რეტინობლასტომა (თვალის კიბო ბავშვებში)
რეტინობლასტომა არის იშვიათი ტიპის თვალის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ინგლისში მისი დიაგნოზირება და მკურნალობა ხდება ადრეულ ეტაპზევე, ამიტომაც ბავშვების 98% წარმატებით იკურნება.
ბავშვებს, რომლებსაც აქვთ რეტინობლასტომის შემთხვევები ოჯახში, უნდა ჩაუტარდეთ კიბოს სკრინინგი დაბადებისთანავე.გამოკვლევა უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაშის თუ ადრე, ბავშვობაში გქონდათ რეტინობლასტომა, ახლა კი შვილს ელოდებით. აუცილებელია მედდამ, ან თქვენმა გინეკოლოგმა იცოდეს თქვენი ოჯახის ისტორიაში რეტინობლასტომის შემთხვევების შესახებ, რათა დაიგეგმოს შესაბამისი ანალიზები დაბადებისთანავე.
ყოველწლიურად, დაახლოებით 40-50 ბავშვსუვითარდება რეტინობლატობა ინგლისში.
შემდგომი ინფორმაცია მოცემულია ისეთი ბავშვის მშობლებისთვის, ან მომვლელთათვის, რომელსაც აქვს რეტინობლასტომის დიაგნოზი. აქ ახსნილია:
- რა არის რეტინობლასტომა და რატომ ვითარდება იგი
- მკურნალობა და მდგომარეობის შესაბამისი შემდგომი მოქმედება
- გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელიც უნდა იცოდეთ იმ შემთხვევისთვის, თუ რეტინობლასტომა განმეორდება.
რეტინობლასტომის შესახებ
რეტინობლასტომა არის ბადურის კიბო. ბადურა არის თვალის უკანა გარსი, რომელიც სინათლეზეა მგრძნობიარე. რეტინობლასტომა იწვევს მისი უჯრედების სწრაფ და უკონტროლო ზრდას.
შემთხვევების 40%-ში, რეტინობლასტომა გამოწვეულია გენის მუტაციით, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს ორივე თვალი.ეს შეიძლება იყოს მემკვიდრული და გადაეცეს მშობლებისგან, ან განვითარდეს სპონტანურად საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში.
დანარჩენ 60% -ში,არ არის გენის მუტაცია და დაავადება ვლინდება მხოლოდ ერთ თვალზე.
რეტინობლასტომის შესამოწმებლად, თვალის სპეციალისტი სპეციალური ხელსაწყოს - არაპირდაპირი ოფთალმოსკოპის საშუალებით ჩაანათებს და გამოიკვლევს ბავშვის თვალებს. თუ დაისვა რეტინობლასტომის დიაგნოზი, ან არსებობს ოჯახის ისტორიაში ამ სიმსივნის შემთხვევა, ბავშვს დაენიშნება სკრინინგი ყოველ კვირას ან თვეში ერთხელ. სკრინინგის სიხშირე მცირდება დროთა განმავლობაში, მაგრამ გრძელდება 5 წლის განმავლობაში.
თუ რეტინობლასტომა ვითარდება ორივე თვალში, ამ დროს იგი ჩვეულებრივ დიაგნოზირდება დაბადებიდან პირველივე წელს. თუ დაზიანდა მხოლოდ ერთი თვალი, მისი დიაგნოზირება არ ხდება მანამ, სანამ ბავშვი დაახლოებით 18-30 თვის ასაკის არ შესრულდება.
მკურნალობა და შემდგომი პერიოდი
რეტინობლასტომის უმეტესი შემთხვევები დიაგნოზირდება ადრეულ ეტაპზე და ამიტომ მისი მკურნალობა ადვილად ხდება მანამ, სანამ იგი გავრცელდება თვალბუდის გარეთ.როდესაც სიმსივნე არის მთლიანად თვალში, მას უწოდებენ ინტრაოკულარულ რეტინობლასტომას.
თქვენი ექიმი გაგაზავნით თვალის სპეციალისტთან დამატებითი კვლევებისთვის. თუ ფიქრობენ, რომ თქვენს შვილს აქვს რეტინობლასტომა, ან დასვავენ მის დიაგნოზს, მაშინ მას გადაამისამართებენ რეტინობლასტომის სამკურნალო ცენტრში, სადაც შეხვდებით რეტინობლასტომის მკურნალობაში სპეციალიზებულ ექიმს.
დიდ ბრიტანეთში ბირმინგემის ბავშვთა ჰოსპიტალს და ლონდონის სამეფო ჰოსპიტალს ჰყავს რეტინობლასტომის სპეციალისტთა ჯგუფი. სკრინინგი და გარკვეული ტიპის მკურნალობა ჩატარდება ამ კლინიკაში. თუ ბავშვს სჭირდება ქიმიოთერაპია, იგი ჩატარდება ბავშვთა ადგილობრივ სიმსივნის ცენტრში და ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობას კვლავ შეამოწმებს რეტინობლასტომას სპეციალისტთა ჯგუფი.
ბავშვთა თვალის სიმსივნის ცენტრის საიტი გვაწვდის ინფორმაციას რეტინობლასტომის მკურნალობის შესახებ, მკურნალობა განხილულია ქვემოთ, ასევე საუბარია გვერდით ეფექტებზე.
ადრეული სტადიის რეტინობლასტომის მკურნალობა
მცირე ზომის სიმსივნის მკურნალობა, რომელიც არის თვალის შიდა ნაწილში, მოიცავს მკურნალობის შემდეგ მეთოდებს:
- თვალის ლაზერული თერაპია (ფოტოკოაგულაცია)
- სიმსივნის მოყინვა (კრიოთერაპია)
- სიმსივნეზე ტემპერატურის მეშვეობით მოქმედება (თერმოთერაპია).
დიდი ზომის სიმსივნეების მკურნალობა
დიდი ზომისსიმსივნეების მკურნალობა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ ან კომბინირებული მეთოდებით მკურნალობას:
- რადიოაქტიური დისკო - თუ სიმსივნე არ არის ძალიან დიდი ზომის, პატარა ზომის რადიოაქტიურ დისკს ამაგრებენ სიმსივნურ უჯრედებზე და ტოვებენ ასე რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები.
- ქიმიოთერაპია - ჩვეულებრივ ანტი-სიმსივნურ მედიკამენტებით მკურნალობის ექვს ციკლს ნიშნავენ რათა მოკლას სიმსივნური უჯრედები. ზოგჯერ, ეს მედიკამენტები შეყავთ პირდაპირ იმ სისხლძარღვში, რომელიც ამარაგებს თვალს.
- თვალის ამოსაღები ქირურგიული ოპერაცია - ეს არის აუცილებელი თუ სიმსივნე არის დიდი ზომის და მხედველობა დაიკარგა სრულად. ამ დროს შესაძლებელია გამოიყენონ ხელოვნური თვალი. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მეტი ინფორმაცია ხელოვნური თვალის შესახებ საიტზე ხელოვნური თვალის ნაციონალური სერვისი
ბავშვები, რომლებიც კარგავენ მხედველობას ერთ-ერთ თვალში, მარტივად ეჩვევიან მეორე ჯანმრთელი თვალიდან ხედვას, ისე რომ ეს არ ახდენს გავლენას მათ ცხოვრებაზე.
არსებობს სპეციალიზებული კლინიკური კვლევები და შესაძლებელია შემოგთავაზონ ამ კვლევებში მონაწილეობის მიღება. გაიგეთ მეტი რეტინობლასტომის კლინიკური კვლევების შესახებ.
თუ სიმსივნე გავრცელდა თვალის გარეთ (ექსტრაოკულარული რეტინობლასტომა), მაშინ არის შანსი, რომ იგი გავრცელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში და უფრო რთული იქნება მისი მკურნალობა.
მდგომარეობის განვითარების შესაბამისი მოქმედება
რეტინობლასტომა საჭიროებს ხანგრძლივ გამოკვლევებს, რომლებსაც საწყის ეტაპზე აკეთებენ სპეციალურ ცენტრებში.
მკურნალობიდან და დაკვირვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკონტროლო ტესტები ტარდება თვალის ლოკალურ კლინიკებში.
რეტინობლასტომის გამაფრთხილებელი ნიშნები
აუცილებელია, რომ იცოდეთ რეტინობლასტომისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ესენი შეიძლება მოიცავდეს:
- თვალის გუგის ანომალიურ რეფლექსს - ჩვეულებრივ, დაზიანებული გუგაიღებს თეთრ ანარეკლს, კატის თვალის მსგავსად (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე). მისი შემჩნევა შეიძლება სურათებზე, მასზე მხოლოდ ჯანმრთელი თვალი ჩანს წითლად განათების გამო ან შემჩნევა შეიძლება ბნელ ოთახში, ან ოთახში, სადაც არის ხელოვნური განათება.
- სიელმე - როდესაც ერთი თვალი არის ცხვირისკენ მიმართული, და მეორე გარეთ.
- დაქვეითებული მხედველობა - თქვენმა შვილმა შეიძლება ვერ მოახერხოს მზერის შეჩერება სახეებზე ან საგნებზე, ან შეიძლება ვერ გააკონტროლონ თვალის მოძრაობები. ეს ხდება უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დაზიანებულია ორივე თვალი.
ზოგჯერ, ფერადმა გარსმა (თვალის ფერადი ნაწილი) შეიძლება შეიცვალოს ფერი ან შესაძლოა ბავშვმა აღნიშნოს, რომ ვეღარ ხედავს ისე, როგორც უწინ.
ეს ნიშნები შეიძლება რეტინობლასტომის გარდა გამოწვეული იყოს სხვა დაავადებითაც, თუმცა ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ის შეამოწმებს წითელ რეფლექსს.
წითელი რეფლექსის ტესტი მოიცავს, ინსტრუმენტის - ოფთალმოსკოპის გამოყენებას, რომელიც ადიდებს გამოსახულებას და აქვს სინათლე ერთ ბოლოზე. როდესაც შუქს ჩაანათებენ ბავშვის თვალში, არეკლილი სინათლე უნდა იყოს წითელი. თუ დავინახეთ თეთრი ანარეკლი, მაშინ ეს შეიძლება იყოს კატარაქტის, რეტინობლასტომის ან რაიმე მსგავსი დარღვევის ნიშანი.
რეტინობლასტომისთვის უჩვეულოა შეუმჩნევლად პროგრესირება ბავშვის 5 წლის ასაკამდე. იშვიათ შემთხვევებში, თვალი შეიძლება იყოს წითელი, შესიებული, მტკივნეული და დაქვეითდეს მხედველობა დაზიანებულ თვალში.
მეტი ინფორმაცია და დახმარება
ბავშვთა თვალის სიმსივნის ცენტრი (CHECT) გვაწვდის ინფორმაციას რეტინობლასტომის შესახებ.იგი ასევე სთავაზობს დახმარებას მშობლებსა და ბავშვის მომვლელებს, ასევე მოზრდილებს, რომლებსაც ბავშვობაში ჰქონდათ რეტინობლასტომა. ცენტრი ასევე აკავშირებს დაავადებული ბავშვების მშობლებს ერთმანეთთან.
სურათზე ნაჩვენებია რეტინობლასტომის კლასიკური ნიშანი, როდესაც ბავშვის თვალის გუგა ირეკლავს თეთრ ანარეკლს (მარჯვენა თვალზე), ეს ხანდახან ჩანს სანათურით გადაღებულ სურათებში.
კომენტარის დამატება