  • ხმაურიანი სუნთქვა და ხველა
  • წითელი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი
  • ასთმის ან ეგზემის სიმპტომების გაუარესება.

ალერგიულ რეაქციათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ, იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური შოკი. ეს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

გაიგეთ მეტი ალერგიის სიმპტომების შესახებ.

დახმარება ალერგიის დროს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენ შვილს რაიმეს მიმართ გქონდათ ალერგიული რეაქცია, მიმართეთ ოჯახის ექიმს.

ალერგიის სიმპტომები შეიძლება განპირობებული იყოს სხვა პათოლოგიით. ოჯახის ექიმი დაგეხმარებათ მათ განსხვავებაში. თუ ის ჩათვლის, რომ სავარაუდოდ გაქვთ მსუბუქი ალერგია, მოგაწოდებთ შესაბამის რჩევებსა და მკურნალობის გეგმას ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.

თუ სიტუაცია განსაკუთრებულად მძიმეა ან ალერგენი დაუზუსტებელია, ოჯახის ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ ალერგოლოგთან კვლევებისა და მკურნალობისთვის.

როგორ გავაკონტროლოთ ალერგია

ალერგიის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა ალერგენთან კონტაქტის აღმოფხვრაა.

მაგალითად, თუ გაქვთ საკვებისმიერი ალერგია, ჭამამდე უნდა შეამოწმოთ ინგრედიენტები. კვების სტანდარტების სააგენტო გაწვდით მეტ ინფორმაციას საკვები ალერგენების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით (information about food allergen labelling).

არსებობს რამოდენიმე მედიკამენტი ალერგიული რეაქციის სიმპტომების გასაკონტროლებლად. ესენია:

  • ანტიჰისტამინები (antihistamines) - მათი მიღება შეიძლება სიმპტომების გამოვლენის შემჩნევისას ან ალერგენთან კონტაქტამდე
  • ცხვირის გამხსნელი საშუალებები - აბები, კაფსულები, ნაზალური აეროზოლი ან თხევადი სახით. მათ აქვთ ხანმოკლე დადებითი ეფექტი ცხვირის დახშობის დროს
  • ლოსიონები და კრემები, როგორებიცაა დამატენიანებელი კრემები (დამარბილებელი) - მათ შეიძლება შეამცირონ კანის სიწითლე და ქავილი
  • სტეროიდული მედიკამენტები - აეროზოლები, წვეთები, კრემები, საინჰალაციოები და აბები, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ ალერგიული სიწითლე და შეშუპება.

ზოგჯერ, მძიმე ხარისხის ალერგიის შემთხვევაში, შეიძლება რეკომენდირებული იყოს იმუნოთერაპია. ეს გულისხმობს წლების განმავლობაში ალერგენთან კონტაქტს კონტროლის ქვეშ, რათა ორგანიზმი შეეჩვიოს მას და აღარ გამოავლინოს ძლიერი რეაქცია.

გაიგეთ მეტი ალერგიის მკურნალობის შესახებ.

რა იწვევს ალერგიებს?

ალერგია ვითარდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა საფრთხედ აღიქვამს გარკვეულ აგენტს და შესაბამისად რეაგირებს.

რეაქციის მიზეზი არ არის სრულიად ნათელი, მაგრამ ალერგიულ პაციენტთა უმეტესობას აქვს ალერგიის ოჯახური ისტორია ან მჭიდროდ დაკავშირებული პათოლოგიები, როგორებიცაა ასთმა ან ეგზემა.

ალერგიის მქონე პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამის მიზეზი გაუგებარია, მაგრამ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეს არის უფრო სუფთა, მიკრობებისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების შედეგი. ამ ყველაფრის გამო იმუნურ სისტემას ნაკლებ უცხო სხეულთან უწევს გამკლავება.

ფიქრობენ, რომ ამის გამო იმუნური სისტემა ზედმეტად აგრესიულად რეაგირებს უვნებელი აგენტების მიმართ.

გაიგეთ მეტი ალერგიის დიაგნოზირების შესახებ.

გაიგეთ მეტი ალერგიის პრევენციის შესახებ.

არის ეს ალერგია, მგრძნობელობა თუ აუტანლობა?

ალერგია - ეს არის ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ განხორციელებული რეაქცია ნორმალურ პირობებში უვნებელ აგენტთან კონტაქტის გამო

მგრძნობელობა - არის აგენტის ნორმალური ეფექტების გაძლიერება; მაგალითად, ერთ ჭიქა ყავაში შემავალ კოფეინს შეუძლია ისეთი მძიმე სიმპტომების გამოწვევა, როგორებიცაა გულის ფრიალი და კანკალი

აუტანლობა - ხდება, როდესაც აგენტი იწვევს უსიამოვნო სიმპტომებს, როგორიცაა დიარეა, მაგრამ არ არის ჩართული იმუნური სისტემა; გარკვეული პროდუქტის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მისი მცირე რაოდენობით მიღება პრობლემის გარეშე.

კომენტარის დამატება