Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » აკვნის ქუდი / akvnis qudis

აკვნის ქუდი / akvnis qudis

228

აკვნის ქუდი მოყვითალი, ცხიმოვანი აქერცვლადი ლაქებია, რომელიც ზოგჯერ ჩნდება ახალშობილთა თავის კანზე.

ეს გავრცელებული, უსაფრთხო მდგომარეობაა, რომელიც არ იწვევს ქავილს, ან დისკომფორტს ბავშვებში. თუ თქვენი შვილი იკაწრავს კანს თავზე, ან აღმოაჩენთ შეშუპებას, გაესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ, რადგან ეს ნიშნები შეიძლება სხვა დაავადებაზე მიგვითითებდნენ, როგორიცაა ატოპიური ეგზემა.

აკვნის ქუდის სამედიცინო დასახელებაა სებორეული დერმატიტი. ის ჩვეულებრივ ჩნდება თავის ქალის კანზე, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ასევე სახეზე, ყურზე, კისერზე, ან კანის ნაკეცებში, როგორიცაა მუხლისა და იღლიის ნაკეცები.

აკვნის ქუდი ბავშვებში ჩნდება პირველ ორ თვეში და თავისით ქრება რამდენიმე კვირაში ან თვეში. უმეტესობა შემთხვევებში ეს მდგომარეობა მთლიანად გაქრება, როდესაც ბავშვი მიაღწევს ერთი წლის ასაკს.

როგორ გამოიყურება აკვნის ქუდი?

აკვნის ქუდი ადვილად შეიმჩნევა დიდი, ცხიმიანი, მოყვითალო ან მოყავისფრო ქერცლების არსებობით ბავშვის თავის ქალაზე. ქერცლი საბოლოოდ ჩამოსცვივა და ეს ადგილები შეიძლება გამოიყურებოდეს წითლად. ზოგჯერ ჩამოცვენილ ქერცლს შეიძლება მიჰყვეს თმაც, მაგრამ ის თავიდან გაიზრდება დაზიანებულ ადგილზე.

რა იწვევს აკვნის ქუდს?

აკვნის ქუდის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა შეიძლება დაკავშირებული იყოს ზედმეტად აქტიურ ცხიმოვან ჯირკვლებთან. ეს კანში არსებული ჯირკვლებია, რომლებიც გამოიმუშავებენ ზეთოვან ნივთიერებას - ცხიმს.

ზოგიერთ ბავშვს ფიქრობენ, რომ დაბადების შემდეგ რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ დედისგან მიღებული ზოგიერთი ჰორმონი. ეს ჰორმონები შეიძლება იწვევდეს უფრო მეტი რაოდენობით ცხიმის წარმოქმნას.

აკვნის ქუდი არ არის გადამდები და არც ჰიგიენის ნორმების დარღვევის ან ალერგიის შედეგია. ამიტომ ეს მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ უვლიან ნორმალურად, ან აქვს რაიმე ინფექცია.

აკვნის ქუდის მდგოარეობიან ბავშვებს დიდი ალბათობით, მოზრდილობისას განუვითარდებათ ქერტლი, რომელიც სხვა ტიპის სებორიული დერმატიტია.

სჭირდება აკვნის ქუდს მკურნალობა?

აკვნის ქუდის შემთხვევათა უმეტესობა გაივლის თავისით დროთა განმავლობაში. ბავშვის თმისა და თავის ქალას კანის ნაზად დაბანა ბავშვის შამპუნით, დაგეხმარებათ ქერცლების წარმოქმნისგან თავის დაცვაში. ასევე სკალპის მასაჟი ღამით, ბავშვების ან ბუნებრივი ზეთებით, როგორიცაა ნუშის, ან ზეითუნის ზეთი, დაგეხმარებათ თავის კანისა და ქერქების დარბილებაში.

აკვნის ქუდის დროს არ არის აუცილებელი ბავშვი მიუყვანოთ ექიმს. თუმცა, ანთების განვითარების, ან აკვნის ქუდის სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მას რჩევისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ქერცლების მოშორება, რადგან შეიძლება გამოიწვიოთ ინფექცია!!!

სპეციალური შამპუნები

შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური შამპუნები აკვნის ქუდის სამკურნალოდ ადგილობრივ აფთიაქებში. ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქციების ბუკლეტი და შეამოწმეთ უსაფრთხოა თუ არა ის თქვენი შვილისთვის.

მოერიდეთ ბავშვის თვალებში შამპუნის მოხვედრას. თუ მისი გამოყენების წესები არ იცით, ჰკითხეთ რჩევა ფარმაცევტს.

ზოგადად არ გამოიყენოთ შამპუნები, რომლებიც შეიცავს მიწის თხილს ან მიწის თხილის ზეთს, ხუთ წლამდე ბავშვებზე.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა რთულია, თუ შეამჩნევთ შეშუპებას ან სისხლდენას, ან აკვნის ქუდის სიმპტომებს სხეულის სხვა ნაწილებშიც აღმოაჩენთ.

ინფექციის მკურნალობა

თუ ბავშვის აკვნის ქუდის დაავადება გადაიზარდა ანთებაში, ან ინფექციაში, დაგჭირდებათ ანტიბიოტიკების, ან სოკოს საწინააღმდეგო მალამოს გამოყენება, ან ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ისეთი შამპუნი, როგორიცაა კეტოკონაზოლი. ასევე თუ არის გამონაყარი ანთებით, შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოს მსუბუქი მოქმედების სტეროიდულ მალამოს, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი.

კომენტარის დამატება