Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მასტიტი

მასტიტი

221

მასტიტი პათოლოგიაა, რომელიც ქალის ძუძუს მტკივნეულობასა და ანთებასიწვევს. ჩვეულებრივ მისი მკურნალობა ადვილად არის შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია ექიმთან მისვლა თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ეს მგომარეობა.

მასტიტი ყველაზე გავრცელებული მეძუძურ ქალებშია, თუმცა ეს პათოლოგია შეიძლება არამეძუძურ ქალებსაც განუვითარდეთ. მასტიტი დაახლოებით 10 მეძუძური ქალიდან ერთს უვითარდება. ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ ეს პათოლოგია, მშობიარობიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ვითარდება.

ხშირად ექიმები მას ლაქტაციურ ან მშობიარობასთან დაკავშირებული მასტიტად განიხილავენ.

რა იწვევს მასტიტს?

მასტიტი შეიძლება ინფექციით ან ქსოვილში (რძის სტაზი) დაგროვილი რძით იყოს გამოწვეული.

რძის სტაზი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაგროვდეს, მაგალითად:

  • კვების დროს ძუძუზე ჩვილის არასწორად მიკვრით
  • ჩვილის ძუძუს წოვის პრობლემებით
  • არარეგულარული წოვით ან ბავშვის კვების გამოტოვებით.

ინფექციური მასტიტი შეიძლება რძის სადინრებში ბაქტერიის მოხვედრის შედეგად განვითარდეს. ეს შეიძლება რძის სადინრების დახშობით, ან არამეძუძურ ქალებში - არეოლების დასკდომით, მტკივნელობით ან ძუძუს პირსინგით იყოს გამოწვეული.

უყურადღებობის შემთხვევაში, არაინფექციური მასტიტი შეიძლება ინფექციურ მასტიტში გადაიზარდოს. ეს ძუძუს ქსოვილში დარჩენილი რძის ბაქტერიული ინფიცირებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მასტიტის სიმპტომები

ჩვეულებრივ მასტიტი, ერთ ძუძუში ვითარდება და სიმპტომები ხშირად ძალიან სწრაფად ვითარდება.

მასტიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მკერდზე წითელი და შეშუპებული ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული შეხებისას და იყოს ცხელი
  • წამონაზარდი ან გამაგრებული ადგილი მკერდზე
  • მწველი ტკივილი მკერდში, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ან ვლინდებოდეს მხოლოდ ძუძუთი კვების დროს
  • გამონადენი ძუძუს თავიდან, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი ან შეიცავდეს სისხლის ნიშნებს.

ძუძუს მტკივნეულობასა და შეშუპებასთან ერთად, ზოგ პაციენტს გრიპის-მსგავსი სიმპტომები, მაგალითად მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ტკივილი და შემცივნებაც აღენიშნება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის?

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მასტიტი გქონდეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმთან მისვლამდე შეიძლება თვით-დახმარების მეთოდები დაგეხმაროთ (იხილეთ ქვემოთ).

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ მასტიტმა გამოიწვიოს ჩირქგროვის წარმოქმნა მკერდში, რომლის ჩამოდენასაც დასჭირდება ქირურგიული ჩარევა.

დროულად მკურნალობის გარეშე, მკერდის ჩირქგროვა შეიძლება იყოს საშიში. დადგენილია, რომ 10-დან 1 ქალს, ვისაც განუვითარდება ეს გართულება, ვეღარ შეძლებენ ბავშვისთვის ძუძუს წოვებას, ამ დაზიანებული მკერდით.

დიაგნოზირება

ექიმი დიაგნოზის დასმას ხშირად შეძლებს სიმპტომებზე დაყრდნობით და მკერდის დათვალიერებით.

თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ექიმმა შეიძლება ძუძუს წოვის ტექნიკის დემონსტრაცია გთხოვოთ. ეცადეთ თავი გამოცდაზე ან დამნაშავედ არ იგრძნოთ, ძუძუთი კვების სწორი ტექნიკის შესწავლას დრო და პრაქტიკა სჭირდება.

თუ სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, ან თუ მასტიტი განმეორებითი ხასიათისაა, ან თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმმა შეიძლება აიღოს ძუძუს რძის ნიმუში დამატებით გამოკვლევისთვის. ეს გამოკვლევა დაეხმარება განსაზღვროს, ხომ არ მიმდინარეობს ბაქტერიული ინფექცია და თუ კი, რომელი სპეციფიური ჯგუფის ბაქტერიითაა ეს ინფექცია გამოწვეული. ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება სპეციფიური ანტიბიოტიკის ჯგუფის შერჩევა.

არამეძუძურ ქალებში ექიმმა სხვა პათოლოგიის არსებობა უნდა გამორიცხოს, დამატებითი გამოკვლევებით და სკანირებებით, განსაკუთრებით, თუ რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდა. ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა ან მამოგრამა (მკერდის რენტგენის სხივებით გაშუქება).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ძუძუს მოცულობითი წარმონაქმნები/breast lumps.

მასტიტის მკურნალობა

მასტიტის შემთხვევათა უმრავლესობის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია და ქალების უმრავლესობა მალევე გამოკეთდება.

ხშირად თვით-დახმარების მეთოდებიც საკმაოდ ეფექტურია, მათ შორის:

  • დიდი რაოდენობით დასვენება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება
  • ტკივილის და სიცხის შესამსუბუქებლად ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლების მიღება, როგორებიცაა პარაცეტამოლი, ან იბუპროფენი
  • მჭიდროდ მოჭერილი ტანსაცმლისგან (მათ შორის ლიფისგანაც) თავის არიდება, სიმპტომების გაუმჯობესებამდე
  • ძუძუთი კვების დროს, დარწმუნდით, რომ ბავშვი ძუძუს კარგად ეჭიდება და არეოლა (ძუძუს თავი) პირში ღრმად აქვს ჩადებული.

გააგრძელეთ ბავშვისთვის ძუძუთი კვება, იმ დროსაც კი, თუ გაქვთ ბაქტერიული ინფექცია, რადგან ეს ინფექცია არ დააზიანებს ბავშვს, ძუძუთი კვება კი შეიძლება დაეხმაროს სიმპტომების შემსუბუქებას. ასევე შესაძლოა დაგეხმაროთ ბავშვისთვის, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად წოვებაც და თუ რძე გროვდება, მისი გამოწურვა კვებებს შორის ინტერვალში.

არამეძუძური ქალებისთვის და მეძუძური ქალებისთვის, რომლებზეც ეჭვობენ ინფექციის არსებობას, ძირითადად ინიშნება ანტიბიოტიკების კურსი, ინფექციის გასაკონტროლებლად.

შეიძლება თუ არა ძუძუთი კვება მასტიტის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ მასტიტის სიმპტომებმა შეიძლება ძუძუთი კვების დროს ხელი შეგიშალოთ, მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების გაგრძელება სცადოთ. რეგულარული ძუძუთი კვება დაგეხმარებათ:

  • ძუძუდან შეგუბებული რძის დაცლაში
  • მასტიტის სიმპტომების უფრო სწრაფად ალაგებაში
  • მასტიტის დამძიმების პრევენციაში.

ნორმალურთან შედარებით, შეგუბებული რძე შეიძლება უფრო მარილიანი იყოს, მაგრამ ის ბავშვისთვის უსაფრთხოა. რძეში მოხვედრილი ნებისმიერი სახის ბაქტერია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უსაფრთხოდ შეიწოვება და პრობლემებს არ იწვევს.

თუ მძიმე ან ქრონიკული მასტიტი გაწუხებთ, თქვენმა ოჯახის ექიმმა  შეიძლება რძის ნიმუშის გამოკვლევა გადაწყვიტოს.

პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ მასტიტი შედარებით ადვილად იკურნება, ის შეიძება დაბრუნდეს, თუ არ ალაგდა მისი გამომწვევი მიზეზი. მეძუძურმა დედებმა მასტიტის განვითარების რისკი შეუძლიათ შეამცირონ მარტივი ჩვევებით, რომ არ დაუშვან მკერდში რძის შეგუბება. ეს ჩვევებია:

  • შეძლებისდაგვარად ეცადეთ აჭამოთ ბავშვს ძუძუთი, პირველი ექვსი თვის განმავლობაში
  • დაეხმარეთ ბავშვს, რომ იკვებოს უფრო ხშირად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკერდის გადავსებას გრძნობთ
  • დარწმუნდით, რომ ძუძუთი კვების დროს, ბავშვი კარგად არის მორგებული ძუძუზე (ჰკითხეთ ექიმს რცევა, თუ არ ხართ დარწმუნებული ამაში)
  • დააცადეთ ბავშვს, რომ ბოლომდე ჭამოს. ბავშვების უმრავლესობა თვითონ მოცილდება ძუძუს, როდესაც თავს დანაყრებულად იგრძნობენ. ეცადეთ არ მოიცილოთ ბავშვი ძალით
  • მოერიდეთ კვებებს შორის გრძელ ინტერვალებს, თუ ეს შესაძლებელია, პირიქით ეცადეთ შეამციროთ ეტაპობრივად
  • მოერიდეთ მოტკეცილ და ტანზე კარგად მომჯდარ ტანსაცმელს, მათ შორის ლიფებს.

კომენტარის დამატება