Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გასტრიტი

გასტრიტი

549

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება

- რა დაავადებაა გასტრიტი?
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ანუ გასტრიტი ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული დაავადებაა. მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი და დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა შეიძლება ჰქონდეს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

გასტრიტის უშუალო გამომწვევი, როგორც წესი, არის ჰელიკობაქტერია (Helicobacter Pylori). ეს ბაქტერია განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. თუ ინფექცია არ იქნება ნამკურნალევი, მას შეუძლია კუჭის წყლული ან ზოგიერთ შემთხვევაში კუჭის კიბოც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.
გასტრიტი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის ჭარბი მიღებით, სტრესით, ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარებით, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ამასთანავე, გასტრიტს განაპირობებს ნაღვლის რეფლუქსიც, როცა ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავიდან უკან – კუჭში გადმოდის;
არსებობს ინფექციური გასტრიტი, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.

- ძირითადად რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს?
მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე
მიმდინარეობს. სხვა შემთხვევებში კი აღინიშნება:

  • მუცელში წვის შეგრძნება საკვების მიღებამდე ან ღამით (“მშიერი ტკივილი”);
  • გულისრევა;
  • მუცლის შებერილობა, ტკივილი;
  • ღებინება;
  • სლოკინი.
  • კუჭის აშლა;

ქრონიკული გასტრიტის დროს გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია. A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ვიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშეც მიმდინარეობს.

ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. დასაწყისში პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ შრეშია, ხოლო შემდეგ ჯირკვლოვან შრეში გადაინაცვლებს, სადაც მიმდინარეობს კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება.
ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას. კონსერვატებით, საღებავებითა და ემულგატორებით დამზადებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზია.
არსებობს ჰიპერაციდული - კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით მიმდინარე და ჰიპოაციდური - კუჭის წვენის შემცირებული გამოყოფით მიმდინარე გასტრიტი.

ჰიპერაციდული გასტრიტისთვის დამახასიათებელია გულძმარვა, ასევე, როგორც წესი, საკვების მიღების დროს ან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის ტკივილის აღმოცენება. ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული. სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა მინერალური ან სოდიანი წყლის, მცირედი საკვების მიღების ფონზე შემსუბუქდეს. სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება. რეკომენდებულია, პაციენტმა უარი თქმას მწარე, მჟავე, შემწვარი საჭმელის, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე

კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა, უსიამოვნო გემოს შეგრძნება, კუჭის პროექციაზე სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, საერთო სისუსტე, პათოლოგიური შეგრძნებები (ჭიანჭველის ცოცვა) ხელებსა და ფეხებზე, კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა, თეთრი ნადები ენაზე. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვითარდება.

- როგორ ხდება გასტრიტის დიაგნოსტიკა?
გასტრიტის დიაგნოსტიკისთვის საუკეთესო მეთოდია ენდოსკოპიური გამოკვლევა. ენდოსკოპის მეშვეობით ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება. ეს პროცედურა ისეთი დარღვევების მიგნების საშუალებას გვაძლევს, რომლებიც რენტგენული გამოკვლევით ხშირად ხილული არ არის. ენდოსკოპიის გზით კეთდება ბიოფსია, ე.ი. კუჭის ლორწოვანი გარსიდან ვიღებთ ქსოვილს შესასწავლად. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. ურეაზული ცდა. ზოგჯერ ვიკვლევთ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც სისხლში.

- როგორ მკურნალობთ გასტრიტს?
მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია და ხორციელდება საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებული სქემის მიხედვით. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ცხოვრების წესის შეცვლას, მედიკამენტებს და იშვიათად – ქირურგიულ ჩარევას. მედიკამენტებს შორის შედის ანტაციდები, H-2 რეცეპტორების ანტაგონისტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანტიბიოტიკები, ანტიდიარეული აგენტები და სხვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მედიკამენტების დიდი ნაწილი მოქმედებს დაავადების შედეგზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე.

კომენტარის დამატება