Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა)

მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა)

192

გარდამავალი იშემიური შეტევა (გიშ) ან „მინი ინსულტი“ გამოწვეულია თავის ტვინის სისხლით მომარაგების დროებითი დარღვევით.

სისხლმომარაგების დარღვევა განაპირობებს თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას. ამას შეუძლია ინსულტისთვის დამახასითებელი ისეთი სიმპტომების გამოწვევა, როგორებიცაა მეტყველებისა და მხედველობის დარღვევა და დაბუჟება ან სისუსტე სახის, მხრებისა და ფეხების არეში.

თუმცა, გარდამავალი იშემიური შეტევის ხანგრძლივობა ნაკლებია. მისი ეფექტი, ხშირად, გრძელდება რამდენიმე წუთი ან საათი და სრულად იხსნება 24 სთ-ში.

ნიშნები და სიმპტომები

გიშ-ს მთავარი სიმპტომების დამახსოვრება შეიძლება სიტყვა „FAST”-ის დახმარებით: Face (სახე) - arms (მხრები) – speech (მეტყველება) – time (დრო).

  • Face (სახე) -  სახის ერთი მხარე შეიძლება იყოს ჩამოწეული. ადამიანი შეიძლება ვერ იღიმებოდეს ან მისი პირი ან თვალი იყოს ჩამოწეული.
  • Arms (მხრები) - ინსულტის დროს ადამიანმა შეიძლება ვერ შეძლოს ორივე მხრის აწევა და მათი აწეულ მდგომარეობაში გაჩერება, მხრის სისუსტის ან დაბუჟების გამო.
  • Speech (მეტყველება) - ადამიანი მეტყველებისას შეიძლება ბგერებს ყლაპავდეს ან ამახინჯებდეს ან მას საერთოდ წაერთვას ლაპარაკის უნარი, მიუხედავად იმისა რომ ცნობიერებას არ კარგავს.
  • Time (დრო) - დროა დაუყოვნებლივ დარეკოთ 112-ზე თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს შენიშნავთ.

სამედიცინო დახმარების მიღება

გარდამავალი იშემიური შეტევის (გიშ) საწყის ეტაპზე შეუძლებელია მისი ინსულტისგან განსხვავება, ასე რომ მნიშვნელოვანია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სიმპტომების გაქრობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მდგომარეობის საავადმყოფოში შეფასება.

გიშ გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ არსებობს ინსულტის განვითარების რისკი და გამოკვლევებით ექიმები დაადგენენ საუკეთესო გზას ამ რისკის შესამცირებლად.

თუ ფიქრობთ რომ წარსულში გადატანილი გაქვთ გიშ, ხოლო სიმპტომები მას შემდეგ გაქრა ისე რომ სამედიცინო გამოკვლევები არ ჩაგიტარებიათ, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რათა მოხდეს მდგომარეობის ადეკვატური შეფასება.

რა იწვევს გიშ-ს?

გიშ-ის დროს ჟანგბადით მდიდარი სისხლით თავის ტვინის მომმარაგებელი ერთერთი სისხლძარღვის ბლოკირება ხდება.

ბლოკადა, უმეტესად, განპირობებულია თრომბით (blood clot), რომელიც ჩამოყალიბდა სხეულის სხვა ნაწილში და სისხლით გადაადგილდა თავის ტვინის მომმარაგებელი ძარღვებისკენ. ბლოკადა შეიძლება გამოიწვიოს ასევე ცხიმოვანმა ნაწილაკებმა ან აირებმა.

გარკვეულმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდოს გიშ-ს განვითარების ალბათობა:

  • სიგარეტის მოწევამ
  • სისხლის მაღალმა წნევამ (ჰიპერტენზიამ) (high blood pressure (hypertension))
  • სიმსუქნემ (obese)
  • დიდი რაოდენობით ქოლესტერინმა (high cholesterol levels)
  • ალკოჰოლის დიდი რაოდენობით რეგულარულმა მიღებამ
  • წინაგულოვანმა ფიბრილაციამ (არარეგულარული გულისცემის ტიპი)(atrial fibrillation (a type of irregular heartbeat))
  • დიაბეტმა.

60 წელზე მეტი ასაკის და აზიური, აფრიკული ან კარიბული წარმოშობის ადამიანებისთვის  გიშ-ს განვითარების რისკი უფრო მაღალია.

გიშ-ს მართვა

მიუხედავად იმისა, რომ გიშ-ის სიმპტომები ქრება რამდენიმე წუთში ან საათში, მაინც დაგჭირდებათ მკურნალობა მომავალში შეტევის განმეორების ან ინსულტის განვითარების პრევენციისთვის.

მკურნალობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებზე, ასაკსა და სამედიცინო ანამნეზზე. თქვენ, სავარაუდოდ, მოგეცემათ რეკომენდაციები ცხოვრების სტილის შეცვლასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა შეამციროს ინსულტის განვითარების რისკი. ცხოვრების ჯანსაღი წესი დამატებითი საშუალებაა მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო კაროტიდული არტერიების (თავის ტვინის მომმარაგებელი მთავარი სისხლძარღვების) ბლოკადის მოსახსნელად.

გიშ-ს პრევენცია

გიშ ხშირად მიგვანიშნებს შეტევის განმეორების ან სიცოცხლისთვის საშიში ინსულტის განვითარების შესაძლებლობაზე ახლო მომავალში.

მიუხედავად იმისა გქონიათ თუ არა გიშ ან ინსულტი, არსებობს მათი განვითარების რისკის შესამცირებელი სხვადასხვა გზა:

  • ნორმალური წონის შენარჩუნება
  • ჯანსაღად კვება
  • რეგულარულად ვარჯიში (regular exercise)
  • ალკოჰოლის (alcohol) მიღების შეზღუდვა
  • მოწევაზე უარის თქმა.

კომენტარის დამატება