Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ) / gastro-ezofaguri refluqsis daavadeba (gerd)

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ) / gastro-ezofaguri refluqsis daavadeba (gerd)

282

გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება (გერდ) ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭის მჟავა კუჭიდან ზემოთ, საყლაპავში იჟონება. საყლაპავი არის პირის ღრუსა და კუჭის დამაკავშირებელი გრძელი კუნთოვანი მილი.

ეს ძირითადად ხდება საყლაპავის ქვედა ნაწილში რგოლოვანი კუნთის დასუსტების შედეგად.

გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა და პირის ღრუს უკანა ნაწილში არასასიამოვნო გემოს შეგრძნება. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს შეიძლება იშვიათი უსიამოვნო შეგრძნება იყოს, მაგრამ ზოგიერთისთვის კი მძიმე, მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებული პრობლემა.

გერდ-ი ხშირად შეიძლება გაკონტროლდეს თვით-დახმარების მეთოდებით და წამლებით, თუმცა იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაციაც.

გერდ-ის სიმპტომები

გასტრო ეზოფაგალური რეფლუქსის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • გულძმარვას (წვა და დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც ხშირად ჭამის შემდეგ იწყება)
  •  მჟავის რეფლუქსი - როდესაც კუჭის სიმჟავე ამოდის პირის ღრუში და იწვევს უსიამოვნო, მჟავე გემოს
  • ეზოფაგიტი (მტკივნეული, ანთებული საყლაპავი)
  • ცუდი სუნი პირის ღრუდან
  • შებერილობა და ბოყინი
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • დისფაგია (dysphagia) - სიძნელე და ტკივილი ყლაპვისას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ძალიან გაწუხებთ თქვენი სიმპტომები, ან თუ:

  • სიმპტომები კვირაში რამდენიმეჯერ ვითარდება
  • ურეცეპტოდ გაცემული წამლები არ გეხმარებათ
  • სიმპტომები მძიმეა
  • გიჭირთ ყლაპვა
  • გაქვთ უფრო სერიოზული დაავადების ნიშნები, როგორიცაა მუდმივი ღებინება, სისხლის ღებინება, ან წონის გაურკვეველი მიზეზით დაკლება.

ექიმი გერდ-ის დიაგნოზის დასმას ძირითადად სიმპტომებზე დაკვრვებით შეძლებს, თუმცა შეიძლება დამატებითი ანალიზებიც მოითხოვოს.

მკურნალობა

გერდის სამკურნალოდ ძირითადი საშუალებებია:

  • თვით დახმარების მეთოდები - ეს მოიცავს კვების ჩვევების ცვლილებას, კერძოდ: უნდა იკვებოთ უფრო ხშირად, მაგრამ უფრო მცირე პორციებით, უნდა მოერიდოთ ნებისმიერ სასმელს და საკვებს, რომლებიც იწვევენ სიმპტომებს. ასევე, ძილის დროს თავი უნდა დადოთ მაღალ ბალიშზე, რომ თავი აწეული იყოს და უნდა შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
  • ურეცეპტოდ გაცემული წამლები, მათ შორის ანტაციდები (antacids), როგორიცაა რენი (Rennie) და ალგინატები, როგორიცაა გავისკონი (Gaviscon).
  • უფრო ძლიერი გამოწერილი წამლები - მათ შორის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI) და H2 რეცეპტორის ანტაგონისტები (H2RAs).

წამლების მიღება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც შეგაწუხებთ სიმპტომები, თუმცა თუ პრობლემა გრძელდება, შეიძლება საჭირო იყოს გრძელვადიანი მკურნალობაც.

თუ წამლები არ არის ეფექტური, ან თუ არ გსურთ მათი მიღება გრძელვადიანი პერიოდით, შეიძლება რეკომენდირებული იყოს ქირურგიული ოპერაცია საყლაპავ მილზე.

გართულებები

თუ გერდ-ი გექნებათ დიდი ხნის განმავლობაში, კუჭის სიმჟავემ შეიძლება დააზიანოს საყლაპავი მილი და გამოიწვიოს შემდგომი პრობლემები, მათ შორის:

  • საყლაპავზე განვითარებული წყლულები - ეს წყლულები შეიძლება იყოს სისხლმდენიც და ყლაპვა გახადოს მტკივნეული
  • საყლაპავი გახდეს ნაიარევი და დავიწროვდეს - ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება და მის გამოსასწორებლად შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია
  • საყლაპავის ამომფენი გარსის უჯრედების ცვლილება (ე.წ. ბარეტის საყლაპავი) - ამ უჯრედებისგან, ძალიან იშვიათად, შეიძლება განვითარდეს საყლაპავის სიმსივნე (oesophageal cancer), ამიტომ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ყურადღებით დაკვირვება

კომენტარის დამატება