Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მენინგიტი

მენინგიტი

164

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრავი, დამცავი მემბრანების ინფექციაა.

ეს ინფექცია შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში, თინეიჯერებში და ახალგაზრდა ადამიანებში.

მენინგიტი შეიძლება ძალიან სერიოზული მდგომარეობა იყოს, თუ არ მოხდა მისი დაუყოვნებლივი მკურნალობა. მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სისხლის მოწამვლა (სეპტიცემია) და გამოიწვიოს ტვინის და ნერვების მუდმივი დაზიანება.

მენინგიტისგან დასაცავად არსებობს სხვადასხვა სახის ვაქცინები.

მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები

მენინგიტის სიმპტომები იწყება უეცრად და შეიძლება მოიცავდეს:

  • მაღალ სიცხეს (37.5C-ზე მაღალი)
  • ღებინებას
  • თავის ტკივილს
  • ღია ფერის, აჭრელებული კანი და წითელი გამონაყარი, რომელიც არ უფერულდება როდესაც გადაატარებენ მინას
  • გაშეშებულ კისერს
  • კაშკაშა შუქზე მგრძნობელობა - არ მოსწონთ განათებულ ადგილზე ყოფნა
  • ძილიანობა, მოთენთილობა და ურეაქციობა
  • კრუნჩხვა ან გულის წასვლა.

ეს სიმპტოები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი თანმიმდევრობით და ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს.

გამონაყარი მუქ კანზე შეიძლება ძნელად დასანახი იყოს და ასეთ შემთხვევაში გამონაყარი უნდა შეამოწმოთ უფრო ღია ფერის ადგილებში, მაგალითად ხელისგულებზე, ფეხის გულებზე, მუცელზე, ქუთუთოების შიგნით და პირის ღრუს შიგნით სასაზე.

თუმცა, არ დაელოდოთ გამონაყარის გაჩენას. თუ ბავშვი არის ავად და მისი მდგომარეობა უარესდება, აუცილებლად დაუყოვებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

მინის ტესტი

თუ კანზე, სადაც გამონაყარია დააჭერთ მინას (მაგალითად მინის ჭიქას) და გამონაყარი არ გაუფერულდება და არ გაქრება, ეს მენინგოკოკური სეპტიცემიის ნიშანია.

სეპტიცემიის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მცირე ზომის, ნემსის ნაჩხვლეტის მსგავსი გამონაყარი, რომელიც უფრო მოგვიანებით გადაიზრდება იისფერ დალურჯებაში.

სიცხე, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, რომელიც არ უფერულდება მასზე ზეწოლისას არის სასწრაფო გადაუდებელი მდგომარეობა და აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს შეიძლება ჰქონდეს მენინგიტი.

მიენდეთ თქვენს ინსტინქტს და ნუ დაელოდებით გამონაყარის გაჩენას.

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი შეიძლება მძიმედ იყოს ავად.

როგორ ვრცელდება მენინგიტი?

მენინგიტი ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. ბაქტერიული მენინგიტი იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზული ვიდრე ვირუსული მენინგიტი.

მენინგიტის გამომწვევი ინფექცია შეიძლება გავრცელდეს:

  • დაცემინებით
  • დახველებით
  • კოცნით
  • საყოფაცხოვრებო ნივთების, კბილის ჯაგრისის, ან სამზარეულოს ჭურჭლის გაზიარებით.

მენინგიტი ძირითადად ვრცელდება იმ ადამიანებისგან ვისაც აქვს მისი გამომწვევი ვირუსი ან ბაქტერია ცხვირში ან ყელში, მაგრამ თვითონ არ არიან ავად. თუმცა იშვიათად შეიძლება გავრცელდეს მენინგიტით დაავადებული ადამიანისგანაც.

ვაქცინაცია მენინგიტის საწინააღმდეგოდ

ვაქცინაცია იძლევა მენინგიტის ზოგიერთი გამომწვევი ინფექციებისგან გარკვეულწილად დაცვის საშუალებას.

ეს ვაქცინებია:

  • B ტიპის მენინგიტის ვაქცინაცია (Men B vaccine), რომელიც უკეთდებათ 8 კვირის ბავშვებს, შემდეგ კი მეორე დოზა 16 კვირის ასაკში და საბოლოო დოზა 1 წლის ასაკში
  • წითელა, წითურა და ყბაყურას (წწყ) ვაქცინა, რომელიც უკეთდებათ ბავშვებს 1 წლის ასაკში და შემდეგ მეორე დოზა 3 წლის და 4 თვის ასაკში
  • C ტიპის მენინგიტის ვაქცინაცია (meningitis C vaccination), რომელიც უკეთდებათ 12 კვირის, შემდეგ 1 წლის ასაკში და ბოლოს თინეიჯერობისას და უნივერსიტეტის დაწყების ასაკში
  • ე.წ. 5-ერთში ვაქცინაცია (DTaP/IPV/Hib vaccination), რომელიც უზრუნველყოფს დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიოს და Hib (Haemophilus influenzae type b) მიმართ და რომელიც უკეთდებათ ბავშვებს 8, 12 და 16 კვირის ასაკში
  • პნევმოკოკური ვაქცინა (პკვ) (pneumococcal vaccine), რომელიც უკეთდებათ ბავშვებს 8 კვირის, 16 კვირის და 1 წლის ასაკში
  • ACWY ტიპის მენინგიტის ვაქცინაცია, რომელიც უკეთდებათ თინეიჯერებს უნივერსიტეტში წასვლის ასაკამდე.

მენინგიტის დიაგნოსტიკა

მენინგიტის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ის ხშირად სწრაფად ვითარდება და შეიძლება აერიოთ გრიპში, რადგან მათი სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

თუმცა ძალიან მნიშნველოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ შეამჩნევთ მენინგიტის ნებისმიერ ნიშანს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში.

ამ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდებად ადგილობრივი საადმყოფოს სასწრაფო განყოფილებაში წასვლა შუაღამისასაც კი.

არ დაელოდოთ გამონაყრის გაჩენას, ყველას იგი არ უვითარდება.

როდესაც ეჭვობენ მენინგიტს, მკურნალობას იწყებენ მის დადასტურებამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე საათი და მკურნალობის დაყოვნება კი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.

ექიმები ჩაატარებენ ფიზიკურ გამოკვლევას მენინგიტის ან სეპტიცემიის ნიშნებზე, როგორიცაა მაგალითად გამონაყარი. ისინი ასევე გააკეთებენ სხვა გამოკვლევებსაც დიაგნოსტიკის დასადასტურებლად.

მენინგიტის მკურნალობა

მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში ადამიანებს საავადმყოფოში უკეთდებათ ანალიზები, რომ დადგინდეს ინფექცია ბაქტერიის მიერაა გამოწვეული თუ ვირუსის.

ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობა ხსება ჰოსპიტალურად, სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობა მოიცავს:

  • ანტიბიოტიკებს (ინტრავენურად)
  • სითხეებს, ასევე ინტრავენურად და
  • ჟანგბადის ნიღაბს.

ვირუსული მენინგიტი ძირითადად უმჯობესდება თავისით 7-10 დღის განმავლობაში და ხშირად სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი მისი მკურნალობა. საკმარისად დასვენება სახლში, ტკივილგამაყუჩებლების მიღება და გულისრევის საწინააღმდეგო წამლების მიღებას შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება.

პროგნოზი

ვირუსული მენინგიტი ძირითადად თავისით გაივლის და იშვიათად ტოვებს გრძელვადიან პრობლემებს.

ბაქტერიული მენინგიტით დაავადებული ადამიანების უმრავლესოვა, ვისაც დროულად დაუწყეს მკურნალობა, ასევე სრულად გამოჯანმრთელდება. თუმცა ზოგიერთს მაინც რჩება გრძელვადიანი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა:

  • სმენის დაკარგვა ან მხედველობის დაკარგვა, რომელიც შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული
  • მეხსიერების ან კონცენტრაციის პრობლემები
  • კრუნჩხვების განმეორებითი ეპიზოდები (ეპილეფსია)
  • ცოორდინაციის, წონასწორობის და მოძრაობის პრობლემები
  • კიდურების დაკარგვა (ამპუტაცია), რომელიც ზოგჯერ ხდება საჭირო.

ზოგადად შეფასებულია, რომ ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევების 10% სიკვდილით მთავრდება.

კომენტარის დამატება