Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კბილის კარიესი

კბილის კარიესი

496

კბილის კარიესი ხშირი პრობლემაა, რომელიც ხდბეა მაშინ, როდესაც პირის ღრუში არსებული მჟავა იწვევს კბილის გარეთა შრეების დაზიანებას.

მიუხედავად იმისა, რომ კბილის კარიესის შემთხვევები, დიდ ბრიტანეთში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შემცირდა, ეს მაინც საკმაოდ გავრცელებული პრობლემა რჩება.

შეფასებულია, რომ ინგლისში ზრდასრული ადამიანების მესამედს აქვს კბილის კარიესი და 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ხუთ წლამდე ბავშვებში ყოველ მეოთხე ბავშვს ჰქონდა კარიესი.

 

ნიშნები და სიმპტომები

კბილის კარიესმა შეიძლება არ გამოიწვიოს რაიმე სიმპტომი, სანამ ის უკვე შორსწასულ სტადიას არ მიაღწევს. როდესაც ეს პრობლემა უკვე განვითარდება, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • კბილის ტკივილს
  • კბილის მგრძნობელობას - ტკივილს ან დისკომფორტს, როდესაც ვჭამთ ან ვსვამთ რაიმე ცხელს, ცივს ან ტკბილს
  • ნაცრისფერ, ყავისფერ, ან შავ ლაქებს კბილებზე
  • ცუდ სუნს პირიდან
  • პირის ღრუში არასასიამოვნო გემოს.

თუ ასეთ კბილს არ უმკურნალეთ, შესაძლოა განვითარდეს დამატებითი პრობლემები, როგორიცაა ღრმულები კბილებში, ღრძილების დაავადება - (გინგივიტი) ან კბილის დაჩირქება

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმ-სტომატოლოგს?

კბილის ტკივილი არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ კბილში რაღაც პრობლემაა და ამ დროს აუცილებელია ექიმთან სასწრაფო ვიზიტი. თუ ამ პრობლემას დატოვებთ უყურადღებოდ, პრობლემა შეიძლება გაუარესდეს და შედეგად შეიძლება დაკარგოთ კბილი.

კბილის რაიმე შესამჩნევი პრობლემის არქონის შემთხვევაშიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია დენტისტთან რეგულარული ვიზიტები, პირის ღრუს შესამოწმებლად, რომ კბილის კარიესის ადრეული ნიშნებიც კი მალევე მოგვარდეს. კბილის კარიესის ადრეული შემთხვევები ბევრად უფრო ადვილად იკურნება.

18 წელზე უფროსი ზრდასრული ადამიანებისთვის სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი რეკომენდირებულია სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 18 წლამდე მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის უფრო ხშირი ვიზიტები, თუ ისტორიაში ჰქონდათ კბილის პრობლემები, ან თუ მოიაზრებიან კბილის კარიესის უფრო გაზრდილი რისკის ქვეშ მყოფებად.

კბილის ექიმი (დენტისტი) კბილის კარიესის იდენტიფიცირებას შეძლებს კბილების ვიზუალური დათვალიერებით, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება საშირო გახდეს რენტგენის სხივებით სურათის გადაღება, რომ შემოწმდეს ღრმულების ან ჩირქგროვების არსებობა.

 

რატომ  ზიანდება კბილები?

პირის ღრუ სავსეა ბაქტერიებით, რომლებიც უერთდებიან საჭმლის პატარა ნაწილაკებს, აგრეთვე ნერწყვს და ქმნიან წებოვან თხელ ფოლაქს რომელიც ცნობილია, როგორც კბილის ნადები. ისინი შემდგომში ემაგრებიან კბილებს.

როდესაც მოიხმართ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და სასმელს, განსაკუთრებით კი ტკბილს საჭმელს და სასმელს, კბილის ნადებში ბინადარი ბაქტერიები მათ თავიანთი ენერგიის წყაროდ მოიხმარენ და  წარმოქმნიან მჟავას.

თუ კბილის ნადები დიდი ხნით გაჩერდება კბილზე, მჟავას შეეძლება დაიწყოს კბილის გარეთა საფარის დაშლა და შემდეგ შეიჭრას კბილის უფრო რბილ ქსოვილში და საბოლოოდ კბილის ცენტრალურ ნაწილში.

 

როგორ შეიძლება კბილის კარიესის პრევენცია?

კარიესი ძალზედ გავრცელებულია, თუმცა შესაძლებელია მისი მთლიანად პრევენცია. კბილის კარიესისგან თავის არიდების ყველაზე საუკეთესო გზა, ღრძილების რაც შეიძლება ჯანსაღად შენაჩუნებაა.

ამისთვის საჭიროა:

  • კბილების დღეში ორჯერ გამოხეხვა, ფტორის შემცველი კბილის პასტით, სულ მცირე ორი წუთის განმავლობაში თითო გამოხეხვისას
  • კბილთაშორისი სივრცის გასაწმენდად, სულ მცირე დღეში ერთხელ მაინც, გამოიყენოთ ფლოსი ან კბილთაშორისი ჯაგრისი
  • კბილების გამოხეხვის შემდეგ არ გამოივლოთ წყალი ან კბილების სავლები სითხე, რადგან ეს ჩამორეცხავს კბილის პასტის მიერ შექმნილ დამცავ ფენას; გამოხეხვის შემდეგ უბრალოდ გადმოაფურთხეთ ზედმეტი კბილის პასტა
  • შეამცირეთ ტკბილი სასმელები და საჭმელები, განსაკუთრებით კვებებს შორის ან დასაძინებლად დაწოლამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე არ მიირთვათ და არ დალიოთ თკბილი საკვები და სასმელი.

 

როგორ მკურნალობენ კბილის კარიესს?

კბილის კარიესის საწყისი ფაზის შემთხვევაში, კბილის დამატებითი დაზიანების შესაჩერებლად ექიმმა, დაზიანებულ ადგილზე შეიძლება წაგისვათ ფტორ-ლაქი.

თუ კბილის კარიესმა გაცვითა კბილის გარეთა ფენა და ჩამოყალიბდა ფოსო, ექიმი კარიესის ადგილს გაასუფთავებს, მოხსნის დაზიანებულ შრეებს და ღრმულს ამოავსებს ბჟენით.

თუ კბილის შუა ნაწილში არსებული ნერვი დაზიანებულია, შეიძლება საჭირო გახდეს არხების მკურნალობა, რომელიც მოიცავს ნერვის ამოღებას და კბილის დაბჟენას ბჟენით ან გვირგვინით.

თუ კბილი ისეა დაზიანებული, რომ ვერ ხერხდება აღდგენა, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ამოღება.

კომენტარის დამატება