დერატინ კომპლექსი მენთოლით / deratin kompleqsi mentolit / DERATIN COMPLEX
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია: ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს.
დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი და პიტნის არომატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ჩვენებები:
დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პირის ღრუსა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ლოკალური და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: აფტოზური სტომატიტის, ხახის გაღიზიანების ან აფონიის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება 2 დღის შემდეგ ან არ მსუბუქდება შეკრულობის სიმპტომები.
დოზირება და მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
რეკომენდებული დოზაა:
6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 8 ტაბლეტამდე დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. დერატინის კომპლექსი განკუთვნილია პირ-ხახაში გამოყენებისათვის. საწუწნი ტაბლეტები პირის ღრუში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან ტაბლეტების მოქმედება არის ლოკალური და ისინი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ პროდუქტი უშუალოდ მოქმედებს დაზიანებულ არეზე. ყოველთვის უნდა მოხდეს უმცირესი ეფექტური დოზის მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 დღეს. თუ სიმპტომები უარესდება, ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რაც შეიძლება სწრაფად.
გვერდითი მოვლენები:
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები და საჭმლის მონელების დარღვევები. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და არტერიული წნევის მომატება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას. შეიძლება განვითარდეს კბილების ფერის ცვლილება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნა ტარტარის დაგროვება. კბილების ფერის ცვლილება არ არის მუდმივი ხასიათის და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შემდეგ კბილებს უბრუნდება ჩვეულებრივი ფერი. შეიძლება ასევე, შეიცვალოს კბილების ბჟენის ფერი და ასეთ შემთხვევაში ეს არის მუდმივი ხასიათის. შეიძლება შეიცვალოს გემოს შეგრძნება. ზოგიერთ შემთხვევებში, დერატინის კომპლექსმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ან ენის წვერის გაღიზიანება, რომელიც გარდამავალი ხასიათისაა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ქლორჰექსიდინის ან ბენზოკაინის მიმართ.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოკონის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში: პირის ღრუსა და ხახის სხვა ანტისეპტიკებთან ერთად; ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად (ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო მედიკამენტები); სულფონამიდებთან ერთად. ანიონური ნაერთები და დამთრგუნველი აგენტები, კბილის პასტის ძირითადი კომპონენტები, ამცირებენ ქლორჰექსიდინის ეფექტურობას, ამიტომ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ საჭიროა პირის ღრუში წყლის გამოვლება.
განსაკუთრებული მითითებები:
დერატინის კომპლექსის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია: თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა სხვა ლოკალური ანესთეტიკების მიმართ, როგორიცაა პარაამინობენზოის მჟავა, პარაბენები ან პარაფენილენედიამინი; თუ პაციენტს აღენიშნება პირის ღრუს მძიმე ან დიდი ზომის დაზიანება; თუ პაციენტს აღენიშნება ღრძილების დაავადება, რადგან ქლორჰექსიდინმა შეიძლება გააძლიეროს ღრძილებზედა ქვების დაგროვება; თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია ან სითხის შეკავება, რადგან ენოქსოლონმა შეიძლება გააძლიეროს ეს სიმპტომები; რეკომენდებულია პირის ღრუს ადექვატური ჰიგიენის დაცვა, რათა შემცირდეს ტარტარის დაგროვება და კბილების ფერის შესაძლო ცვლილება, რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი; დაუშვებელია რეკომენდებულ დოზას გადაჭარბება. დაუშვებელია დერატინის კომპლექსის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ბავშვები, ხანდაზმულები და დასუსტებული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ბენზოკაინის მიმართ. 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტები - მედიკამენტის დიდი დოზებით ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია. თუ პაციენტს ესაჭიროება ანალიზების ჩატარება, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, რადგან მან შეიძლება იმოქმედოს ანალიზის შედეგზე. დერატინის კომპლექსს გავლენა აქვს პანკრეასის ფუნქციის ანალიზზე, რომელიც ტარდება ბენტირომიდით. ამ ტესტის ჩატარებამდე პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული სულ მცირე 3 დღის განმავლობაში და ამის შესახებ უნდა ეთქვას ექიმს. მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა მედიკამენტის მიღებამდე.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
არ აღინიშნა პრეპარატის რაიმე გავლენა მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს: მეტყველების დარღვევა, დაბუჟება, სიარულის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, თავბრუსხვევა, აგზნება ან კრუნჩხვები, ყურებში ხმაური, გაძლიერებული ოფლდენა ან დაბალი არტერიული წნევა. რადგან მედიკამენტი შეიცავს ენოქსოლონს, შეიძლება განვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და შეშუპება. გარდა ამისა, რადგან მედიკამენტი შეიცავს ბენზოკაინს, შეიძლება განვითარდეს მეთემოგლობინემია შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, უღონობა, დაღლილობა, სისუსტე. დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრში მიმართვა.
გარეგნული სახე და შეფუთვა:
დერატინის კომპლექსი არის თეთრი ან მოთეთრო ფორმის, მრგვალი საწუწნი ტაბლეტები პიტნის არომატით და ცალ მხარეს აღნიშნულია “D+”. შეფუთვაში მოთავსებულია #30 საწუწნი ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე
კომენტარის დამატება