Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლიპოედემა

ლიპოედემა

280

ლიპოედემა ქრონიკული მდგომარეობაა, რაც იწვევს ცხიმოვანი უჯრედების ანომალურ ჩალაგება ფეხებში, ბარძაყებსა და დუნდულებში.

ეს მდგომარეობა თითქმის ექსკლუზიურად ემართებათ ქალებს, თუმცა მამაკაცებშიც იყო აღმოჩენილი ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

ნიშნები და სიმპტომები

ლიპოედემის დროს ხდება ფეხების სიმეტრიული ზრდა ზომაში კოჭებიდან მენჯამდე, ორივე ფეხი სიმეტრიულად იზრდება, თუმცა ხელები და ტერფები ამ დროს ნორმალური ზომის რჩება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მაჯებზეც.

გადიდების ზომა განსხვავდება სხვადასხვა ადამიანში და შეიძლება დროთა განმავლობაში თანდათანობით გაუარესდეს.

გადიდებასთან ერთად ეს ადგილები შეიძლება:

  • იყოს რბილი, ცომის მსგავსი და ცივი
  • იყოს შეხებისადმი მგრძნობიარე
  • ადვილად დალურჯდეს
  • იყოს მტკივნეული
  • შეინიშნებოდეს კანის ქვეშ გახეთქილი მცირე ზომის ვენები. 

ეს მდგომარეობა შეიძლება პროგრესირდეს და გამოიწვიოს სითხის შეგუბება ლიმფედემა ფეხებში.

ამ სიმპტომების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს შემცირებული მობილურობა და ფსოქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა დაბალი თვით-შეფასების უნარი.

ვის ემართება?  

ლიპოედემა თითქმის ყოველთვის ემართებათ ქალებს. იგი იწყება მომწიფებისას, ან ჰორმონული ცვლილებებისას, მაგალითად ორსულობის დროს და თანდათანობით პროგრესირდება.  

ჭარბწონიან ადამიანებში ცხიმის ჩაგროვება კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა დაავადება ვითარდება ნორმალური წონის მქონე ადამიანებშიც. ამ დროს დაავადება არ უნდა აგვერიოს ჭარბწონიანობაში. ამ დროს კვებით დიეტას არანაირი სარგებელი არ მოაქვს (მკურნალობა იხილეთ ქვემოთ).

რა იწვევს ლიპოედემას?  

ლიპოედემის გამომწვევი მიზეზები არ არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოწვეულია ოჯახური ისტორიით და ვარაუდობენ, რომ მემკვიდრეობით მიღებული გენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დაავადების განვითარებაში.

ის ფაქტი, რომ დაავადება ვითარდება მომწიფების ასაკში, ან ორსულობისას, მიგვითითებს, რომ ამ პროცესში ჰორმონებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

იმ იშვიათ შემთხვევებშიც, როდესაც მამაკაცებს განუვითარდათ დაავადება, აღინიშნა, რომ ისინი  მკურნალობდნენ ჰორმონული თერაპიით, ან ჰქონდათ ღვიძლის ციროზი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ გამოგივლინდათ ლიპოედემის სიმპტომები უნდა მიმართოთ ექიმს, რომ მათ სცადონ მისი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება.

ეს გამოკვლევა ძირითადად მოიცავს გაზრდილი ადგილების შემოწმებას, რომ განისაზღვროს ეს სიმპტომები ლიმფოედემას ეკუთვნის თუ ლიპოედემას.

ლიმფოედემას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ლიპოედემის შედეგად, მაგრამ ის გამოწვეულია ლიმფური სისტემის მიერ გამომუშავებული სითხის შეგუბებით და არა ცხიმის უჯრედების დაგროვებით.

ლიპოედემის განსასაზღვრი სპეციალური სკანირებისა და კვლების მეთოდები არ არსებობს - დიაგნოზის დასმა უმეტესწილად ხდება მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების ნიადაგზე.

ლიმფოედემისგანგანსხვავებით, ლიპოედემის დროს კანზე ზეწოლისას იგი არ ღრმავდება.

როგორ ხდება მკურნალობა?

ლიპოედემაზე არ ჩატარებულა დიდი რაოდენობით კვლევები და ამიტომ მკურნალობის საუკეთესო მეთოდები არ არის გარკვეული. ზოგადად მკურნალობის ზირითადი მეთოდი არა-ქირურგიული გზით მკურნალობა და ლიპოსაქციაა.

არა-ქირურგიული გზით მკურნალობა

არა-ქირურგიული მკურნალობა ზოგჯერ გამოსადეგია ტკივილისა და მგრძნობიარობის შესამსუბუქებლად, ასევე ლიმფოედემის პრევენციისა და შემცირებისთვის და კიდურების ფორმის ასაუმჯობესებლად, თუმცა ამ მეთოდებს ცხიმოვან ქსოვილზე ხშირად არ აქვს ეფექტი.

არსებობს რამდენიმე ტიპის სამკურნალო მეთოდები, რომელიც შექმნილია ქსოვილში არსებული სითხის დრენირებისა და მოძრაობის გასაუმჯობესებლად. ეს მეთოდებია:

  • კომპრესიული თერაპია - ბანდაჟები ან სპეციალური სამოსი, რომლებიც კუმშავენ კიდურებს
  • ვარჯიში - ძირითადად შედარებით ნაკლებ აქტიური ვარჯიშები, როგორიცაა ცურვა
  • მასაჟი - ისეთი მასაჟები, რომლებიც აძლიერებს სითხის მოძრაობას ორგანიზმში. 

მკურნალობის ეს მეთოდები იგივეა რაც ლიმფოედემის სამკურნალოდ გამოყენებული მეთოდები.

ლიპოსაქცია

ლიპოედემასთან ასოცირებული ცხიმის ქსოვილის გროვების შესამცირებლად ერთადერთი ეფექტური მეთოდი არის ლიპოსაქცია.

ლიპოსაქცია გულისხმობს თხევადი ხსნარის ფეხში ინექციას, რითიც ხდება შესაბამისი ადგილის გაყუჩება და სისხლდენის თავიდან არიდება, შემდეგ კი არასასურველი ცხიმის ამოქაჩვა სპეციალური მილის და ტუმბოს გამოყენებით.

ეს პროცედურა შეიძლება იყოს მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდი, კარგი შედეგებით, მაგრამ დამატებითი ოპერაციები შეიძლება გახდეს საჭირო ცხიმების სხვა ადგილებიდან ამოსაღებადაც.

დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს არა-ქირურგიული მკურნალობის მეთოდებიც გრძელვადიანი პერიოდით. მაგალითად კომპრესიული ჩასაცმელი (ბანდაჟები) შეიძლება იყოს რეკომენდირებული ქირურგიის შემდეგ, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, როგორიცაა ლიმფოედემა.

არაეფექტური მკურნალობის მეთოდები  

მკურნალობის მეთოდები, რომლებსაც ქსოვილის შეშუპებისას მიმართავენ ხოლმე, ლიპოედემის სამკურნალოდ არაეფექტურია. ლიპოედემა არ იკურნება:  

  • ფეხების აწევით
  • შარდმდენების მიღებით  (აბები, რომლებიც ჭარბი სითხის გამოსადევნად გამოიყენება)  
  • დიეტით - ამ დროს ის ცხიმი იწვება, რომელიც არ წარმოადგენს ლიპოედემის სტრუქტურაში არსებულ ცხიმს, თუმცა წონის მატება ამ დროს უფრო მეტად გამოიხატება ლიპოედემის ადგილებში (განსაკუთრებით ბარძაყებსა და მენჯის ადგილებში).

კომენტარის დამატება