Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თმის ცვენა

თმის ცვენა

193

ალოპეცია სამედიცინო ტერმინია, რომელიც თმის ცვენას ნიშნავს. თმის ცვენის მრავალი სახეობა არსებობს, სხვადასხვა გამომწვევი სიმპტომებითა და მიზეზებით.

ქვემოთ  ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობებია განხილული.

მამაკაცური და ქალური ტიპის სიმელოტე

მამაკაცური ტიპის სიმელოტე თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ვლინდება მამაკაცების თითქმის ნახევარში, სანამ მიაღწევენ 50 წლის ასაკს. ის ძირითადად იწყება ოციანი წლების ბოლოს ან ოცდაათიანი წლების დასაწყის ასაკში და მამაკაცების უმრავლესობას ოცდაათიანი წლების ბოლოს უკვე აქვს თმისცვენის გარკვეული ხარისხი.

მამაკაცური ტიპის სიმელოტე ძირითადად იწყება თმის ცვენით, რასაც თავის გვირგვინსა და გვერდებზე თმის შეთხელება მოჰყვება. ზოგჯერ შეიძლება პროგრესირდეს მთლიან სიმელოტეში, თუმცა ეს იშვიათია.

მამაკაცური ტიპის სიმელოტე მემკვიდრეობითია, რაც ნიშნავს, რომ ის გადაეცემა გენეტიკურად. ოიაზრება, რომ ამას იწვევს თმის ფოლიკულების ზედმეტი მგრძნობიარობა, რაც დაკავშირებულია კონკრეტული მამაკაცური ჰორმონების ზედმეტ რაოდენობასთან.

ისევე როგორც მამაკაცებზე, ზოგჯერ იგი ქალებზეც ახდენს გავლენას (ქალური ტიპის თმის ცვენა). ქალური ტიპის სიმელოტის დროს კი, თმა ძირითადად თხემის არეშია შეთხელებული.

არ არის ბოლომდე ცნობილი თუ რა იწვევს ქალური ტიპის თმის ცვენას და არის თუ არა ესეც მემკვიდრეობითი. თუმცა, ის უფრო შესამჩნევი ხდება ქალებში მენოპაუზის შემდეგ (როდესაც ქალური მენსტრუაციული პერიოდები შეწყდება, საშუალოდ დაახლოებით 52 წლის ასაკში). ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ქალური ჰორმონების რაოდენობის შემცირებასთან.

ბუდობრივი ალოპეცია

ბუდობრივი ალოპეცია ხასიათდება გამელოტებული ადგილებით, რომლებიც ძირითადად მონეტის ხელაა. ძირითადად ვითარდება თავის ქალაზე, თუმცა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე, სხეულის სხვა ნაწილებშიც. მისი განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ძირითადად ახალგაზრდებში და თინეიჯერებში იჩენს თავს.

უმეტეს შემთხვევებში ბუდობრივი ალოპეციის დროს, თმა ისევ გაიზრდება რამდენიმე თვეში. ასეთ შემთხვევებში, თავიდან ახალი თმა შეიძლება იყოს თხელი და თეთრი, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა გასქელდეს და დაიბრუნოს ნორმალური ფერი. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ცვენის უფრო ძლიერი ფორმა, როგორიცაა:

  • სრული ალოპეცია (თავის ქალაზე თმის სრულად გაცვენა)
  • უნივერსალური ალოპეცია (თმის სრულად გაცვენა თავზეც და ტანზეც).

ბუდობრივ ალოპეციას იწვევს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა (სხეულის ბუნებრივი თავდაცვა ინფექციებისა და ავადმყოფობების წინააღმდეგ). ამ სახის ალოპეცია უფრო ხშირია ადამიანებში ვისაც აქვთ აუტოიმუნური მდგომარეობები, როგორიცაა ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოზი), დიაბეტი, ან დაუნის სინდრომი.

ასევე მიჩნეულია, რომ ზოგიერთი ადამიანის გენები ბუდობრივი ალოპეციისკენაა მიდრეკილი, რადგან ხუთი ადამიანიდან ერთს ოჯახურ ანამნეზში აქვს ალოპეცია.

ბუდობრივი თმისცვენა ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს, თუმცა უფრო ხშირია 15-29 წლის ასაკში. დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 0.1-0.2%-ში ვლინდება.

ნაწიბუროვანი ალოპეცია

ნაწიბუროვან ალოპეციას ძირითადად იწვევს სხვა დაავადებების გართულებები. ამ ტიპის ალოპეციის დროს თმის ფოლიკული (კანზე არსებული მცირე ხვრელი, საიდანაც იზრდება თმა) სრულად ნადგურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თმა უკან ვეღარ ამოვა.

მის გამომწვევ მიზეზზე დამოკიდებულებით, კანის ის ადგილიც შეიძლება დაზიანდეს, საიდანაც იზრდებოდა თმა.

მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ალოპეცია მოიცავს:

  • სკლეროდერმას - მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის დამაკავშირებელ ქსოვილებზე, რაც იწვევს გამაგრებულ, ამოზნექილ და ქავილიან კანს
  • ბრტყელი ლიქენი - ქავილიანი გამონაყარი, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე
  • დისკოიდური მგლურა - მგლურას მსუბუქი ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე და იწვევს ქერცლოვან ნიშნებს და თმის ცვენას
  • ფოლიკულიტი დეკალვანსი - თმისცვენის იშვიათი ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება მამაკაცებში და იწვევს სიმელოტეს და თმისცვენის ადგილას კანზე იარების გაჩენას
  • წინა ფიბროზული ალოპეცია - თმისცვენის სახეობა, რომელიც ვლინდება მენოპაუზის შემდგომ ქალებში, როდესაც თმის ფოლიკულები ზიანდება და თმა ისე ცვივა, რომ ვეღარ გაიზრდება ხელახლა.

ნაწიბუროვანი ალოპეცია თანაბრად ხდება ქალებში და კაცებში, მაგრამ იშვიათია ბავშვებში. ამ სახეობის თმისცვენა, თმისცვენის შემთხვევების 7%-ს შეადგენს.

ანაგენის გაქრობა

ამ სახეობის თმისცვენა, არის ფართოდ გავრცელებული თმის ცვენა, რომელიც ზემოქმედებს თავზე, სახესა და ტანზე. ამ ტიპის თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქიმიოთერაპიით კიბოს მკურნალობაა. ზოგიერთ შემთხვევაში თმისცვენა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს სხვა სამკურნალო საშუალებებმაც, მათ შორის იმუნოთერაპია და რადიოთერაპია.

თმისცვენა ძირითადად შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდანრამდენიმე კვირის შემდეგ. თუმცა, ყველა ქიმიოთერაპიული წამალი არ იწვევს თმისცვენას და ზოგჯერ ეს იმდენად მცირე რაოდენობით ხდება, რომ თითქმის შეუმჩნეველია.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმისცვენის შემცირება შეიძლება შესაძლებელი იყოს სპეციალური ქუდის ტარებით, რომელიც თავის ქალას გააგრილებს. თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტური და ფართოდ არ გამოიყენება.

ანაგენის გაქრობით გამოწვეული თმისცვენა უმეტეს შემთხვევაში, თმის ცვენა დროებითია და ქიმიოთერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში თმამ ზრდა ისევ უნდა დაიწყოს.

ტელოგენის გაქრობა

ეს არის ალოპეციის გავრცელებული ფორმა, რასაც ძირითადად თმის გათხელება მოყვება და არა სიმელოტის კერების გაჩენა. ამ დროს თმა შეიძლება გათხელდეს, მაგრამ გაცვენის ნაკლები ალბათობაა და ტანზე არსებულ თმაზე ძირითადად საერთოდ არ ახდენს ეფექტს.

ტელოგენის გაქრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმის რეაქციით:

  • ჰორმონულ ცვლილებებზე, როგორიცაა მაგალითად ორსულობის დროს
  • ინტენსიურ ემოციურ სტრესზე
  • ინტენსიურ ფიზიკურ სტრესზე, როგორიცაა მშობიარობა
  • მოკლე-ხნიან ავადმყოფობაზე, როგორიცაა მწვავე ინფექციები ან ოპერაცია
  • გრძელ-ვადიან ავადმყოფობებზე, როგორიცაა კიბო ან ღვიძლის დაავადება
  • კვებით ცვლილებებზე, როგორიცაა ძლიერი დიეტა
  • ზოგიერთ წამლებზე, როგორიცაა ანტიკოაგულანტები (წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს) ან ბეტა ბლოკერებზე (რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობებისთვის, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა).

ტელოგენის გაქრობით გამოწვეული თმისცვენის შემთხვევების უმრავლესობაში თმისცვენა შეჩერდება და შემდეგ თმა დაიწყებს ამოსვლას ექვსი თვის განმავლობაში.

როგორ ხდება თმის ცვენის მკურნალობა?

თმის ცვენის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპი, როგორიცაა მამაკაცური ტიპის სიმელოტე, არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ის ასაკობრივი მოვლენაა და ჯანმრთელობასაც არავითარ საფრთხეს არ უქმნიან.

თუმცა, ნებისმიერი ტიპის თმის ცვენა შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ, თუ ეს გაწუხებთ, შესაძლებელია მიმართოთ ზოგადი პროფილის ექიმს.

თმის დიაგნოსტიკით შესაძლებელია თმის ცვენის სახეობის დადგენა, ასევე შესაძლო მკურნალობის განხილვა თქვენთან ერთად. დერმატოლოგთან (კანის მოვლის სპეციალისტი) კონსულტაციამდე რეკომენდირებულია ზოგადი პროფილის ექიმს ეწვიოთ.

იმ შემთხვევაში, თუ კოსმეტიკურ მიზეზთა გამო გსურთ მამაკაცური ტიპის სიმელოტის მკურნალობა, შესაძლებელია გამოიყენოთ ორი სახეობის მედიკამენტი, ფინასტერიდი (finasteride) და მინოქსიდილი (Minoxidil). მინოქსიდილის გამოყენება ქალური ტიპის სიმელოტის დროსაცაა შესაძლებელია. თუმცა, ამგვარი მკურნალობა ყველასთვის ეფექტური არაა და მხოლოდ მკურნალობის პროცესის დროით შემოიფარგლება. ამ სახის მკურნალობა არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევაში  და შეიძლება იყოს ძვირი.

ბუდობრივი ალოპეციის (თმის ბუდობრივი ცვენის) მკურნალობა ჩვეულებრივ სტეროიდული ინექციებით ხორციელდება, თუმცა ზოგჯერ სტეროიდული კრემის, გელის ან მალამოს გამოყენებაც შესაძლებელია. გარდა ამისა, შესაძლებელია იმუნოთერაპიით მკურნალობაც. იმონოთერაპია მოიცავს თმის ზრდის სტიმულირებას, კანის დაზიანებულ ადგილებზე ალერგიული რეაქციის ხელოვნურად პროვოცირებით.

თმის ცვენის მკურნალობისთვის არსებობს გარკვეული ქირურგიული საშუალებებიც, მათ შორის თმის გადანერგვა და ხელოვნური თმის იმპლანტანტები.

ემოციური საკითხი

თმის ცვენასთან შეგუება საკმაოდ რთულია. თავზე თმის ქონა შეიძლება თქვენი ინდივიდუალურობის განმსაზღვრელი იყოს. იგი ასახავს იმ იმიჯს, რომელიც გაქვთ და როგორც გსურთ, რომ სხვები გხედავდნენ.

თმის ცვენის დაწყების შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ იმის განცდა, რომ თქვენ საკუთარ იდენტობას კარგავთ. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თავდაჯერებულობაზე და ზოგჯერ დეპრესიამდეც მიგიყვანოთ.

იმ შემთხვევაში, თუ თმის ცვენასთან შეგუება გიჭირთ, გაესაუბრეთ ზოგადი პროფილის ექიმს. შესაძლებელია შემოგთავაზონ კონსულტაცია, რომელიც საუბრის ტიპის თერაპიაა, სადაც შეგიძლიათ თქვენი პრობლემური საკითხი კვალიფიციურ თერაპევტთან განიხილოთ.

კომენტარის დამატება