Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბრონქიტი / bronqiti

ბრონქიტი / bronqiti

243

ბრონქიტი ფილტვის მთავარი ჰაერგამტარი გზების (ბრონქები) ინფექციაა, რომელიც მათ გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს.

ძირითადი სიმპტომი ხველაა, რომელსაც მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლორწო ამოჰყვება. ბრონქიტმა შესაძლოა ყელის ტკივილი და შეკრული სუნთქვაც გამოიწვიოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობის მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება, დასვენებით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების მიღებით და დიდი რაოდენობით სითხეების დალევით.

ექიმთან ვიზიტი მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ სიმპტომები მძიმე ან უჩვეულოა - მაგალითად, თუ:

  • ძლიერი ხველა გაქვთ ან ხველა 3 კვირაზე დიდხანს გრძელდება
  • მუდმივი ცხელება (სიცხე 38C ან უფრო მეტი) 3 დღეზე დიდხანს გაგრძელდა
  • სისხლიანი ლორწო ამოახველეთ
  • გულის ან ფილტვის დაავადება გაქვთ, მაგალითად ასთმა ან გულის უკმარისობა.

ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფილტვის ინფექციების გამორიცხვა, როგორიცაა პნევმონია, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ბრონქიტის სიმპტომებს. თუ ექიმი იეჭვებს პნევმონიის არსებობაზე, სავარაუდოდ დანიშნავს რენტგენის სხივებით გამოკვლევას და ასევე ნახველის ნიმუშს გააგზავნის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად.

თუ ექიმი იეჭვებს, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს რაიმე სხვა დაავადებაც (რომელიც არ არის ჯერ დიაგნოზირებული), შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ფილტვის ფუნქციური გამოკვლევის ჩატარებაც. ამ დროს პაციენტს სთხოვენ ჩაისუნთქოს ღრმად და ჩაბეროს სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც სპირომეტრი ეწოდება. სპირომეტრი ზომავს ფილტვებში ჰაერის მოცულობას. თუ ეს მოცულობა შემცირებულია, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ჯანმრთელობის თანმდევ პრობლემაზე.

ბრონქიტის მკურნალობა

ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. ბრონქიტის ამ ფორმას მწვავე ბრონქიტი ეწოდება. გამოჯანმრთელების პერიოდში დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დასვენებაა აუცილებელი.

ზოგ შემთხვევაში, ბრონქიტის სიმპტომები შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუ სიმპტომები 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მას ქრონიკული ბრონქიტი ეწოდება. ბრონქიტის ამ ფორმის განკურნება შეუძლებელია, თუმცა სიმპტომების გასაუმჯობესებლად რამდენიმე მედიკამენტი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია მოწევისგან და მწეველთა გარემოსგან თავის არიდება, რადგან ამან შესაძლოა სიმპტომები უფრო გააუარესოს.

რატომ გვემართება ბრონქიტი?

ბრონქები ფილტვების მთავარ ჰაერგამტარ გზებს წარმოადგენს. თითოეული მათგანი სასულის ორივე მხარეს იტოტება. ეს განტოტებები ფილტვის შიგნით უფრო და უფრო წვრილ ჰაერგამტარ გზებს წარმოქმნიან, რომლებიც ბრონქიოლების სახითაა ცნობილი. ბრონქების კედლები ლორწოს გამოყოფენ, რომელიც მტვერსა და სხვა გამღიზიანებელ ნაწილაკებს იკრავს.

მწვავე ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მაშინ ვითარდება, როცა ინფექციის გამო ბრონქები გაღიზიანებული და ანთებითი ხდება, ეს პროცესები ჰაერგამტარ გზებში დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფას ასტიმულირებს. ორგანიზმი ჭარბი რაოდენობით ლორწოს გამოდევნას ხველების საშუალებით ცდილობს.

მოწევა ქრონიკული ბრონქიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დროთა განმავლობაში, სიგარეტის ბოლი ბრონქების მუდმივ დაზიანებას და მათ ანთებას იწვევს.

გართულებები

პნევმონია ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული გართულებაა. ეს პათოლოგია ინფექციის ფილტვებში გავრცელებითაა გამოწვეული, რის გამოც ფილტვის ჰაერის ბუშტუკები/ალვეოლები სითხით ივსება. ბრონქიტის ყოველი მეოცე შემთხვევა პნევმონიით რთულდება.

პნევმონიის განვითარების გაზრდილ რისკ ჯგუფებში ხვდებიან:

  • მოხუცები
  • მწეველები
  • სხვა თანმდევი დაავადების მქონე ადამიანები, მაგალითად გულის ან თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები
  • დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.

პნევმონიის მსუბუქი ფორმების განკურნება სახლის პირობებშიც შესაძლებელია ანტიბიოტიკებით. თუმცა, უფრო გართულებული შემთხვევები შეიძლება ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებდეს.

ვის ემართება?

მწვავე ბრონქიტი ფილტვის ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ექიმთან მიმართვიანობის მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებს.

მწვავე ბრონქიტი შესაძლოა ნებისმიერი ასაკის პაციენტს დაემართოს, მაგრამ ეს პათოლოგია ყველაზე გავრცელებული 5 წლამდე ბავშვებშია. მწვავე ბრონქიტი უფრო გავრცელებული ზამთრის პერიოდშია და ხშირად გაციების, ყელის ტკივილის ან გრიპის შემდეგ ვითარდება.

დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 2 მლნ ადამიანი ქრონიკული ბრონქიტითაა დაავადებული. პაციენტების უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული ადამიანია.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ქრონიკული ბრონქიტის მქონე პაციენტებს ხშირად უვითარდებათ კიდევ ერთი მოწევასთან დაკავშირებული ფილტვის დაავადება - ემფიზემა, რომლის დროსაც ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკები ზიანდება, რაც სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

ქრონიკული ბრონქიტისა და ემფიზემის კომბინაციას ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას (ფქობ) უწოდებენ.

გაიგეთ მეტი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ.

კომენტარის დამატება