Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მუკოზიტი

მუკოზიტი

253

მუკოზიტი არის მდგომარეობა, რომელიც  ხასიათდება სხეულის ლორწოვანი მემბრანების ანთებითა და ტკივილით.

მუკოზური მემბრანა არის რბილქსოვილოვანი ფენა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტს პირის ღრუდან ანუსამდე.

მუკოზიტი ხშირად იყოფა ორ ძირითად ტიპად:

  • ორალური მუკოზიტი -  რომელსაც შეუძლია პირის ღრუს წყლულების, ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების გამოწვევა.
  • გასტროინტესტინალური მუკოზიტი - რომელიც გვხვდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ხშირად იწვევს ფაღარათს (დიარეას).

მუკოზიტი შეიძლება გამოვლინდეს ანუსშიც - ეს მდგომარეობა ცნობილია პროქტიტის სახელწოდებით.

ორალური მუკოზიტის სიმპტომები

ორალური მუკოზიტის სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ქიმიოთერაპიის (chemotherapy) დაწყებიდან 10 დღეში ან რადიოთერაპიის დაწყებიდან 14 დღეში.

თავიდან პაციენტი იგრძნობს ტკივილს პირის ღრუში. ეს იქნება პირის ღრუს ცხელი საკვებით ან სასმელით მიღებული დამწვრობის ტკივილის მსგავსი. ასევე, სავარაუდოდ, გაუჩნდებათ თეთრი ლაქები და წყლულები პირის ღრუში და ზოგიერთ შემთხვევაში, ენისა და ტუჩების ირგვლივ.

ამ წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიონ ძლიერი ტკივილი და, შესაბამისად, ჭამის, სმის ან ლაპარაკის გაძნელება. ასევე, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე და გემოვნების დაქვეითება. ამ ცვლილებებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაურთულოს მეტყველება. ნათესავებმა და მეგობრებმა, შეიძლება, შეამჩნიონ სუნთქვისას არასასიამოვნო სუნი ჰალიტოზი.

მუკოზიტის მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს ქიმიო ან რადიოთერაპიის დასრულებიდან სამი ან ოთხი კვირა.  შედარებით მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მუდმივი მონიტორინგისა და კვების კონტროლისათვის.

გასტროინტესტინალური მუკოზიტის სიმპტომები

გასტროინტესტინალური მუკოზიტის სიპტომები უფრო ხშირია ქიმიოთერაპიისას. თუმცა ისინი შეიძლება გამოვლინდეს პაციენტში, რომელიც იტარებდა რადიოთერაპიას მუცლის ან მენჯის არეში.

გასტროინტესტინალური მუკოზიტის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვლინდება ქიმიო ან რადიოთერაპიის დაწყებიდან 14 დღეში. ესენია:

  • ფაღარათი (დიარეა)
  • წყლულები ანუსისა და სწორი ნაწლავის მიდამოში
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (rectal bleeding), რამაც შეიძლება განაპირობოს სისხლიანი განავალი
  • ლორწოვანი გამონადენი ანუსიდან (უკანა ტანიდან)
  • მუცლის ტკივილი
  • ყლაპვის გაძნელება
  • გულისრევა
  • შებერილობა.

ამ სიმპტომთა უმეტესობა ქრება მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში. თუმცა, დიარეა შესაძლოა გაგრძელდეს რადიოთერაპიის დასრულებიდან რამდენიმე თვეც.

რატომ ვითარდება მუკოზიტი?

მუკოზიტი ქიმიოთერაპიის (chemotherapy) გავრცელებული გვერდითი ეფექტია. მას ხანდახან იწვევს რადიოთერაპიაც, განსაკუთრებით თავისა და კისრის არეში.

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებს რადიოთერაპიისას არ უვითარდებათ მუკოზიტი, რადგან სხივური თერაპია ამ დროს მიმართული არაა ლორწოვანი ქსოვილებსიკენ.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი უფრო მიდრეკილია ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის მიერ განპირობებული ეფექტის გამოვლენისაკენ. მსგავს გავლენას შეუძლია დააზიანოს გასტროინტესტინალური ტრაქტის შრეები.

თუ გადიხართ მუკოზიტის შესაძლო განმაპირობებელ მკურნალობას, თქვენ გამოგიკვლევენ რეგულარულად მდგომარეობის შესაფასებლად. მუკოზიტის დიაგნოზირება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია გასინჯვისა და სიმტპომების საფუძველზე.

ვის ემართება?

დადგენილია, რომ პაციენტთა დაახლოებით 40% ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ იძენს გარკვეული ხარისხის მუკოზიტს. ზოგიერთებში შეიძლება მძიმედ გამოვლინდეს და ეს დამოკიდებულია გამოყენებულ სამკურნალო საშუალებაზე.

მოკუზიტი უფრო გავრცელებულია გარკვეული ტიპის კიბოს მქონე პაციენტებში. მაგალითად, დადგენილია, რომ იმ პაციენტთა 97%-ში, რომლებმაც ჩაიტარეს რადიოთერაპია თავის ან კისრის კიბოს სამკურნალოდ, ვითარდება მუკოზიტი რომელიმე ფორმით.  მუკოზიტი განუვითარდება იმ ადამიანთა 70%-ს, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გამო.

როგორია მუკოზიტის მკურნალობა?

ორალური მუკოზიტის მკურნალობის მთავარი მიზანია ინფექციის გავრცელების შეფერხება და ტკივილის შემცირება. ეს ხორციელდება ტკივილგამაყუჩებლების მიღებითა და ჰიგიენის ნორმების დაცვით.

ასევე, მიღებულია მკურნალობები ორალური მუკოზიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგალითად, დაბალი დოზით ლაზეროთერაპია (LLLT) და მედიკამენტი: პალიფერმინი (palifermin).

გასტროინტესტინალური მუკოზიტის მკურნალობის მიზანია მდგომარეობის ისეთი ძირითადი სიპტომების შემსუბუქება, როგორებიცაა დიარეა და ანთება. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებისა და თავის მოვლის კომბინაციას.

მუკოზიტის სიმპტომების შემსუბუქება უნდა დაიწყოს ქიმიო ან რადიოთერაპიის დასრულების შემდეგ რამდენიმე კვირაში, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

გართულებები

მუკოზიტის ყველაზე სერიოზული შემთხვევები შეიძლება გართულდეს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობებით. მუკოზიტის დროს ბევრ პაციენტს უძნელდება ყლაპვა და ესაჭიროებათ საკვების მიღების ალტერნატიული გზა, როგორიცაა საკვები მილი.

პირის ღრუს წყლულები შესაძლოა დაინფიცირდეს ბაქტერიებით. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს სისხლით სხვა ორგანოებშიც. ამ პროცესს სეფსისი ეწოდება და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშიც აღმოჩნდეს.

შესაძლებელია თუ არა მუკოზიტის პრევენცია?

მუკოზიტის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელი არაა. მაგრამ არსებობს გარკვეული გზები, რომლების დახმარებითაც, გარკვეულწილად, ხერხდება რადიო ან ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული მუკოზიტის ხარისხის ან ხანგრძლივობის შემცირება.

მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, როგორებიცაა პალიფერმინი (palifermin), ბენზიდამინი (Benzydamine), სულფასალაზინი (sulfasalazine) და ამიფოსტინი (amifostine).

კომენტარის დამატება