ჰერცეპტინი / hereceptini / HERCEPTIN
- აღწერილობა
1.1 წამლის თერაპიული/ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტინეოპლასტიური აგენტი
ATC კოდი: L01 XC03
1.2 დოზირების ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ჰერცეპტინი თეთრი, ღია ყვითელი ფერის ლიოფილიზებული ფხვნილია.
1.3 მოხმარების გზა
ინტრავენური ინფუზია
1.4 სტერილობა/რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა
სტერილური პროდუქტი
1.5 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: ტრასტუზუმაბი
პრეპარატის დოზირება: ერთჯერადი დოზირების 150მგ ფლაკონი და 440 მგ მრავალჯერადი დოზირების ფლაკონები საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად. მომზადებული ხსნარი შეიცავს ტრასტუზუმაბის 21 მგ/მლ-ს.
- კლინიკური მახასიათებლები
2.1 ჩვენებები
ძუძუს კიბო
მეტასტაზური ძუძუს კიბო (MBC)
ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნის HER2 ჰიპერექსპრესია:
ა) მონოთერაპიის სახით პაციენტებში, რომლებსაც მეტასტაზური კიბოს გამო უკვე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპიის ერთი ან მეტი სქემა.
ბ) პაკლიტაქსელთან ან დოცეტაქსელთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომელთაც არ მიუღიათ ქიმიოთერაპია მათი მეტასტაზური დაავადების გამო
გ) არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებსაც
აქვთ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბო.
ძუძუს ადრეული კიბო (EBC)
ჰერცეპტინი ნაჩვენებია HER2 დადებითი ძუძუს ადრეული კიბოს სამკურნალოდ ოპერაციის, ნეოადიუვანტური ან ადიუვანტური ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის (საჭიროების შემთხვევაში) შემდეგ.
კუჭის შორსწასული კიბო
ჰერცეპტინი კაპეციტაბინთან ან ინტრავენურ 5-ფტორურაცილთან და პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში ნაჩვენებია HER2-დადებითი კუჭისა და გასტროეზოფაგური შენართის შორსწასული ადენოკარცინომის მქონე პაციენტებში, რომელთაც მანამდე არ ჩატარებიათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა მეტასტაზებთან საბრძოლველად.
2.2 დოზირება და მიღების წესი
ჰერცეპტინით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია HER2ტესტირება.
ნებისმიერი სხვა ბიოლოგიური სამედიცინო პრეპარატის შეცვლა მოითხოვს მკურნალი ექიმის თანხმობას.
ჰერცეპტინი უნდა დაინიშნოს კვალიფიციური ჯანდაცვის მუშაკის მიერ.
გამოყენების წინ აუცილებლად შეამოწმეთ, რომ იყენებთ იმ პრეპარატს, რომელიც დანიშნული აქვს პაციენტს.
ინტრავენური ფორმა (იხ. თავის 4 ფარმაცევტული მახასიათებლები):
ჰერცეპტინის ინტრავენური ფორმა არ არის მოწოდებული კანქვეშ ინექციისათვის.
ჰერცეპტინი გამოყენებული უნდა იქნას ინტრავენური ინფუზიის სახით.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ნაკადად ან ბოლუსის სახით.
ყოველკვირეული რეჟიმი:
რეკომენდებული საწყისი დარტყმითი დოზაა 4 მგ/კგ 90-წუთიანი ინფუზიის სახით.
ჰერცეპტინის ყოველკვირეული შემანარჩუნებელი დოზაა 2 მგ/კგ. თუ პაციენტმა წინა დოზა კარგად აიტანა, მაშინ მომდევნო დოზების შეყვანა შესაძლებელია 30-წუთიანი ინფუზიების სახით.
ალტერნატიული 3-კვირიანი სქემა
საწყისი დარტყმითი დოზა 8 მგ/კგ, მომდევნო დოზა 3 კვირის შემდეგ 6 მგ/კგ და შემდეგ ყოველ 3 კვირაში 6 მგ/კგ 90 წუთიანი ინფუზიის სახით. თუ პაციცენტმა წინა დოზა კარგად აიტანა, მაშინ მომდევნო დოზების შეყვანა შესაძლებელია 30-წუთიანი ინფუზიების სახით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
კლინიკურ კვლევებში ძუძუს მეტასტაზური კიბოს ან კუჭის შორსწასული კიბოს დროს ჰერცეპტინით მკურნალობა გრძელდებოდა დაავადების პროგრესირებამდე. ძუძუს ადრეული კიბოს დროს მკურნალობა გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში ან დაავადების რეციდივის განვითარებამდე იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე წარმოიშვება. ძუძუს ადრეული კიბოს მკურნალობის გაგრძელება ერთ წელზე მეტ ხანს არ არის რეკომენდირებული (იხ. კლინიკური / ეფექტურობის კვლევების 3.2.1 თავი).
დოზის გამოტოვება
თუ პაციენტი გამოტოვებს ჰერცეპტინის დოზას ერთი კვირით ან უფრო ნაკლები პერიოდით, მაშინ უნდა განახლდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზით მიღება (2 მგ/კგ-ყოველკვირეული რეჟიმით; 6 მგ/კგ – სამკვირიანი რეჟიმით ) რაც შეიძლება სწრაფად და არ უნდა დაველოდოთ შემდეგ დაგეგმილ ციკლს. ჰერცეპტინის შემდეგი შემანარჩუნებელი დოზები - (2 მგ/კგ-ყოველკვირეული რეჟიმით; 6 მგ/კგ სამკვირიანი რეჟიმით, შესაბამისად) - პაციენტმა უნდა უნდა მიიღოს დაგეგმილი საწყისი სქემის მიხედვით.
თუ პაციენტი გამოტოვებს ჰერცეპტინის დოზას ერთ კვირაზე მეტი ხნით, მაშინ მას უნდა მივცეთ პრეპარატის განმეორებითი დარტყმითი დოზა დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში (ყოველკვირეული რეჟიმით: 4 მგ/კგ; სამკვირიანი რეჟიმით: 8 მგ/კგ ). ჰერცეპტინის შემდეგი შემანარჩუნებელი დოზები (ყოველკვირეული რეჟიმით: 2 მგ/კგ, სამკვირიანი რეჟიმით: 6 მგ/კგ) პაციენტმა უნდა უნდა მიიღოს დაგეგმილი წინა სქემის მიხედვით.
დოზის შემცირება
კლინიკური კვლევების დროს ჰერცეპტინის დოზის შემცირებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტებმა შეიძლება გააგრძელონ ჰერცეპტინით მკურნალობა შექცევადი, ქიმიოთერაპიით გამოწვეული მიელოსუპრესიის დროს, მაგრამ ამ დროს ისინი უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ნეიტროპენიის გართულებების მხრივ. გათვალისწინებული უნდა იქნას სპეციალური ინსტრუქციები ქიმიოთერაპიის დოზის შესამცირებლად ან ერთ დონეზე შესაჩერებლად.
2.2.1 დოზირების განსაკუთრებული ინსტრუქციები
ხანდაზმული პაციენტები
მონაცემების მიხედვით, ჰერცეპტინის დოზა არ იცვლება ასაკის მიხედვით (იხ. 3.2.1 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში). კლინიკურ კვლევებში ხანშიშესულ პაციენტებში ჰერცეპტინის დოზა არ შემცირებულა.
ბავშვები
ჰერცეპტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.
2.3 წინააღმდეგჩვენებები
ჰერცეპტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტრასტუზუმაბის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
2.4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
2.4.1. ზოგადი
ბიოლოგიური სამკურნალო პროდუქტის მიკვლევადობის გაუმჯობესებისს მიზნით, პაციენტის ფაილში გარკვევით უნდა იყოს ჩაწერილი (მითითებული) მიღებული პროდუქტის სავაჭრო სახელი.
ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
ცნობილია, რომ ჰერცეპტინის ინტრავენური ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები. მათი თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია პრემედიკაციის ჩატარება. აღწერილია ჰერცეპტინის ინფუზიასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დისპნეა, ჰიპოტენზია, ხმაურიანი/მსტვენავი სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, ჟანგბადით გაჯერების შემცირება და რესპირატორული დისტრესი (იხ. 2.6 გვერდითი მოვლენები). რეკომენდებულია პაციენტების მონიტორინგი ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების მიმართ. ჰერცეპტინის ინფუზიის შეწყვეტა ამცირებს სიმპტომებს. ინფუზია შეიძლება განახლდეს სიმპტომების შემცირების შემდეგ. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების კუპირებისათვის შესაძლებელია ანალგეზიური/ანტიპრეტიკული (მეპერიდინი ან პარაცეტამოლი) და ანტისტამინური (დიფეჰიდრამინი) საშუალებებით. სერიოზული გვერდითი მოვლენები წარმატებით ინკურნება დამხმარე საშუალებებით როგორიცაა ჟანგბადი, ბეტა-აგონისტები და კორტიკოსტეროიდები.
იშვიათ შემთხვევებში ეს მოვლენები დაკავშირებულია კლინიკურ მიმდინარეობასთან, რაც ფატალური გამოსავლით მთავრდება. პაციენტები, რომელთაც შორსწასული კიბოს გამო ქოშინი აღენიშნებათ მოსვენებულ მდგომარეობაში, მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან ინფუზიასთან დაკავშირებული ფატალური რეაქციების მხრივ. ამ პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს და ყოველი პაციენტის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სარგებლის და რისკის თანაფარდობა.
ფილტვისმიერი მოვლენები
პოსტმარკეტინგულ კვლევებში იშვიათად აღწერილია ფილტვებთან დაკავშირებული მძიმე გვერდითი მოვლენები ჰერცეპტინით მკურნალობისას. ეს იშვიათი შემთხვევები დასრულდა ფატალური გამოსავლით. აღწერილია ასევე ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, მათ შორის ფილტვში ინფილტარტის შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, პმევმონია, პნევმონიტი, სითხის დაგროვება პლევრის ღრუში, რესპირატორული დისტრესი, სითხე პლევრაში, რესპირატორული დისტრესი, ფილტვების მწვავე შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს როგორც ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები ან განვითარდეს მოგვიანებით.
კარდიალური დისფუნქცია
ზოგადი
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ჰერცეპტინს მონოთერაპიის სახით ან პაკლიტაქსელთან კომბინაციაში და შემდეგ ანტრაციკლინის (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) შემცველ პრეპარატებს შეიძლება განუვითარდეთ გულის შეგუბებითი უკმარისობა (ნიუ-იორკის გულის ასოციაცია [NYHA] II-IV კლასი) ან ასიმპტომური კარდიალური დისფუნქცია, რაც შეიძლება იყოს ხვადასხვა ხარისხის მსუბუქიდან მძიმემდე და ლეტალურიც კი. (იხ. 2.6 არასასურველი ეფექტები)
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კარდიალური გართულებების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აქვთ ჰიპერტენზიის ისტორია, დადასტურებული კორონარული არტერიების დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიასტოლური დისფუნქცია, ხანდაზმული ასაკი.
ვინაიდან ტრასტუზუმაბის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 28-38 დღეს, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ის შეიძლება ცირკულირებდეს ორგანიზმში 27 კვირამდე. პაციენტებს, რომლებიც ჰერცეპტინის შეწყვეტის შემდეგ აგრძელებენ ანტარციკლინებით მკურნალობას, ასევე შეიძლება განუვითარდეთ კარდიალური დისფუნქცია.
ჰერცეპტინის შეწყვეტის შემდეგ 27 კვირის განმავლობაში ექიმები, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდონ ანტრაციკლინებით მკურნალობას.
ჰერცეპტინით მკურნალობის დაწყებამდე, განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებიც მანამდე იღებდნენ ანტრაციკლინებს, უნდა ჩაუტარდეთ საბაზისო კარდიოლოგიური შემოწმება, მათ შორის შეგროვდეს ანამნეზი, ჩაუტარდეთ ფიზიკალური გასინჯვა, ელექტროკარდიოგრაფიული და ექოკრადიოგრაფიული კვლევა და/ან MUGA (Multi Gated Acquisition Scan) სკანირება. მსგავსი გამოკვლევა ხელს უწყობს კარდიალური დისფუნქციის, მათ შორის გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნების, მქონე პაციენტების გამოვლენას. საწყის ეტაპზე ჩატარებული კარდიოლოგიური გამოკვლევა უნდა გამეორდეს ყოველ 3 თვეში მკურნალობის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სანამ არ გავა 24 თვე ჰერცეპტინის ბოლო ინფუზიიდან.
თუ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ეცემა საწყისი მაჩვენებლიდან 10 ერთეულით და 50%-ზე დაბალია, ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაახლოებით 3 კვირაში განმეორებით უნდა შეფასდეს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია. თუ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია არ გაუმჯობესდა ან კიდევ უფრო გაუარესდა ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჰერცეპტინით მკურნალობის სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ რისკს. პაციენტებისათვის, რომელთაც უვითარდებათ გულის ასიმპტომური დისფუნქცია უმჯობესია უფრო ხშირი მონიტორინგი (ყოველ 6-8 კვირაში). თუ პაციენტს მუდმივად აღენიშნება მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დაქვეითება, მაგრამ რჩება ასიმპტომური, ჰერცეპტინის მიღების შეწყვეტა უნდა გადაწყდეს თუ არ არის ჰერცეპტინით მკურნალობის კლინიკური სარგებელი.
ჰერცეპტინით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის უსაფრთხოება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პრეპარატთან დაკავშირებული კარდიოტოქსიურობა არ არის შესწავლილი პროსპექტიულად.
ჰერცეპტინით მკურნალობის დროს განვითარებულ გულის სიმპტომურ უკმარისობას მკურნალობენ ასეთი შემთხვევებისათვის განკუთვნილი სტანდარტული მედიკამენტებით. ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის მწვავე უკმარისობა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჰერცეპტინით მკურნალობის სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ რისკს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტების უმრავლესობაში ბაზისურ კლინიკურ კვლევებში, რომელთაც განუვითარდათ გულის უკმარისობა ან ასიმპტომური კარდიალური დისფუნქცია, სტანდარტული მკურნალობა ეფექტური იყო. მკურნალობა მოიცავდა შარდმდენებს, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერს ან β-ბლოკერს. კარდიალური სიმპტომების მქონე პაციენტების უმრავლესობამ, რომლებშიც ჰერცეპტინი კლინიკურად ეფექტური იყო გააგრძელეს ჰერცეპტინით მკურნალობა დამატებითი კარდიალური გართულებების განვითარების გარეშე.
მეტასტაზური ძუძუს კიბო (MBC)
მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ არ არის ნაჩვენები ჰერცეპტინის და ანტრაციკლინების ერთდროული დანიშვნა.
ადრეული ძუძუს კიბო (EBC)
მეტასტაზიანი ძუძუს კიბოს მკურნალობისას არ შეიიძლება ჰერცეპტინისა და ანტრაციკლინის ერთდროულად დანიშვნა.
ასევე ძუძუს ადრეული კიბოს მქონე პაციენტებში საწყის ეტაპზე ჩატარებული კარდიოლოგიური გამოკვლევა უნდა გამეორდეს ყოველ 3 თვეში მკურნალობის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სანამ არ გავა 24 თვე ჰერცეპტინის ბოლო ინფუზიიდან. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ანტრაციკლინებით, საჭიროებენ შემდგომ მონიტორინგს, რომელიც უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, ჰერცეპტინის ბოლო ინფუზიიდან 5 წლის განმავლობაში, ან უფრო ხანგრძლივად, თუკი აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება.
კლინიკური კვლევიდან, რომელშიც მიმდინარეობდა ძუძუს კიბოს ადიუვანტური მკურნალობა ჰერცეპტინით, გამოირიცხა პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებოდათ მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში; სტენოკარდია,; ანამნეზში ჰქონდათ ან კვლევის განმავლობაში გამოუვლინდათ გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV); არითმია, რომელიც საჭიროებს მკურნალობას; კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის სარქვლოვანი დაავადება; რთულად კონტროლირებადი ჰიპერტენზია (დასაშვებია სტანდარტული ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით კონტროლირებადი ჰიპერტენზია); ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სითხე პერიკარდში.
ადიუვანტუღი თერაპია
ადიუვანტური თერაპიის დროს არ უნდა მოხდეს ჰერცეპტინის და ანტრაციკლინების ერთდროული დანიშვნა.
სიმპტომური და ასიმპტომური კარდიალური მოვლენების სიხშირე უფრო მეტი იყო ადრეული ძიძუს კიბოს მქონე იმ პაცინტებში, რომლებიც იღებდნენ ჰერცეპტინს ანტრაციკლინებთან კომბინაციაში, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ჰერცეპტინს დოცეტაქსელათან და კარბოპლატინთან კომბინაციაში. კარდიალური მოვლენები უფრო ხშირი იყო, როდესაც პაციენტები ერთდოულად იღებდნენ ჰერცეპტინს და ტაქსანებს, ვიდრე ის პაცინტები, რომლებსაც ჰერცეპტინი დაენიშნათ ტაქსანებით თერაპიის შემდეგ. მოუხედვად გამოყენებული თერაპიული რეჟიმებისა, სიმპტომური კარდიალური მოვლენები ძირითადად ვითარდებოდა პირველი 18 თვის განმავლობაში.
კარდიალური მოვლენების განვითარების რისკ ფაქტორები შეისწავლეს ოთხ დიდ ადიუვანტურ კვლევაში. გამოვლენილი რისკ ფაქტორებია ასაკი (>50წ.); მარცხენა პარკუჭის დაბალი განდევნის ფრაქცია საწყის ეტაპზე და მისი შემდგომი შემცირება (<55%); მარცხენა პარკუჭის დაბალი განდევნის ფრაქცია პაკლიტაქსელით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყების შემდეგ; ჰერცეპტინით და ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით ერთდროული მკურნალობა ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობა ჰერცეპტინის დანიშვნამდე. იმ პაციენტებში, რომელთაც დაენიშნათ ჰერცეპტინი ადიუვანტური ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, კარდიალური დისფუნქციის რისკი უკავშირდებოდა ანტრაციკლინების (რომლებიც ეძლეოდათ ჰერცეპტინის დანიშვნამდე) მაღალ კუმულაციურ დოზას და სხეულის მასის მაღალ ინდექსს.
ნეოადიუვანტურ-ადიუვანტური თერაპია
ადრეული ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებთანაც იგეგმება ნეოადიუვანტურ-ადიუვანტური თერაპია, ჰერცეპტინი ანტრაციკლინებთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც მანამდე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია. ანტრაციკლინების დაბალდოზიანი რეჟიმის მაქსიმალური კუმულაციური დოზა 180მგ/მ2-ს დოქსირუბიცინის ან 360მგ/მ2-ს ეპირუბიცინის შემთხვევაში.
თუკი პაციენტებს ჩაუტარდათ ნეოადიუვანტური კომბინირებული თერაპია ჰერცეპტინით და დაბალი დოზის ანტრაციკლინებით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათ აღარ უნდა დაენიშნოთ დამატებითი ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია.
ძალიან მწირეა ნეოადიუვანტურ-ადიუვანტური თერაპიის კლინიკური გამოცდილება 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.
ბენზილის სპირტი
ბენზილის სპირტი, რომელიც კონსერვანტის სახით შედის 440 მგ-იანი ფლაკონის ბაქტერიოსტატიკური წყლის შემადგენლობაში, ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ახალშობილებსა და 3 წლამდე ბავშვებში. ბენზილის სპირტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებისათვის გამხსნელად გამოყენებული უნდა იქნეს წყალი ინექციებისათვის, ამასთან თითეული ფლაკონიდან გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი დოზა. დარჩენილი პრეპარატი უნდა იქნას გადაგდებული. საინექციო სტერილური წყალი 150 მგ-იანი დოზის გასახსნელად არ შეიცავს ბენზილის სპირტს.
2.4.2 გავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
ჰერცეპტინის გავლენის შესახებ ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან სიმპტომების სრულად გაქრობამდე.
2.4.3.ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
ადამიანებში ჰერცეპტინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჰერცეპტინსა და ერთდროულად გამოყენებულ სხვა პრეპარატებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა (იხ. 3.2 ფარმაკოკინეტიკა).
ტრასტუზუმაბის ზეგავლენა სხვა კიბოს საწინააღმდეგო აგენტების ფარმაკოკინეტიკაზე
HER2-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ჩატარებული BO15935 და M77004 კვლევების ფარმაკოკინეტიკური მონაცემებით ვლინდება, რომ პაკლიტაქსელისა და დოქსორუბიცინი (და მათი ძირითადი მეტაბოლიტები) 6-α ჰიდროქსილ-პაკლიტაქსელი, POH და დოქსორუბიცინოლი, DOL არ ცვლებიან ტრასტუზუმაბის არსებობისას (8მგ/კგ ან 4მგ/კგ ინტრავენური დოზა, რომელსაც მოყვება 6მგ/კგ q3w ან 2მგ/კგ q1w ინტა ვენური შეყვანა).
თუმცა, ტრასტუზუმაბს შეუძლია აწიოს ერთი დოქსორუბიცინის მეტაბოლიტის (7-დეზოქსი-13 დიჰიდრო-დოქსორუბიცინონი, D7D) საერთო ექსპოზიცია. D7D-ის ბიოაქტიურობა და ამ მეტაბოლიტის აწევაზე კლინიკური ზეგავლენა უცნობია.
JP16003 კვლევის მონაცემებმა, ტრასტუზუმაბისა (4მგ/კგ ინტრავენური დოზა და 2მგ/კგ ინტრავენური დოზა ყოველკვირეულად) და დოცეტაქსელის (60მგ/მ2 ინტრავენური დოზა) შედარებითმა კვლევამ HER2-პოზიტიური მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე იაპონელ ქალებში აჩვენა, რომ ტრასტუზუმაბის ერთდროული მიღება არ ახდენს არანაირ ზეგავლენას დოცეტაქსელის ცალკეული დოზის ფარმაკოკინეტიკაზე.
JP19959 კვლევა წარმოადგენდა BO18255 (ToGA)-ის სუბკვლევას, რომელიც ჩაუტარდა ორივე სქესის იაპონელ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ შორსწასული კუჭის კიბოს დიაგნოზი, კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ კაპეციტაბინისა და ცისპლატინის ფარმაკოკინეტიკა ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში ან მის გარეშე მიღებისას. ამ პატარა სუბკვლევამ გამოავლინა, რომ კაპეციტაბინის ბიოლოგიურად აქტივ მეტაბოლიტებზე ზემოქმედება (მაგ. 5-FU) არ გამოვლენილა ცისპლატინთან ერთად მიღებისას ან ცისპლატინს + ტრასტუზუმაბის კომბინაციის ერთად მიღებისას. თუმცა, თვითონ კაპეციტაბინმა გამოავლინა მაღალი კონცენტრაცია და ნახევრად დაშლის ბევრად ხანგრძლივი პერიოდი ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში. ასევე არ გამოვლენილა ცისპლატინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება კაპეციტაბინის ან კაპეციტაბინისა და ტრასტუზუმაბის კომბინაციის ერთად მიღებისას.
ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტების ზეგავლენა
ტრასტუზუმაბის შრატის კონცენტრაციის მოდელირებული შედარება ტრასტუზუმაბის მონოთერაპიის შემდეგ (4მგ/კგ შეყვანა /2მგ/კგ q1w ინტრავენურად) და შრატის კონცენტრაციაზე დაკვირვებამ HER2-პოზიტიური მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე იაპონელ ქალებში (კვლევაJP16003) არ გამოავლინა არანაირი PK ზეგავლენა ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე, დოცეტაქსელთან ერთად მიღებისას.
ორფაზიანი II კვლევის (BO15935 და M77004) და ერთფაზიანი III კვლევის (H0648g) შედარებითი PK შედეგები, რომლის დროსაც პაციენტებს უტარდებოდათ ჰერცეპტინით და პაცლიტაქსელით ერთდროული მკურნალობა და ორფაზიანი II კვლევისას, როდესაც ჰერცეპტინს იღებდნენ მონოთერაპიის სახით (W016229 და MO16982), HER2-პოზიტიური მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე ქალებში აჩვენა, რომ ინდივიდუალური და საშუალო ჰერცეპტინის შრატის კონცენტრაცია იცვლება სხვადასხვა კვლევებში, მაგრამ ზუსტად არ არის გარკვეული პაცლიტაქსელითან ერთად მიღების ზეგავლენა ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
ტრასტუზუმაბთან ერთად ანასტროზოლის მიღება არ ახდენს რაიმე გავლენას ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკაზე.
2.5 გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
2.5.1 ორსულები
თუ თერაპიის პოტენციური სარგებელი დედისათვის არ გადაწონის შესაძლო რისკს ბავშვისათვის, ჰერცეპტინის გამოყენებას ორსულობის დროს უნდა მოვერიდოთ. პოსტმარკეტინგულ პერიოდში ორსულებში, რომლებიც იღებდნენ ჰერცეპტინს, აღწერილია სანაყოფე წყლების სიმცირესთან ასოცირებული ნაყოფის თირკმელების განვითარების და/ან თირკმელების დისფუქნციის შემთხვევები, ასევე ნაყოფის ფილტვის ფატალური ჰოპოპლაზია. ჰერცეპტინით მკურნალობის და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში რეკომენდებულია ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება. ორსულობის დადგომის შემთხვევაში პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფისათვის პოტენციური რისკის შესახებ. სასურველია მულტიდისციპლინურმა გუნდმა აწარმოოს ჰრეცეპტინით მკურნალობაზე მყოფი ორსული პაციენტის მონიტორინგი. უცნობია შეუძლია თუ არა ჰერცეპტინს დამაზიანებელი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზე ან რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციული ფუქნციის დარღვევის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა (იხ. 3.3.2 ტერატოგენურობა).
2.5.2 მეძუძური დედები
გადადის თუ არა ტრასტუზუმაბი დედის რძეში უცნობია. ვინაიდან ადამიანის IgG სეკრეტირებს დედის რძეში, ხოლო შესაძლებელი დამაზიანებელი მოქმედება ბავშვზე უცნობია, უმჯობესია პაციენტები მოერიდონ ძუძუთი კვებას ჰერცეპტინით მკურნალობის დროს (იხ. 3.3.3 სხვა).
2.6. არასასურველი ეფექტები
2.6.1 კლინიკური კვლევები
ამ ნაწილში გამოყენებული იქნება სიხშირის გამომხატველი შემდეგი კატეგორიები: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 to <1/10), არადამახასიათებელი (≥1/1,000 to <1/100), იშვიათი (≥1/10,000 to <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი სიხშირის (სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემების მიხედვით). თითოეული სიხშირის ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია მოვლენის სერიოზულობის შემცირების მიხედვით.
გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი
ცხრილში მოყვანილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა ჰერცეპტინის მონოთერაპიის სახით ან ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში მიღებისას ბაზისურ კლინიკურ კვლევებში. გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის ამსახველი ყველა ტერმინი ეფუძნება ბაზისური კლინიკური კვლევებით მიღებულ უმაღლეს პროცენტულ მონაცემებს.
რამდენადაც ჰერცეპტინი ძირითადად გამოიყენება სხვა ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან და სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში, ხშირად რთულდება გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზის დაკავშირება კონკრეტულ პრეპარატთან ან სხივურ თერაპიასთან
კომენტარის დამატება