Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სტენოკარდია

სტენოკარდია

189

სტენოკარდია არის ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გულის კუნთების სისხლმომარაგების შეზღუდვის შედეგად ვითარდება. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა მაშინ ვითარდება, როცა გულის სისხლით მომმარაგებელი არტერიები მაგრდება და ვიწროვდება.

სტენოკარდიისთვის დამახასიათებელი ტკივილი და დისკომფორტი შესაძლოა გულ-მკერდის არეში ყრუ, მძიმე ან დაჭიმული ხასიათის იყოს. ხანდახან ეს შეგრძნება შეიძლება მარცხენა მხარში, კისერში, ყბაში ან ზურგის არეში გავრცელდეს. ჩვეულებრივ, ტკივილის პროვოცირებას ფიზიკური აქტივობა ან სტრესი იწვევს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გასტანს. ამ მოვლენას სტენოკარდიულ შეტევას უწოდებენ.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

აუცილებლად სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გულ-მკერდის არეში ტკივილი გაწუხებთ და წარსულში გულის პრობლემის დიაგნოზი არ გაქვთ დასმული.

თუ ადრე გქონდათ დასმული ამ მდგომარეობის დიაგნოზი და გაგივითარდათ სტენოკარდიული შეტევა, უნდა მიიღოთ თქვენთვის გამოწერილი წამლები (გლიცერილ ტრინიტრატი, იგივე ნიტროგლიცერინი).

თუ პირველი დოზა არაეფექტური აღმოჩნდა, მეორე დოზის მიღებას შესაძლებელია 5 წუთის გასვლის შემდეგ. თუ მეორე დოზიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, დარეკეთ ნომერზე 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სტენოკარდიის ფორმები

სტენოკარდიის 2 მთავარი ფორმა არსებობს: სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია.

  • სტაბილური სტენოკარდია - როცა სტენოკარდიული შეტევები აშკარა მაპროვოცირებელი მიზეზის (მაგ. ვარჯიში) გამო ვითარდება და ეს მდგომარეობა მედიკამენტითა და დასვენებით უმჯობესდება
  • არასტაბილური სტენოკარდია - როცა სტენოკარდიული შეტევები უფრო მოულოდნელი ხასიათისაა, აშკარა მაპროვოცირებელი მიზეზის გარეშე ვითარდება და დასვენების მიუხედავად მაინც გრძელდება.

სტაბილური სტენოკარდია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა არაა. თუმცა, ეს სიცოცხლისთვის საშიში პრობლემების, მაგალითად გულის შეტევის ან ინსულტის გაზრდილი რისკის სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანია.

არასტაბილური სტენოკარდიის სიმპტომები შესაძლოა სტაბილური სტენოკარდიის წინა ეპიზოდის შემდეგაც განვითარდეს. მიუხედავად ამისა, აუცილებელი არაა არასტაბილურ სტენოკარდიას ანამნეზში ყოველთვის სტაბილური სტენოკარდიის ეპიზოდი უძღოდეს წინ.

არასტაბილური სტენოკარდია გადაუდებელ მდგომარეობად უნდა ჩათვალოთ, რადგან ეს გულის ფუნქციის უეცარი მოშლისა და სწრაფად დაქვეითების ნიშანია, რაც თავის მხრივ გულის შეტევის ან ინსულტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს.

რატომ ვითარდება სტენოკარდია

სტენოკარდიის შემთხვევათა უმრავლესობა ათეროსკლეროზითაა/atherosclerosis გამოწვეული, რაც ცხიმოვანი ნივთიერებების-ფოლაქების დაგროვების გამო არტერიების გამაგრებასა და შევიწროებას გულისხმობს. ამ პათოლოგიას გულის სისხლმომარაგების შეზღუდვა და სტენოკარდიის სიმპტომების პროვოცირება შეუძლია.

ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ასაკი, მოწევა, სიმსუქნე/obesity და ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება ზრდის.

სტენოკარდიის მკურნალობა

სტენოკარდიის მკურნალობის მიზანი სტენოკარდიის შეტევის დროს სიმპტომების შემსუბუქება, სტენოკარდიულ შეტევათა რიცხვისა და დამატებითი გართულებების რისკის შემცირებაა.

ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე პრეპარატის გამოყენებაა შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოთ, სხვები კი ყოველდღიურად.

შევიწროებული არტერიების სტენტირება ან შუნტირება მაშინაა რეკომენდირებული, როცა სიმპტომები მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება.

გართულებები

სტენოკარდიის მქონე პაციენტების მთავარი სირთულე ათეროსკლეროზის პროგრესირებაა, რასაც გულის სისხლმომარაგების დახშობა შეუძლია, რაც თავის მხრივ გულის შეტევის პროვოცირებას იწვევს.

ამავე პრინციპით, ტვინში სისხლმომარაგების დახშობას ინსულტის გამოწვევა შეუძლია.

დადგენილია, რომ ყოველწლიურად, სტაბილური სტენოკარდიის მქონე ყოველი 100 პაციენტიდან ერთში სასიკვდილო შედეგის მქონე მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი ვითარდება, ხოლო 40 ადამიანიდან ერთში ვითარდება გულის შეტევა ან ინსულტი სასიკვდილო შედეგის გარეშე.

ამ გართულებების განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი.

მაგალითად, თუ ჭარბწონიანი ხართ და ეწევით სიგარეტს, მოწევის შეწყვეტითა/ stopping smoking და ჯანსაღი წონის მიღწევით თქვენს რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

ვის ემართება?

სტენოკარდია ასაკიან პირებში გავრცელებული მდგომარეობაა.

დადგენილია, რომ ინგლისში, 55-64 წლის 12 მამაკაციდან ერთს და 30 ქალიდან ერთს სტენოკარდია აწუხებს. ეს მაჩვენებელი 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო იზრდება და ეს პათოლოგია 7 მამაკაციდან და 12 ქალიდან ერთს აღენიშნება.

სტენოკარდია ქალებთან შედარებით, მამაკაცებში უფროა გავრცელებული.

კომენტარის დამატება