Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნოროვირუსი

ნოროვირუსი

179

ნოროვირუსი, რომელიც იწვევს დიარეას და ღებინებას, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. მას ხშირად “ზამთრის ღებინების ჭიასაც” უწოდებენ, რადგან უფრო ხშირი შემთხვევები ზამთარში ხდება, თუმცა მისით დაინფიცირება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ნოროვირუსი საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ ის თავისით გაივლის რამდენიმე დღეში.

საკუთარ თავზე ან ბავშვზე მზრუნველობა ინფიცირების პერიოდში, ჩვეულებრივ სახლის პირობებშიც ნორმალურადაა შესაძლებელი.

ეცადეთ მოერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ექიმთან ვიზიტის დროს მოსაცდელ ოთახში ყოფნას, რადგან ეს ვირუსი ძლიერ გადამდებია და შეიძლება ძალიან ადვილად მოხდეს მისი გავრცელება სხვა ადამიანებში. ექიმთან ვიზიტის ნაცვლად უმჯობესია, თუ მას დაურეკავთ და ისე მიიღებთ რჩევებს.

ნოროვირუსის სიმპტომები

ნოროვირუსის სიმპტომები ძალიან გამორჩეულია. ის შეიძლება გქონდეთ თუ:

  • უეცრად გაგივითარდათ გულისრევის შეგრძნება
  • გაქვთ ე.წ. “შადრევანივით ღებინება”
  • ძალიან თხელი, წყლიანი დიარეა.

ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება დაბალი სიცხე, თავის ტკივილები, მუცლის მტკივნეული სპაზმები და კიდურების ტკივილი.

ეს სიმპტომები დაინფიცირებიდან ერთ ან ორ დღეში ვითარდება და ძირითადად გრძელდება ორი ან სამი დღის განმავლობაში.

რა უნდა მოიმოქმედოთ ნოროვირუსის შემთხვევაში?

თუ უეცრად გაგივითარდათ ღებინება და დიარეა, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ გამოკეთებამდე დარჩებით სახლში. ნოროვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, ამიტომ უნდა მისცეთ მას საშუალება, რომ თავისით გაიაროს.

ასევე არ არის ექიმთან მიმართვის აუცილებლობა, თუ არ არსებობს უფრო სერიოზული პრობლემის განვითარების რისკი (ქვემოთ იხილეთ, თუ როდის უნდა მიმართოთ სამეიცინო რჩევას).

ნოროვირუსის არსებობის შემთხვევაში, სიმპტომების შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ  გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები. აუცილებელია, რომ დალიოთ ჩვეულებრივზე უფრო მეტი, რომ აღადგინოთ ღებინების და დიარეის შედეგად დაკარგული სითხის რაოდენობა. წყალთან ერთად, მოზრდილ ადამიანებს შეუძლიათ ასევე მიიღონ ხილის წვენები და წვნიანები. ბავშვებისთვის არ შეიძლება გაზიანი სასმელები ან ხილის წვენები, რაგდან ამან შეიძლება გააუარესოს დიარეა. ჩვილი ბავშვებისთვის ჩვეულებრივ უნდა გააგრძელოთ ძუძუთი კვება ან ხელოვნური კვება
  • ნებისმიერი სახის ცხელების ან ტკივილის შემთხვევაში, მიიღეთ პარაცეტამოლი
  • შიმშილის შეგრძნების შემთხვევაში, უმჯობესია მიირთვათ წვნიანები, ბრინჯი, მაკარონი და პური
  • დარჩით სახლში და დაისვენეთ საკმარისად
  • თუ გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორიცაა პირის სიმშრალე ან მუქი ფერის შარდი, გამოიყენეთ სპეციალური რეჰიდრატაციის სასმელები, რომლებიც კეთდება სპეციალური ფხვნილის წყალში გახსნით. ეს ფხვნილები იყიდება აფთიაქებში
  • ზრდასრული ადამიანებისთვის შესაძლებელია დიარეის და/ან ღებინების საწინააღმდეგო წამლების მიღება, თუმცა ეს ყველასთვის არ არის დასაშვები და ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ გაესაუბრებით ფარმაცევტს ან ექიმს.

განსაკუთრებული მზრუნველობა აუცილებელია, რათა დაიცვათ ჩვილები და პატარა ბავშვები დიარეისა და ღებინების დროს დეჰიდრატაციისგან, რადგან მათ ამ გართულების უფრო მაღალი რისკი აქვთ. გაიგეთ მეტი რჩევები ამის შესახებ children who have diarrhoea and vomiting.

ნოროვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება, ამიტომ ავადმყოფობის პერიოდში აუცილებელია ხელების ძალიან ხშირად დაბანა და ასევე ამ დროს არ შეიძლება სამსახურში, ან სკოლაში წასვლა სიმპტომების გავლიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში, რომ თავიდან აიცილოთ ამ ვირუსის სხვაზე გადადება.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას?

რადგან ნოროვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, ექიმთან მიმართვაც არ არის აუცილებელი.

ანტიბიოტიკები ვერ დაგეხმარებათ, რადგან ეს მდგომარეობა ვირუსით არის გამოწვეული და ასეთ მდგომარეობაში ექიმთან ვიზიტით შეიძლება გამოიწვიოთ ვირუსის სხვებზე გადადება. ამის გამო, თუ რაიმე რჩევის მიღება დაგჭირდებათ, უმჯობესი იქნება, თუ ექიმს ტელეფონით გაესაუბრებით.

დაურეკეთ ექიმს რჩევისთვის, თუ:

  • ბავშვს ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰქონდა 6 ან უფრო მეტი წყლიანი (ძალიან თხელი) განავალი, ან თუ ბოლო 24 საათის განმავლობაში აღებინა 3-ჯერ ან უფრო მეტჯერ
  • ბავშვი ნაკლებად კონტაქტურია, აქვს სიცხე, ან აქვს ღია ან დაწინწკლული კანი
  • თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორიცაა გაგრძელებული თავბრუსხვევა, ძალიან მცირე რაოდენობით შარდვა, ან საერთოდ არ მოშარდვა, ან შემცირებული ცნობიერება - პატარა ბავშვებს და მოხუცებს დეჰიდრატაციის უფრო მაღალი რისკი აქვთ
  • გქონდათ სისხლიანი დიარეა
  • სიმპტომებმა არ დაიწყო შემსუბუქება რამდენიმე დღის შემდეგ
  • თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სერიოზული თანმდევი დაავადება, როგორიცაა თირკმლის დაავადება და ასევე გაქვთ ღებინება და დიარეა.

ასეთ შემთხვევაში ნოროვირუსის დიაგნოზის დასადასტურებლად, ან მდგომარეობის გამომწვევი სხვა ინფექციების დასადგენად, ექიმმა შეიძლება გთხოვოთ განავლის ნიმუშის ლაბორატორიაში გაგზავნა.

როგორ ვრცელდება ნოროვირუსი?

ნოროვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა ჰოსპიტალები, საბავშვო ბაღები და სკოლები.

ინფიცირება შესაძლებელია, თუ დაინფიცირებული ადამიანის ნაღებინარის, ან განავლის მცირე ნაწილი მოხვდება ადამიანის პირში. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგნაირად, მაგალითად:

  • ნოროვირუსით დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით - დაინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება ამოისუნთქოს ვირუსის შემცველი, მცირე ზომის ნაწილაკები, რომელიც შეიძლება შეისუნთქოს მეორე ადამიანმა
  • დაბინძურებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებით - ორგანიზმის გარეთ ვირუსს შეუძლია ცხოვრება რამდენიმე დღეც, ამიტომ თუ დაინფიცირებული ადამიანი, ჭუჭყიანი ხელით შეეხება რაიმე ნივთს, მაგალითად ტელეფონს, კარის სახელურს, მაგიდას, კომპიუტერის კლავიატურას, ან დისტანციონის პულტს (და სხვა ნივთებს), შემდეგ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასევე შეეხება დაბინძურებულ ნივთს და ხელს მიიტანს პირთან, ასევე შეიძება დაინფიცირდეს ნოროვირუსით
  • დაბინძურებული საკვების ჭამით - ეს შეიძლება მოხდეს, თუ დაინფიცირებული ადამიანი, ხელების დაბანის გარეშე შეეხება საკვებს.

ნოროვირუსით დაინფიცირებული ადამიანი ყველაზე გადამდები არის სიმპტომების გამოვლენიდან და სიმპტომების დასრულების შემდეგ 48 საათის განმავლობაში, თუმცა შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდეც და სიმპტომების დასრულებიდან 48 საათის შემდეგაც, ოღონდ მცირე ხნით.

რადგან ვირუსი მუდმივად იცვლება დაორგანიზმი ვერ იმუშავებს გრძელვადიან იმუნიტეტს, ნოროვირუსით შეიძლება რამდენიმეჯერაც დაავადდეთ.

ნოროვირუსის გავრცელებისგან პრევენცია

ნოროვირუსის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ შემდეგი რცევები დაგეხმარებათ ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებაში:

  • არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში ან ბაღში, ასევე მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სიმპტომების გავლიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, საპნით და (თუ შესაძლებელია) თბილი წყლით, განსაკუთრებით ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ და ასევე საკვების მომზადების წინ. არ მიენდოთ ალკოჰოლის შემცველ ხელის საწმენდებს, რადგან ისინი ვერ კლავენ ვირუსს
  • პირსახოცები და თეთრეული არ გაუზიაროთ სხვებს
  • დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ზედაპირებს, რომელიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული, მაგალითად, რომელსაც ინფიცირებული პირი შეეხო
  • ნებისმიერი თეთრეული, პირსახოცები, ან საცვლები, რომლებიც შეიძლება იყოს დაინფიცირებული გარეცხეთ ცალკე და ცხელ წყალში
  • კუჭში გასვლის ან ღებინების შემდეგ სასწრაფოდ ჩარეცხეთ ეს მასა და გაწმინდეთ მიმდებარე ადგილები
  • მოერიდეთ უმი და გაურეცხავი პროდუქციის ჭამას და რადგან ხამანწკები შეიძლება შეიცავდეს ნოროვირუსს, იყიდეთ და მიირთვით ისინი მხოლოდ სარწმუნო ადგილებში

კომენტარის დამატება