Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კატარაქტა (ასაკთან დაკავშირებული)

კატარაქტა (ასაკთან დაკავშირებული)

149

კატარაქტა ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის ლინზაში ცვლილებები იწვევს მისი გამჭვირვალობის დაკარგვას. ეს იწვევს დაბინდულ მხედველობას.

თვალის ლინზა (იგივე ბროლი) გუგის (თვალის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული შავი წერტილი) უკან მოთავსებული გავჭვირვალე სტრუქტურაა.

როდესაც სინათლე ხვდება თვალს, ის გაივლის რქოვანას (გამჭვირვალე ქსოვილის ფენა, თვალის წინა ნაწილში) და ლინზას (ბროლს), რომელიც აფოკუსირებს სინათლეს თვალის უკანა ნაწილში მდებარე სინათლისადმი მგრძნობიარე ფენაზე, რომელსაც ბადურა ეწოდება.

ზოგჯერ, ბროლში კატარაქტა ასაკის მატების გამო ვითარდება, ამ დროს თვალში შემოსული სინათლის გარკვეული ნაწილი თვალის უკანა ნაწილამდე ვერ აღწევს.

დროთა განმავლობაში, კატარაქტა პროგრესირებს და მხედველობას აუარესებს. ამ პათოლოგიის მქონე ბევრ პაციენტს ოპერაცია და დაზიანებული ბროლის ჩანაცვლება სჭირდება.

კატარაქტის სიმპტომები

კატარაქტა წლების განმავლობაში ვითარდება და დაავადების საწყის ეტაპზე მხედველობის პრობლემები შეუჩნეველია. კატარაქტა ხშირად ორივე თვალს მოიცავს, თუმცა მათი დაზიანება შესაძლოა სხვადასხვა ხარისხის იყოს.

ასეთ დროს, ხშირად შესაძლოა მხედველობა დაიბინდოს ან დაიბუროს, ან შესაძლოა არსებობდეს მცირე ზომის ლაქები ან ზოლები, სადაც მხედველობა ნაკლებად ცხადი იქნება.

კატარაქტამ მხედველობაზე შესაძლოა სხვადასხვანაირად იმოქმედოს. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს:

  • შესაძლოა შებინდებისას ან ძალიან კაშკაშა განათების პირობებში საგნების დანახვა უფრო გაუძნელდეთ
  • კაშკაშა სინათლის შეხედვამ შეიძლება არაკომფორტული შეგრძნება გამოიწვიოს
  • ფერები შესაძლოა გადღაბნილი ან ნაკლებად ნათელი მოეჩვენოთ
  • ყველაფერს, რასაც ხედავენ შესაძლოა მოყვითალო ან მოყავისფრო შეფერილობა დაჰკრავდეს
  • შეიძლება მხედველობის გაორება (double vision) დაემართოთ
  • შეიძლება კაშკაშა სინათლის გარშემო (მაგ. მანქანის ფარების ან ქუჩის ჩირაღდნების შეხედვისას) ჰალო (ნათელი წრე) დაინახონ
  • თუ სათვალეს უკვე ატარებენ, შესაძლოა შენიშნონ, რომ დროთა განმავლობაში ისინი ნაკლებად ეფექტურია.

კატარაქტა ტკივილს არ იწვევს და არ ღიზიანებს და არ აწითლებს თვალებს.

როდის მივმართოთ თვალის ექიმს?

თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, უნდა მიმართოთ თვალის ექიმს (ამ სპეციალისტს ოპტომეტრისტსაც უწოდებენ). თვალის ექიმი თვალებისა და მხედველობის გამოკვლევებს ჩაგიტარებთ.

ექიმმა შესაძლოა თვალები სპეციალური ინსტრუმენტის - სპეციალური ნათურის,ან ოფთალმოსკოპის საშუალებით დაათვალიეროს. ეს ხელსაწყოები თვალების გადიდებულ გამოსახულებას იძლევა, მისი კაშკაშა სინათლე კი ექიმს თვალების სიღრმისეულად შესწავლისა და კატარაქტის შემოწმების საშუალებას მისცემს.

თუ ექიმს ეჭვი კატარაქტაზე აქვს, შესაძლოა ოფთალმოლოგთან ან თვალის ქირურგთან გაგაგზავნონ, რომელსაც შეეძლება დიაგნოზის დადასტურება და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა. ეს ექიმები თვალის დაავადებებისა და მათი მკურნალობის სპეციალისტები არიან.

ვის ემართება?

მსოფლიოს მასშტაბით, კატარაქტა მხედველობის დაქვეითების გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილებსა და პატარა ბავშვებს (ბავშვობის კატარაქტა/childhood cataracts) კატარაქტის იშვიათი ფორმები ემართებათ, ეს პრობლემა ხანდაზმულებში ბევრად უფრო ხშირია. ასაკის მატების გამო გაჩენილ კატარაქტას ასაკობრივს უწოდებენ.

რა იწვევს ასაკობრივ კატარაქტას?

ასაკობრივი კატარაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ისევე როგორც ჭაღარა თმა, კატარაქტაც ასაკის მატების განუყოფელი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ასაკში ემართება.

კატარაქტა არის დროთა განმავლობაში თვალის ლინზაში (ბროლში) განვითრაებული ცვლილებების შედეგი.

მოიაზრება, რომ ბროლის შემღვრეული ადგილები შესაძლოა მისი შემადგენელი ცილების ცლილებამ გამოიწვიოს. თუმცა, უცნობია თუ როგორ ან რატომ უნდა იწვევდესდაბერების პროცესები ასეთ ცვლილებებს.

ასაკის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორს შეუძლია კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდა. ესენია:

  • კატარაქტის ოჯახური ისტორია
  • დიაბეტი
  • თვალის სხვა არსებული დაავადება, როგორიცაა ქრონიკული უვეიტი
  • თვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, ან თვალის ტრავმა
  • ხანგრძლივად ან მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღება.

კატარაქტას განვითარებასთან შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს სხვა ფაქტორებსაც. ესენია:

  • სიგარეტის მოწევა
  • რეგულარულად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სმა
  • ვიტამინებით ღარიბი დიეტა
  • მთელი ცხოვრების განმავლობაში მზის სხივებზე ყოფნა.

გამომდინარე იქიდან, რომ ასაკობრივი კატარაქტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მისი პრევენციის გზებიც არ არსებობს.

ასაკობრივი კატარაქტის მკურნალობა

თუ კატარაქტა მსუბუქი სიმძიმისაა, გარკვეული დროით შესაძლოა უფრო ძლიერი სათვალეები ან კითხვისას უფრო კაშკაშა სინათლის გამოყენება დაგეხმაროთ. თუმცა, კატარაქტა დროთა განმავლობაში პროგრესირებს, ამიტომ საბოლოოდ მკურნალობა მაინც დაგჭირდებათ.

მკურნალობის  ერთადერთი მეთოდი, რომლის ეფექტურობა დადასტურებულია, ოპერაციული ჩარევაა. სწორედ ოპერაციას გაუწევენ რეკომენდაციას თუ მხედველობის დაქვეითების გამო ყოველდღიური აქტივობების, მაგალითად მანქანის ტარება ან კითხვა გიჭირთ.

კატარაქტის ოპერაცია თვალში გაკეთებული პატარა განაკვეთიდან შემღვრეული ბროლის ამოღებას და მის გამჭვირვალე პლასტმასის ბროლით ჩანაცვლებას მოიცავს.

უმრავლეს შემთხვევაში, ეს პროცედურა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (პაციენტი ფხიზლადაა, მაგრამ საოპერაციო არე (თვალი) გაუტივარებულია) გამოყენებით ჩატარდება. ოპერაციის შემდეგ, სახლში დაბრუნებას იმავე დღეს შეძლებთ. 

კატარაქტის ოპერაციის შემდეგ, თითქმის ყველა პაციენტი მხედველობის გაუმჯობესებას გრძნობს. თუმცა, მხედველობის დასტაბილურებას შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს. ჩვეულებრივ, ოპერაციიდან 2 კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ნორმალურ აქტივობასთან დაბრუნებას შეძლებთ.

ოპერაციის შემდეგ, პლასტმასის ბროლს მხედველობის გარკვეულ მაჩვენებელზე დააფიქსირებენ, ამის გამო ახლოს ან შორს მდებარე საგნების დასანახად შესაძლოა სათვალის ტარება მოგიწიოთ. თუ სათვალეებს ოპერაციამდეც ატარებდით, სავარაუდოდ ახალი სათვალის გამოწერა დაგჭირდებათ. თუმცა, ოპტომეტრისტს მხედველობის დასტაბილურებამდე მოცდა მოუწევს, ამის შემდეგ კი თქვენთვის ახალი სათვალის გამოწერას შეძლებს.

კატარაქტის ოპერაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. cataract surgery.


კომენტარის დამატება